როგორ აღმოჩნდნენ ტაილანდელი ბიჭები დატბორილ მღვიმეში - მედიასთან მათ პირველად ისაუბრეს

როგორ აღმოჩნდნენ ტაილანდელი ბიჭები დატბორილ მღვიმეში - მედიასთან მათ პირველად ისაუბრეს

მღვიმიდან ევაკუირებული 12 ტაილანდელი ბიჭი მწვრთნელთან ერთად დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა. CNN-ის ინფორმაციით, მათ საავადმყოფო დღეს დატოვეს, მოგვიანებით კი პრესკონფერენცია გამართეს.

ბიჭები ბედნიერები და დასვენებულები ჩანდნენ. საფეხბურთო გუნდ „გარეული ტახების“ წევრებმა მედიას საკუთარი თავი, სახელები და ზედმეტსახელები გააცნეს.

ბიჭებთან ერთად იყო მაშველიც, რომელიც მღვიმეში მათთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

14 წლის არდოონ სემ-აონმა, რომელიც ბრიტანელი მაშველების მიერ მღვიმეში გადაღებულ ვიდეოში ინგლისურად საუბრობს, ისაუბრა ემოციის შესახებ, როდესაც ბიჭებს მყვინთავებმა მიაგნეს.

არდონი მეგობრებთან ერთად გასასვლელის ძებნით იყო დაკავებული, როდესაც რამდენიმე ბიჭმა ადამიანების ლაპარაკის ხმა გაიგო.

გუნდის მწვრთნელმა, 25 წლის ეკაპოლ ჩანტავონგმა, რომელის ცნობილია, ასევე, სახელით აკე, ბიჭებს მოუწოდა, გაჩუმებულიყვნენ.

როდესაც ბრიტანელი მყვინთავები გამოჩნდნენ, არდონის თქმით, ისეთ შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ „გამარჯობის“ თქმა მოახერხა.

რატომ შევიდნენ ბიჭები მღვიმეში

აკე მედიის კითხვაზე ამბობს, რომ ბიჭებს ძალიან აინტერესებდათ გამოქვაბულის ნახვა. მწვრთნელის თქმით, ჯგუფური აქტივობები მათთვის უჩვეულო არ ყოფილა. ბიჭების ნაწილს გამოქვაბულის სურათები „ფეისბუქზე“ ჰქონდა ნანახი და სურდათ, თავად მოენახულებინათ ცნობილი კომპლექსი.

მოზარდები მიწისქვეშა გვირაბებში, დაახლოებით, 1 საათის მანძილზე დადიოდნენ, შემდეგ კი უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. თუმცა აღმოაჩინეს, რომ გასასვლელი უკვე დატბორილი იყო. იძულებულები გახდნენ, სიღრმეში შესულიყვნენ, რომ სადმე დასასვენებელი ადგილი ენახათ.

„ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მკითხა, „დავიკარგეთ?“, - ჰყვება აკე. მისი თქმით, ბიჭები დაარწმუნა, რომ დაკარგულები არ იყვნენ და მათ აუცილებლად მიაგნებდნენ.

პირველი 10 დღის განმავლობაში ყველაზე მეტად წყლის დონის მატება ადარდებდათ. აკე მიხვდა, რომ მღვიმე სულ უფრო სწრაფად ივსებოდა წყლით. მან ბიჭებს მოუწოდა, შემაღლებულ ადგილას გადასულიყვნენ. საბოლოოდ, გაიზარდა რისკი, რომ წყალი მღვიმეს მთლიანად გაავსებდა, ამიტომ მწვრთნელმა ბიჭებს მოუწოდა, დაეწყოთ გვირაბის გათხრა იმ იმედით, რომ გასვლას შეძლებდნენ.

აკეს თქმით, ჯგუფი ძალიან განიცდის მაშველის, სამან კუნანის გარდაცვალებას, რომელიც მათ დაეხმარა და გარკვეულწილად, მის გარდაცვალებაში დამნაშავედაც გრძნობენ თავს.

ვინ უნდა გასულიყო მღვიმიდან პირველი

ბიჭებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათი ბედით მთელი მსოფლიო იყო დაინტერესებული, გამოქვაბულის შესასვლელთან კი საერთაშორისო მედია იყო მობილიზებული. აკე ფიქრობდა, რომ მღვიმის დატოვების შემდეგ ბიჭები პირდაპირ სახლებში წავიდოდნენ, ამიტომ, მისი აზრით, პირველად გარეთ ის უნდა გასულიყო, ვინც უფრო შორს ცხოვრობდა.

ბიჭები ბოდიშს უხდიან მშობლებს, რომ გამოქვაბულში წასვლის სურვილის შესახებ არაფერი უთხრეს. აკეს თქმით, მისთვის ეს კარგი გაკვეთილი იყო და სამომავლოდ უფრო ფრთხილი იქნება.

ბიჭების ნაწილს, მომხდარის შემდეგ, ფეხბურთელობასთან ერთად სურს, მაშველი გახდეს.

მოზარდები 23 ივნისს გაუჩინარდნენ. გამოქვაბული, რომელშიც ისინი შევიდნენ, წყალმა დაფარა. ბიჭები თითქმის 2 კვირის შემდეგ, ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა აღმოაჩინა. საერთაშორისო სამაშველო მისიამ ყველა მათგანი გარეთ მშვიდობით გამოიყვანა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე