რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - გეოლოგები მიზეზებზე საუბრობენ

რამ გამოიწვია სტიქია ჭუბერში - გეოლოგები მიზეზებზე საუბრობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც ჭუბერში იმყოფებიან, სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ხეობაში ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

„რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი დაემთხვა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ნენსკრას მარჯვენა შენაკადის მდინარე ოკრილას დაგუბება. რამდენიმე უბანზე ჩაიხერგა მყარი მასა. შემდგომ ეტაპზე კი ის გაირღვა და წყლის ნაკადი დაგროვილ მასასთან ერთად, კალაპოტიდან გადმოვიდა. ეს ყველაფერი ღვარცოფულ ნაკადში გადაიზარდა. კალაპოტმა ვერ გაატარა ეს დიდი მასა და დასახლებულ პუნქტში გადმოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა გამოიანგარიშეს, რომ ეს იყო წყლის ხარჯის ისტორიული მაქსიმუმი, რაც ყოფილა ნენსკრას ხეობაში. სტიქიასთან არანაირ კავშირში არ არის ჰესების მშენებლობა. სტიქიას ხელი შეუწყო ტყის მასივების უსისტემო ჭრამ. როგორც ამ ხეობაში და სხვაგანაც ამ პროცესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს და ეს სტიქიის მაპროვოცირებელია“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო და ისეთი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, როგორიც 5 ივნისს დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ჭუბერში რჩებიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ