აშშ ირანს ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით ახალ სანქციებს უწესებს.
როგორც ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება, სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანისთვის სავაჭრო შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, კონგრესმა დაუჭირა მხარი.
ამერიკელი პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ სანქციების დაწესებით მშვიდობიანი პროცესების განვითარებას შეუწყობენ ხელს და ირანს იძულებულს გახდიან, ბირთვული ექსპერიმენტები შეაჩეროს.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჰარი რიდის განცხადებით, აშშ ვალდებულია, შეაჩეროს ირანში ბირთვული იარაღის წარმოების პროცესი, რაც პირველ რიგში, შტატებისა და ისრაელისთვის, შემდეგ კი მთელი მსოფლიოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
ირანის მიმართ სხვადასხვა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სანქციების დაწესება 2009 წლიდან დაიწყეს. ამ დროს ქვეყანაში აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა ორი გასაიდუმლოებული ბირთვული ქარხანა აღმოაჩინეს, სადაც ურანის გამდიდრების ექსპერიმენტები ტარდება.
რაც შეეხება ირანის პოზიციას, ქვეყნის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აცხადებს, რომ ზეწოლა და სანქციები უსამართლო. იგი ირწმუნება, რომ ბირთვული პროგრამები არა იარაღის შექმნას, არამედ უსაფრთხო ენერგიის გამომუშავებას და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.