განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულით ახსნა. შესაბამისად, განახლდა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესიც, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა გამომცემლობები ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ "პალიტრა L"-ი უკვე სამი წელია ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობს, რომელიც თანამედროვე სწავლების მოთხოვნებზეა მორგებული და მაგალითად, საზეპიროების გარეშე აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას მისთვის აუცილებელი ინფორმაცია გაიაზროს და მიიღოს. სწავლების რა მეთოდიკით შეიქმნა წიგნები და რამდენად მისაღები იქნება ისინი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, გვესაუბრება ლია შავლაშვილი, გამომცემლობა „შემეცნების“ დირექტორი:
- სახელმძღვანელო-კომპლექტის I, II, III და IV კლასებში მოსწავლეები ეცნობიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლებს. სწავლობენ სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგს, ეცნობიან ხელოვნების ნიმუშებს, გარკვეული წარმოდგენები ექმნებათ ფერზე, ფორმაზე, კომპოზიციის და სივრცის ელემენტებზე, მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვიძებას და გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სახელმძღვანელო-კომპლექტი "ხელოვნება და შემოქმედება" უვითარებს ბავშვებს ფანტაზიას, თვალსაწიერს, მხატვრულ გემოვნებას და ესთეტიკური ტკბობის უნარს. აგრეთვე ზოგად უნარებს, როგორცაა დაკვირვება, მეხსიერება, წარმოსახვა, ყურადღება, ნებისყოფა, სამეტყველო ლექსიკის გამდიდრება, თანამშრომლობის უნარი. სასწავლო კურსი მიზნად არ უნდა ისახავდეს პროფესიონალი მხატვრის მომზადებას. უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია, განვავითაროთ ბავშვის შემეცნების, შემოქმედებისა და მოვლენის არსის გაგების უნარი. ყოველი გაკვეთილი ბავშვისთვის არის სახალისო და სასიამოვნო. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ აღიქვამს, ეცნობა, სწავლობს მშვენიერების აღქმას როგორც ხელოვნებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. V და VI კლასებში სახელმძღვანელო ეყრდნობა და აგრძელებს წინა წლების (I-IV კლ) სახელმძღვანელოს პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს. სახელმძღვანელო მთლიანად ეყრდნობა ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებსა და მოთხოვნებს, ითვალისწინებს ამ ასაკის მოსწავლეთა უნარებს, შესაძლებლობებსა და ინტერესებს. მოსწავლეებს უმუშავდებათ დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობის, თანამშრომლობის, სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, ინტერესის, ინდივიდუალური და ჯგუფური პასუხისმგებლობის, საკუთარი და სხვა ნამუშევრის შეფასების უნარები.
სახელმძღვანელოებში ნაჩვენებია ის გრძელი და საინტერესო გზა, რომელიც განვლო ხელოვნებამ ისტორიის მანძილზე, პირველყოფილი ადამიანის კედლის (მღვიმეების) მხატვრობიდან თანამედროვე ხელოვნებამდე. ყოველი ეპოქის ხელოვნების შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს – მეცნიერების მიღწევებს, მუსიკალურ და ლიტერატურულ ნიმუშებს, ვარცხნილობას, ჩაცმულობას. აგრეთვე, ქვეყნების შესახებ მოკლე ისტორიულ და გეოგრაფიულ ცნობებს. ავტორების მიზანი არ არის პროფესიონალი მხატვრის, მოქანდაკის ან არქიტექტორის აღზრდა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას შეუძლია განივითაროს მშვენიერების დანახვის და აღქმის უნარი. ამისთვის აუცილებელია გარკვეული ცოდნის მიღება, უნარ-ჩვევების გამომუშავება და გემოვნების ჩამოყალიბება. სწორედ ამას შეუწყობს ხელს ჩვენი სახელმძღვანელო-კომპლექტი "ხელოვნება და შემოქმედება".
სახელმძღვანელოების ავტორები: I კლასი, II კლასი, III კლასი - ჯანა (დარეჯან) კახიანი, ლია გორგაძე, თამარ კიკნაძე, მედეა ჩუბინიშვილი IV კლასი, V კლასის, VI კლასის მოსწავლის და მასწავლების წიგნები - ჯანა (დარეჯან) კახიანი, თამარ კიკნაძე, ქეთევან დავლიანიძე.