ავტორი:

სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!

სომხეთში “ქურდული სამყაროს” აღსასრული იწყება?!

სომხეთში რეფორმების დაანონსებისა და ყოფილი თუ ჯერაც მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებების კვალდაკვალ, ფაშინიანის ხელისუფლება არანაკლებ რისკიან საქმეს - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა.

“კვლავ პარალელები მეზობელ საქართველოსთან, გზა, რომელიც მეზობელმა ქვეყანამ 15 წლის წინ გაიარა და საკმაოდ წარმატებით. ვნახოთ, რა იქნება სომხეთში, სადაც ლამის ყველა ეზოსა და სადარბაზოში კრიმინალური ავტორიტეტი და “კანონიერი ქურდი ცხოვრობს...” – წერს სომხური მედია და ახალი ხელისუფლებაც სტარტს იღებს.

“ქურდებს სიცოცხლე და გამარჯვება!” - ეს არის ფრაზა, რომელიც სომხეთისთვის წლებია აქტუალობას არ კარგავს... მართალია, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოსახლეობაში კრიმინალური ავტორიტეტები შემცირდნენ, თუმცა, ქვეყანა ე.წ. ქურდების გარეშე არ დარჩენილა, - ბოლო წლებში სომხეთში ბიზნეს, პოლიტიკური თუ პირადი საქმეების “ქურდულად” გადაწყვეტა ჩვეულებრივი გახდა.

თუმცა, ბოლო მოვლენების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სომხეთში “აყვავებულ ქურდულ სამყაროს” წერტილი დაუსვას, - ქვეყანაში დიდი წმენდა იწყება” – წერს სომხური მედია და დასძენს, რომ მათ ალბათ 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოდან წასული კრიმინალების მიერ გზა გაკვალული ექნებათ.

ადგილობრივი ჟურნალისტი ელენა ბაბაიანი ახლა იქ მიმდინარე პროცესებს განიხილავს და ამბობს, რომ ახლა პოლიცია ადგილობრივი ე.წ. კანონიერი ქურდების მდიდრულ სახლებში რეიდებს იწყებს.

“ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ზუსტად ათი დღის შემდეგ, პოლიციელებმა “თავაზიანი ვიზიტები” დაიწყეს მთელი ქვეყნის მასშტაბით “ქურდების” სახლში და მათ “პროფილაქტიკური გასაუბრებები შესთავაზეს... საუბრის დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა, ავტორიტეტებს აუხსნეს, რომ ახალ სომხეთში კოდექსი მათზე მორგებული ვერ იქნება,” – წერს ჟურნალისტი.

მისივე ცნობით, რამდენიმე დღის შემდეგ, ადგილობრივი ე.წ კანონიერი ქურდები ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში შეიკრიბნენ, თუმცა, პოლიციამ მათ “ღონისძიების” დასრულება არ აცადა, ისინი დააკავა და სპეცოპერაციის ვიდეო გამოაქვეყნა. დაკავებულთა სახეები დაფარული იყო, თუმცა, ისედაც ყველამ იცოდა, იმ “აქტიური” ავტორიტეტების გვარ-სახელები, ვინც გამოსავლის ძიებაში იყო.

ჟურნალისტი იმ ათზე მეტი ე.წ. კანონიერი ქურდის გვარებს აქვეყნებს, ვის სახლშიც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და ვინც “სასაუბროდ” დაიბარა, მათ შორის არიან ყველაზე გავლენიანები: სამუელ არუთიანიანი – იგივე მანეტი ტხა სამო; რაფაელ ხოეციანი - იგივე, აფო; ჟირიარ ბრუტიანი – იგივე, ჟირო შაუმიანსკი; სურენ ავეტისიანი - იგივე სურო ლენინაკანსკი; ერვანდ ვოსკანიანი – იგივე, ერო მეცამორსკიი; შალიკო მანუჩარიანი - იგივე, შალო; ვირაბ გასპარიანი - იგივე ვირაბიკი; რუბენ კოსტიანინი - იგივე, ბოგო;

საქმე ის არის, რომ დიალოგის შეთავაზებამ მაინცდამაინც არ გაამართლა, 20 ივნისს თითქმის ყველა მათგანთან სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლები ისევ მივიდნენ და ეს სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში აჩვენეს, ისე, რომ მათი სახეები ჩანდა, ასეთი რამ სომხეთში პირველად მოხდა... შედეგად, რამდენიმე მათგანი დააკავეს - მიზეზი, ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელიც კი იყო - ზოგს უკანონო იარაღი უპოვეს, ზოგს მარიხუანა, ზოგსაც სააფთიაქო ნარკოტიკი... ორ მათგანს, ანდრო ხრომომსა და ალო შაუმიანსკის ნარკოტიკების შენახვის მუხლით ბრალიც წაუყენეს.

“ქურდული ერევანი”

ადგილობრივი მედიის თქმით, ახალ თაობაში კრიმინალური ავტორიტეტების რომანტიზება წინა თაობის ცხოვრების წესის შედეგია. მწერალ-კრიმინალისტი ლევონ სოგომონიანი თავის მემუარებში სომხეთის დედაქალაქის აღწერისას წერდა, რომ “კანონიერი ქურდი ან კრიმინალური ავტორიტეტი ლამის ყველა ეზოსა და სადარბაზოში ცხოვრობდა...” მისივე მოსაზრებით, ასე ხდებოდა 1930-40-იან წლებშიც, თუმცა, მაშინ “ბინძური ომები” არც ისე გავრცელებული იყო.

გასული საუკუნის ბოლო წლებში, სომხეთში არც ისე ბევრი, თუმცა ქურდული სამყაროს “გენერლები” შემორჩნენ. მაგალითად: კარლენ ტომასიანი - იგივე, გიჟ კარლენი; მაელს მიკირტიჩიანი - იგივე, კნდო; ვარდეკს ასლანიანი - იგივე ციპო ვარდკესი; რაფინ ხეოციანი - იგივე, ხოი; რაფიკ პილოიანი - იგივე, მკანი; ვაზგენ ნარსისიანი – იგივე ვზგო; მათი გავლენები არამხოლოდ საბჭოთა ქვეყნებში, მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა.

თუმცა, ბოლო წლებში რამდენიმე მათგანს, ე.წ. კანონიერი ქურდის “სტატუსის” დათმობა მოუხდა. “მათგან ერთ-ერთი - ვზგო, 19 წლის “მონათლეს”, ის თითქმის 80 წლის გარდაიცვალა და “სტატუსი” კუბოს კარამდე ატარა..." - წერს სომხური მედია და დასძენს, რომ სომეხი კრიმინალებიც იგივე მეთოდებით მუშაობდნენ, როგორც დანარჩენები - პოსტსაბჭოთა კავშირსა და დანარჩენ მსოფლიოში “მფარველობდნენ” ბიზნესს, აგვარებდნენ კონფლიქტებს ციხეებსა და გარეთ, აგროვებდნენ ე.წ. ობშიაკს და მიუყვებოდნენ ე.წ. ქურდულ კოდექსს... სომხეთში მათი გვარ-სახელები ნაკლებად ხმაურდებოდა, თუმცა მათი საცეცების შესახებ ყველასთვის ცნობილი იყო.

მაგალითად, ე.წ. კანონიერი ქურდი ანდრანიკ სოღოიანი, იგივე ზაპ ლენინაკანსკი, რომელიც წარმოშობით ლენინაკანიდან არის და ქვეყანაში ყველაზე დიდი გავლენებით სარგებლობს, ამჟამად სომხეთში არ იმყოფება, თუმცა, მისი საქმეების შესახებ ცნობილია - სოღოიანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სომხეთის პოლიციის ყოფილ უფროსთან ვოვა გასპარიანთან და კრიმინალური წრეები მას “სახელმწიფო ქურდად” მოიხსენიებდნენ.

საგრსიანის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ძალოვანი სოღოიანს ყველაფრის კონტროლის უფლებას აძლევდა, მეტიც, სინთეთიკური ნარკოტიკის წილში იყო და კანონთან პრობლემა არასდროს ჰქონია... ამასთან, სოღოიანის გვარი ფიგურირებდა ე.წ. კანონიერი ქურდის, “დათო პანკისკის” ორგანიზებულ მკვლელობაში. "პანკისკი" საქართველოს მოქალაქე, დუისში დაბადებული დავით ალხანიშვილი იყო, რომელიც სტამბოლში, 2017 წლის 22 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მართალია, სოღოიანი ცდილობს არასდროს არსად გამოჩნდეს, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც გარღვევები მაინც აქვს - 2014 წლიდან ჩეხეთის ხელისუფლებამ შეკვეთილი მკვლელობების და ადამიანთა გატაცების გამო მის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გამოსცა.

სომეხი ჟურნალისტების თქმით, "ზაპ ლენინაკანსკის" მარჯვენა ხელი ვოვა გასპარიანი და მისი გარემოცვა ახლა გათავისუფლებულია, თუმცა, აშკარაა, რომ ეს საკმარისი არ არის - ისინი უნდა გასამართლდნენ. კიდევ ერთი ვერსიით, სოღოიანს სომხეთის დატოვება სხვა “კანონიერ ქურდებთან” დაპირისპირების გამო მოუხდა - კრიმინალები შეთანხმდნენ, რომ ზაპი თავის კავშირებს გამოიყენებდა და დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში ერევნის ციხეში იყო, დაიცავდა, თუმცა, ის ხელისუფლებას გაურიგდა და ე.წ. კანონიერი ქურდები მოატყუა.

სომხური მედიის ცნობით, როდესაც მოსახლეობა სერჟ სარგსიანის გასამართლებაზე საუბრობს, ზოგს გადაჭარბებული ეჩვენება, არადა, ყველა კრიმინალის უკან იდგა “სახელისუფლებო მფარველი” და ისინი ერთად აგვარებდნენ მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, ხრომოი ანდო, რომელიც ბოლო რეიდის დროს დააკავეს, ასევე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ გენერალთან, მანუელ გრირიანთან ახლობლობდა, რომელსაც ადგილობრივი საზოგადოება ყარაბაღის ომის შედეგად გამდიდრებაში ედავება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე