გადაუღებელი წვიმების გამო იაპონიაში წყალდიდობებსა და მეწყერს სულ მცირე 75 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის სამაშველო სამსახურები იუწყებიან.
მანამდე იაპონურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მ 85 გარდაცვლილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰიროშიმასა და ეჰიმეს პრეფექტურებშია. სტიქიამ სულ 8 პრეფექტურა დააზარალა.
ჰიროშიმაში მდებარე ქალაქ საკაში გადაღებულ ფოტოებზე ტალახში ჩაფლული მანქანები ჩანს.
კაზუჰიკო ონომ, რომელსაც ჰიროშიმაში მეორადი წიგნების მაღაზია აქვს, წვიმის დაწყების შემდეგ სახლში დაბრუნება ვერ შეძლო. მისმა ცოლმა ბავშვები სახლის მეორე სართულზე აიყვანა, რადგან ქვედა ნაწილი და მაღაზია მთლიანად წყლით დაიფარა.
„მეორად წიგნებს ვყიდი. ძალიან გული მწყდება, უამრავი წიგნი დავკარგე, ვეღარასოდეს ვიპოვი ამ გამოცემებს,“ - ამბობს ონო.
მეწყერმა და წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა ამავე პრეფექტურაში მდებარე ქალაქი კაიტა.
„საშინელება იყო, ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ამ ქალაქში 70 წელზე მეტია ვცხოვრობ, მაგრამ პირველად ვნახე ასეთი ძლიერი წვიმა,“ - ამბობს CNN-თან კაიტაში მცხოვრები იუიჩი ტადა.
ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე გიფუს პრეფექტურაში მდინარე ადიდდა და ახლოს მდებარე გზები დატბორა, დაზიანებულია სახლებიც.
ოკაიამასთან ახლოს, კურაშიკიში ჯარისკაცებს სახლებიდან ასაკოვანი ხალხი გამოჰყავთ და მცირე ზომის ნავებში სვამენ. ასობით სახლი დაინგრა და დაზიანდა.
NHK-ს ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში მოსულმა ნალექმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ხელისუფლება ხალხს აფრთხილებს, რომ სტიქიის ზონებში, სადაც მეწყრის, წყალდიდობისა და ძლიერი ქარის საფრთხეა, მათი სიცოცხლე რისკის ქვეშაა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 54 ათასი ადამიანია ჩართული.