ავტორი:

ვინ იყვნენ ხიშბა და სიგუა, რომელთა გვარებიც აფხაზებმა "ქართველების შავ სიას" უწოდეს?

ვინ იყვნენ ხიშბა და სიგუა, რომელთა გვარებიც აფხაზებმა "ქართველების შავ სიას" უწოდეს?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ომის ვეტერანთა ორგანიზაცია, “არუუამ”, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე” საპასუხოდ, აფხაზეთის “პარლამენტს” „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა, რომელშიც, 26 ადამიანი მოხვდა და რომლებიც, ვეტერანთა ორგანიზაციის განცხადებით, “სამხედრო დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობდნენ...”

“ხიშბა-სიგუას სიაში” მოხვდენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები - ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და გია ყარყარაშვილი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, ბრიგადის გენერალი მამუკა ყურაშვილი, “ტყის ძმების” ლიდერი - დავით შენგელია, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავა და სხვები...

ვინ იყვნენ ხიშბა და სიგუა?

ალიკ ხიშბა გალის მილიციის უფროსი იყო. მისი ცხედარი, 2006 წლის 26 დეკემბერს, სოფელ განმუხურში იპოვეს. ის სამსახურის მანქანაში, УАЗ-ში- ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩაცხრილული... აფხაზეთში მაშინდელი ე.წ. შს მინისტრის, ოთარ ხეციას თქმით, ხიშბას თანამშრომელი თოფურია, უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული და ამ საქმის ავტორი საქართველის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ალიკ ხიშბა და მისი ე.წ. თანამშრომლები, ჩვეულებრივი რეკეტიორები იყვნენ - ინაწილებდნენ თხილისა და ციტრუსის ბიზნესს. ჰქონდათ ნარკოტიკებისა და იარაღის არალეგალური ბიზნესი, მონაწილეობდნენ და წილებს იღებდნენ ადამიანის გატაცებაში... ამ საქმეებში მათთან ერთად კოორდინირებულად მუშაობდა, დე ფაქტო შსს რაიონული განყოფილების უფროსი ლაურენს კოღონია...

ხიშბას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს, საკუთარ მანქანაში ააფეთქეს მილიციის თანამშრომელი და ასევე სისასტიკით ცნობილი, ოთარ ტურნანბა, მეორე “მილიციელი”, ოთარ გოგოხია კი, თავის არეში მიღებული მძიმე ჭრილობებით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა... მაშინ ამ ფაქტს დე ფაქტო აფხაზეთის ხელმძღვანელობამ “ტერაქტი” უწოდა და ამის შემდეგ, გალის მოსახლეობაზე კიდევ უფრო დიდი წნეხი დაიწყო, რადგან აფხაზური მედიის ცნობით, მთავარი ინფორმატორები და დამნაშავეების შემფარებლები ისინი იყვნენ...

რაც შეეხება, დავით სიგუას, ის 2007 წლამდე, მის გაუჩინარებამდე, გალის რაიონის ადმინისტრაციის განყოფილების გამგე იყო და მისი მუშაობის წლებში რაიონში მომხდარი საქმეების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც. აფხაზური მხარის თქმით, ქართველმა სპეცსასახურებმა, დავით სიგუა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. გალის რაიონში აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენლის, რუსლან ქიშმარიას თქმით (რომელიც უკვე გარდაცვლილია და სიკვდილამდე თბილისში მკურნალობდა, თუმცა, დაავადების სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა), იგი "საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც მოკლეს კიდეც..."

მოგვიანებით, 2013 წელს, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სტანისლავ ლაკობა აცხადებდა, რომ “საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, ქართველი სამართალდამცავები ნათელს მოჰფენენ 2007 წლის 3 თებერვალს გალის რაიონიდან გაუჩინარებული ეთნიკური ქართველის, აფხაზეთის მოქალაქისა და გალის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გაუჩინარების საკითხს, რომელიც არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშიც შევიდა...“

თუმცა, ლაკობა ასევე დასძენდა, რომ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ეჭვობენ, რომ დავით სიგუა გატაცებული და მოკლული იყო. აფხაზური მხარე ირწმუნებოდა, რომ დავით სიგუა, 2007 წლის 11 თებერვალს, გალის რაიონში დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით გაიტაცეს, თუმცა, მეორე ვერსიით, ქართული დივერსიული ჯგუფი არაფერ შუაში იყო და ის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებმა გააქრეს, რადგან ხაჯიმბას მთავარი მოწინააღმდეგისა და მაშინდელი პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ერთგული იყო და ხაჯიმბას ხალხი ამას ვერ ეგუებოდა...

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."