ავტორი:

სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში

სად დაისვენებთ 500 ლარად ერთი კვირით - იაფი და ძვირიანი კურორტები საქართველოში

ზაფხული ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს, ცხოვრების დამღლელ რიტმს გაექცეს. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი - სად გავატაროთ შვებულების დღეები?

AMBEBI.GE დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა წელს, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანმა ერთი კვირით საქართველოს რომელიმე კორურტზე 500 ლარად დაისვენოს.

როგორც ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა აღნიშნა, ამ ფასად შესაძლებელია დასვენება, თუმცა, მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროებია განთავსებული.

ამ მხრივ კი არჩევანი საკმაოდ დიდია, როგორც მთაში, ისე ზღვაზე. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი დღე-ღამეში 20-50 ლარამდე მერყეობს და ხშირად, საუზმესაც ითვალისწინებს.

"500 ლარად ერთი კვირით დასვენება ნამდვილად შესაძლებელია, როგორც სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, ისე შავი ზღვის სანაპიროზე, ოღონდ თუ სასტუმროს ზღვიდან ცოტა მოშორებულ ტერიტორიაზე მოძებნით. ასე რომ, დაახლოებით 500 ლარად ადამიანი დასვენებას ძალიან ბევრ ადგილას შეძლებს საქართველოში" - უთხრა AMBEBI.GE-ს თაბაგარმა. მისივე თქმით, წელს კურორტებზე ფასების ზრდა არ შეიმჩნევა და შარშანდელის ანალოგიურია.

"ჩვენი დაკვირვებით სასტუმროებში ფასები არ გაძვირებულა. უმეტეს ადგილებში იგივეა, რაც შარშან იყო. ახლა აჭარის სეზონის ბუმია, როგორც წესი, სეზონის დასაწყისში არის მაღალი ფასები და მერე რეგულირდება. თუმცა, 500 ლარად ბათუმში და კვარიათში დასვენება შეუძლებელია - იქ სასტუმროები ძვირია. მაგრამ გონიოს ზედა მხარეს შეიძლება რაღაც გამოიძებნოს.

ამ ფასში, მაგალითად, გუდაურში და ბაკურიანშიც ვერ მოახერხებთ დასვენებას, რადგან იქაც აქცენტი მაღალი დონის და შესაბამის ძვირიან სასტუმროებზე კეთდება. ასევეა კახეთი, იქაც დასვენება ძვირია რადგან საოჯახო ტიპის სასტუმროები არ არის. ხოლო 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენება საკმაოდ ძვირია“, - გვითხრა თაბაგარმა. მისივე თქმით, ერთი კვირით ბათუმში დასვენებისთვის დაახლოებით 1000 ლარია საჭირო.

საქართველო მდიდარია კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებით. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია. არსებობს სამკურნალო მიმართულების 2 400-ზე მეტი მინერალური წყალი, ამას გარდა, ქვეყანაში 103 კურორტია. ამგვარად, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამსვენებელს დიდი არჩევანი აქვს. საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფასების მხრივაც.

მათ, ვისაც აქტიური დასვენება სურთ, შეუძლიათ შიდა ტურებით ისარგებლონ. არაერთი ტურ-ოპერატორი მსურველს რამდენიმედღიან ტურებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ისტორიული ადგილების მონახულება და გართობა. მაგალითად, სამდღიანი ტურები თუშეთსა და სვანეთში, საშუალოდ 150-250 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, გომის მთაზე 2-დღიანი დასვენება 60 ლარი დაგიჯდებათ.

პროექტ „აღმოაჩინე საქართველოს“ შიდა ტურების მენეჯერი ნინო ჩიკვილაძის თქმით, საქართველოში დასვენება ერთი კვირით ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა დამსვენებელი თუ საოჯახო ტიპის სასტუმროთი ისარგებლებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს, მაშინ თითქმის ყველა რეგიონში შეძლებს ერთი კვირით 500 ლარად დასვენებას, შატილისა და თუშეთის გარდა.

"საქართველოში დასვენება ძალიან ძვირი ჯდება. მაგალითად, გუშინ ერთ მომხმარებელს დასვენება უნდოდა თუშეთში და როგორც დავითვალეთ 2-დღიანი დასვენება უჯდება 240 ლარამდე. ეს რომ დავთვალოთ ერთ კვირაზე, გამოვა ათას ლარზე მეტი. ასე რომ, ამით თუ ვიმსჯელებთ საქართველოში დასვენება იაფი არ ჯდება, თუმცა შესაძლებელია საოჯახო ტიპის სასტუმროს მოძებნა, მაგალითად ბორჯომში და რაჭაში, თუ, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი საქალაქთაშორისო ტრასნპორტით გაემგზავრებიან.

ზოგადად საოჯახოს ტიპის სასტუმროების ფასი 20 ლარიდან იწყება და რა თქმა უნდა, მასში კვება არ შედის. კვების შეთხვევაში ცალკე დაემატება დაახლოებით ამდენივე თანხა. საქართველოს ზღვისპირეთში დასვენება იაფი ნამდვილად არ ჯდება. მაგალითად, ქობულეთში და ურეკში დაბალ ვარსკვლავიან სასტუმროშიც კი, ერთი ღამე 150 ლარამდე ღირს და მასში კვება არ შედის.

500 ლარად ასევე დასვენება შესაძლებელია გურიაში, ბახმაროს მთაზე. მანდ არის კოტეჯის ტიპის სასტუმროები და ადგილობრივები ძვირად არ აქირავებენ. ასევე პანკისშიც შეიძლება დასვენება. მოკლედ რომ ვთქვათ, საოჯახო ტიპის სასტუმროების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით დასვენება, იაფად თითქმის ყველგან შეიძლება", - უთხრა AMBEBI.GE-ს ნინო ჩიგვილაძემ.

ფოტო: გიორგი ნიკოლავა, რომან თოლორდავა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ