"დღეს ბრალს წამიყენებენ"- ზვიად კუპრავა პოლიციის სამმართველოშია დაბარებული

"დღეს ბრალს წამიყენებენ"- ზვიად კუპრავა პოლიციის სამმართველოშია დაბარებული

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოშია დაბარებული.

როგორც ზვიად კუპრავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალს წაუყენებენ. კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ, თუმცა ბრალდებას თავად უარყოფს.

„კადრები გავრცელდა, როცა მე საჭმელს ვჭამ და პოლიცია ცდილობს ხელი შემიშალოს ამაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. თითქოს, ჩემი მხრიდან რაიმე უპატივცემულობა იყო სასამართლოს მიმართ. თავად პოლიციელების მხრიდან იყო უპატივცემულობა. მე ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოზე დავიკითხე, დღეს უკვე ოფიციალურად ბრალს მიყენებენ. ეს ხომ იმ პოლიციელების გადაწყვეტილი არაა, ვინც მე მირეკავს? ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. ის ახლა აგონიაშია, უშვებს შეცდომებს. მან დაინახა კარგად, რომ ერთ დღეში მოვუხსენით პროკურორი, ჩამოვუშალეთ მთელი მთავრობა, მოვუხსენით პრემიერ-მინისტრი. შოკშია კაცი, რა ქნას არ იცის და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ფიქრობს, რომ ჩემი ციხეში ჩამწყვდევით ეს პროცესები გაჩერდება. ეს ასე არ არის. ჩემი დაჭერით ეს პროცესები არ გაჩერდება, რადგან შეუქცევადია“, - განაცხადა კუპრავამ.

ზვიად კუპრავამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მიიტანს ვიდეოს, რომელიც მის „ზონდერობასთან“ დაკავშირებით გავრცელდა. კუპრავა აცხადებს, რომ ის ამ ვიდეოში არ არის.

„თქვენ იცით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელისუფლებო პიარ მანქანა მებრძოდა. ჩემს მიმართ იყო ძალიან სერიოზული შავი პიარი. აკეთებდნენ სხვადასხვა ვიდეოებს და ავრცელებდნენ ინტერნეტის მეშვეობით. იცით, ალბათ, ჩემი ცნობილი „ზონდერ ვიდეო“, რომელსაც აწერია, რომ აქ მონაწილეობს ზვიად კუპრავა. მე ამ ვიდეოს დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიტან. მე არ ვარ ამ ვიდეოში. არ ვარ ის პიროვნება, რომელზეც ამბობენ ზვიად კუპრავააო. ფიზიკურად არ ვყოფილვარ 26 მაისს და არცერთი ფორმით მონაწილეობა არ მიმიღია. რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, ორ კვირაში იქნება ექსპერტიზის დასკვნა. ამ ექსპერტიზის პასუხს, რომ ავიღებ, დავახვევ და ეკა ბესელიას და სოფო კილაძეს სასამართლოზე გავაცნობ“, - განაცხადა კუპრავამ.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

გუდაური საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?