ავტორი:

როგორ და ვის მიერ შეიქმნა კონდიციონერი და რას ფიქრობენ თანამედროვე ქართველები ამ გამაგრილებელ საშუალებაზე

როგორ და ვის მიერ შეიქმნა კონდიციონერი და რას ფიქრობენ თანამედროვე ქართველები ამ გამაგრილებელ საშუალებაზე

ზაფხულია, ცხელა, ჰაერის ტემპერატურამ სერიოზულ ნიშნულს მიაღწია და ამ დღეებში ყველაზე საჭირო ნივთი ცხადია, კონდიციონერია, რადგანაც შენობაში შესაბამის ტემპერატურას სწორედ ის უზრუნველყოფს. სიცხის დროს სახლებში, ოფისებში, ავტომობილებში მისი დანიშნულება ჰაერის ტემპერატურის დაწევაა.

სიტყვა კონდიციონერი პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის "საცხოვრებელ და სხვა შენობებში ჰაერის კონდიცირების და ტემპერატურის მოწესრიგების" მეთოდზე პატენტი მოიპოვა. იდეის ხორცშესხმას დრო დასჭირდა. 1902 წელს კი ამერიკელმა ინჟინერ-გამომგონებელმა უილის ქერიერმა ნიუ-იორკში ბრუკლინის სტამბისთვის სამრეწველო მაცივარ-მანქანა შექმნა. ის ემსახურებოდა არა თანამშრომლების კომფორტს, არამედ ტენიანობას, რომელიც ბეჭდვის ხარისხზე ცუდად მოქმედებდა და მინიმუმზე დაჰყავდა. თანამედროვე კონდიციონერის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს პირველი ოთახის გამაგრილებელი საშუალება, რომელიც კომპანია General Electric-მა ჯერ კიდევ 1929 წელს გამოუშვა. სისტემაში მაცივარ-აგენტად ადამიანისათვის საშიში ნივთიერება ამიაკი გამოიყენებოდა, რომლის ორთქლი ჯანმრთელობისათვის საშიშია, ამიტომ კონდიციონერის კომპრესორი და კონდენსატორი გარეთ იყო გატანილი. 1931 წელს, როდესაც ადამიანისთვის ფრეონი უსაფრთხო გახდა, კონსტრუქტორებმა კონდიციონერის ყველა კვანძისა და აგრეგატის ერთ კორპუსში აწყობა გადაწყვიტეს. ასე გაჩნდა პირველი ფანჯრის კონდიციონერი. დიდი ხნის განმავლობაში ჰაერის ვენტილაციისა და კონდიცირების უახლეს ნოვაციებში ამერიკული კომპანიები ლიდერობდნენ, მაგრამ 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანების დასწყისში, ამ საქმეს იაპონელები დაეპატრონნენ.

ფოტო: უილის ქერიერი - ადამიანი, რომელმაც კონდიციონერი გამოიგონა

1958 წელს იაპონურმა კომპანიამ Daikin-მა პირველი სითბური ტურბო წარმოადგინა, რითაც შენობაში როგორც ცივი, ისე ცხელი ჰაერის მიწოდება ხდებოდა. 1961 წელს მისი მასობრივი წარმოება დაიწყო. ნივთი პოპულარობას თანდათან იხვეჭდა. დღესდღეობით სხვადასხვა ტიპის კონდიციონერი იწარმოება: კედლის, ჭერქვეშა, იატაკის და დაკიდულ ჭერში ჩამონტაჟებული... 1981 წელს კომპანია Toshiba-მ პირველი სისტემა წარმოადგინა, რომელსაც საკუთარი სიმძლავრის თვითრეგულირება შეეძლო, 1998 წელს კონდიციონერებმა იაპონიის ბაზრის 95% დაიკავეს.

ეს ეპიზოდები კონდიციონერის ისტორიიდან გახლავთ, ახლა რას ფიქრობენ თანამედროვე ქართველები ამ გამაგრილებელ საშუალებაზე. ზოგი მის გამომგონებელს ლოცავს, ზოგი აძაგებს, თუმცა ნივთს ამით მაინც არაფერი აკლდება, წლებთან ერთად, მეტ პოპულარობას იძენს, მაგრამ მისი უდიერი გამოყენება, როგორც სამედიცინო წრეების წარმომადგენლები ამბობენ, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამისთვის კი საჭიროა გარკვეული წესების დაცვა - დღის განმავლობაში, ცოტა ხნით აგრეგატი უნდა გამოირთოს, თუნდაც იმ მიზნით, რომ მექანიზმმა დაისვენოს, მისი გამორთვისას შენობაში ფანჯრები უნდა გაიღოს, რომ სივრცე ჰაერის ახალი ნაკადით შეივსოს, რომელიც ნახშირორჟანგით არის სავსე, კონდიციონერის ფილტრები წელიწადში რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს, ან გაირეცხოს. ოთახში ეს ნივთი ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ ადამიანები მისი დამიზნებული ჭავლის ქვეშ არ მოხვდნენ.

მარიამ ხუგაშვილი, ფილოლოგი: მთავარია, ვიცოდეთ, ეს ნივთი სწორად როგორ მოვიხმაროთ, თორემ მის კეთილ თვისებას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, იმაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ კარგ საქმეს აკეთებს. ხოლო თუ გამაგრილებელი საშუალება, რომელიც პირდაპირ გიბერავს და შენზე ზემოქმედებს, ჯანმრთელობისთვის დამანგრეველია. კონდიციონერი ისეთ ადგილას უნდა იყოს განთავსებული, რომ მისი ცივი ნაკადი დამიზნებით არავის უბერავდეს. თუ ასე არ არის, მისი გამოყენება დიდი დოზით, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასეთ დროს ცუდად ვხდები, თავის ტკივილი მეწყება და ზუსტად ვიცი, რომ ამას კონდიციონერი იწვევს. სახლშიც მაქვს გამაგრილებელი საშუალება, მაგრამ ძალიან დოზირებულად ვიყენებ. თუ ვიცი, რომ სახლიდან გასასვლელი ვარ, გასვლამდე ერთი საათით ადრე, ვთიშავ. იმისთვის, რომ გარეთ არსებულ ტემპერატურას შევეგუო, გრილი ოთახიდან მაშინვე საშინელ სიცხეში ვერ გავალ.

ელზა წიკლაური, BPN-ის რედაქტორი: - რა თქმა უნდა, ცხელ ზაფხულში, როდესაც ოფისის პირობებში მუშაობ, მნიშვნელოვანია კომფორტი, რადგანაც ზაფხულის სიცხეში ასეთი კომფორტის შემქნელი გრილი გარემოა. ეს საქმიანობის პროდუქტიულობას ზრდის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გონებრივად მუშაობ. ამიტომ, აუცილებელია და მომხარე ვარ, ოფისებში სიგრილე იყოს, თუმცა სპეციალისტები არ გვირჩევენ კონდიციონერის გარემოში დიდი ხით დარჩენას, მაგრამ მას ჩემზე უარყოფილი გავლენა ნამდვილად არ აქვს. სიგრილეში ყოფნა მირჩევნია, სიცხეში, ხომ ვამბობ, ჩემი პროდუქტიულობა ნულს ქვემოთ ეცემა.

სოფო მინაშვილი, დიზაინერი: ყველა ოფისსა და დახურულ სივრცეში, სადაც კონდიციონერს იყენებენ, არის პრობლემა - ზოგს კონდიციონერთან ახლოს უწევს ჯდომა, ზოგს - შორს, თანაბრად არ არის ხოლმე რაღაცები გადანაწილებული. ვისაც კონდიციონერთან ახლოს ჯდომა უწევს, მუდმივ თავისტკივილს უჩივის, სივრცეში ჟანგბადი გაიშვიათებულია, დგას სპეციფიკური სუნი, რადგან ოთახი არ ნიავდება. ამასთან, მუდმივად სიცივის შეკავება გვიწევს. პირადად მე, ამის გამო სულ დაძაბული მაქვს სხეული. პრობლემა ის არის, რომ არ ხდება სტანდარტების დაცვა, თუ როგორ უნდა იყოს კონდიციონერი დამონტაჟებული. მოკლედ, შესაბამისი წესების დაცვა არ ხდება და ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა.

ლალი ვეზირიშვილი, პედაგოგი: - ეს საკითხი ზოგადად ოფისის პირობებში ყოველთვის სადავოა. არიან თანამშრომლები, რომლებიც ამას სიამოვნებით იღებენ და პირიქით, რომლებსაც დისკომფორტი ექმნებათ. წინააღმდეგობრივი თემაა, მე უფრო ნეიტრალურ პოზიციას დავაფიქსირებდი. როცა მცხელა, ჩემთვის ჩართული კონდიციონერი სასიამოვნოა. რაიმე რადიკალური პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, როცა ძალიან ცხელა, ეს საშუალება ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.

თაკო ესებუა, ოპერატორი: - იმდენად არ მიყვარს და ვერ ვუძლებ სიცხესა და ჩახუთულობას, რომ კონდიციონერი ზაფხულის პერიოდში ჩემთვის ბედნიერებაა. ვიცი, რომ ბევრი ცუდი თვისებაც აქვს და არც ისე კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სიცხეში როგორც ბევრი სხვა, მეც ქმედუუნარო ვხვდები და როცა სხვა გზა არ მაქვს, კონდიციონერი მირჩევნია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ