ავტორი:

26 წლის ფერმერი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მთებს იცავს - "როცა შენს კუთხეს ემსახურები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა მეტი აკეთო"

26 წლის ფერმერი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მთებს იცავს - "როცა შენს კუთხეს ემსახურები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა მეტი აკეთო"

ნოდარ ტოხოსაშვილი ახალგაზრდა წარმატებული ფერმერია უკანა ფშავიდან და მამულში, ვაკის სოფელში ზაფხულობით დედასთან ერთად, წლის სანოვაგეს აგროვებს.

წელს სასწავლებელი დაამთავრა და ოფიციალური სამსახური კარგა ხანია უნდოდა. გაზაფხულზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ რეინჯერის პოზიციაზე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, უკანაფშავის უბანზე ორი ვაკანსია გამოაცხადა. ნოდარმა შეავსო CV, გასაუბრება გაიარა. ერთ თვეში კი შეატყობინეს, რომ რეინჯერად დაინიშნა. მართალია, პროფესიით ჯერ ვერ დასაქმდა, თუმცა მშობლიური კუთხის რეინჯერობა სიამაყეს გვრის... ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავს. უვლის საქონელს, ამზადებს რძის პროდუქტებს, ჰყავს ფუტკარი... შრომა არ ეზარება და შედეგიც აქვს.

ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთი ულამაზესი მთის რეგიონია კავკასიონის კალთებზე, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი ეკოსისტემა - სუბალპური ტყეები, ხასხასა მდელოები, კლდოვანი მთები და ხევ-ღელეები. ბუნების სილამაზის გარდა, ამ მხარეს შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები აქვს. ტერიტორიას აქვს ასევე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის.

"ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აკრძალულია თევზაობა, ნადირობა, რეინჯერის მთავარი მოვალეობაა ბუნების ბრაკონიერებისგან დაცვა. ხანძრის და სტიქიური მოვლენების დროს რეინჯერი მეტყევის, მაშველის ფუნქციებსაც ასრულებს, ხშირად გიდობაც უწევს" - გვიხნის ნოდარი.

კვირაში 5 დღე მუშაობს და როგორც ამბობს, "როდესაც ეროვნულ პარკთან ცხოვრობ, ყოველი დღე სამუშაო გაქვს, რადგან სულ ყურადღებით ხარ და მუდმივად გარემოს აკვირდები. ეროვნული პარკი 79 909 ჰექტარია, არის ბიომრავალფეროვანი გარემო, მწვერვალები, უღელტეხილები, ტბები, კულტურული მემკვიდრეობა".

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჯიხვის და ნიამორის პოპულაციების დაცვა-აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ბუნების მკაცრი დაცვის ზონა. ეს აქ მობინადრე სხვა სახეობების კონსერვაციას და ენდემური, ალპური ზონის მცენარეების დაცვასაც ნიშნავს. აწუნთას ქედი, თებულოს მთის მისადგომები და ბორბალოს მთის ნაწილი ხევსურეთში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ჯიხვის არეალის გაგრძელებას წარმოადგენს. ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში შესულია არხოტის საჯიხვეები. მკაცრი დაცვის ზონა ნიამორის მცირერიცხოვანი ჯგუფების თავშესაფარია. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ პრაქტიკულად, ნადირობაზე „თვითშეზღუდვა“ დააწესა, ნიამორის რიცხვი ხევსურეთში მატულობს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, შექმნილია ტრადიციული გამოყენების ზონა, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობა, თიბვა, ძოვება, შეშის მოპოვება (თუმცა დაუშვებელია ხვნა-თესვა). ტრადიციული გამოყენების ზონაში ვიზიტორთათვის შესაძლებელია სამეცნიერო კვლევა, საგანმანათლებლო საქმიანობა, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობა, გადაადგილება ფეხით და ცხენით, ასევე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

ნოდარ ტოხოსაშვილი, რეინჯერი, ფერმერი:

"მტაცებელი ცხოველი საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით მურა დათვი, რომელიც სოფლის გარშემო ხშირად დადის, რამდენჯერმე სოფლებში საფუტკრეშიც შევიდა, მოსახლობას ფუტკარი დაუზიანა და შეუჭამა, ასევე არის მელა და მგელი... დათვი ადამიანზე არ იწევს, თუ მაინცდამაინც ბელებიანს არ მიადექი, ან დაძინებულს. როდესაც ადამიანის სუნს იგრძნობს, მიდის, თუ დაგინახა, იპარება ან გარბის. სოფელში რამდენიმე ოჯახს ელექტროღობე აქვს და ფუტკრების დაცვას ასე ცდილობენ", - გვიყვება ნოდარი.

მისი თქმით, უკანა ფშავი ნაკლებად პოპულარული კუთხეა, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. რასაც შეუძლია, გამოაცოცხლოს ხეობა - ეს ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა.

- გვაქვს ძალიან ლამაზი ტბა, რომელსაც "ცოდვიანი ტბა" ჰქვია, 2 600-2 800 მეტრზეა მაღლა მთებში. ტბასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ლეგენდა არსებობს, ერთის მიხედვით, ფერდობიდან წამოსულმა ზვავმა ფარა მეცხვარით ტბაში ჩაიტანა და მეცხვარის ფაფარი `ბაზალეთის ტბაში~ გამოჩენილა. ბაზალეთს უკავშირდება ცოდვიანი ტბაო დინებით. შიგნით კლდოვანია და საცურაოდ საფრთხილოა. ასევე გვაქვს ბორბალოს მწვერვალი 3294 მ, კულტურული ძეგლები, სუფთა და წყნარი გარემო. უკანა ფშავიდან შეიძლება გადასვლა ხევსურეთში, თუშეთში, პანკისში, თიანეთში.

- შენს მეურნეობაზე რას გვეტყვი, როგორ მიდის საქმე?

- მებოსტნეობა წელს შევამცირე, რაც სამსახურმა ჩაანაცვლა. როგორც ამბობენ, წლის ბოლომდე ინტერნეტი იქნება სოფლებში და მერე უფრო შეიძლება მიწის ფართობის გაზრდა, როდესაც პირდაპირი კავშირი იქნება მომხმარებელთან. ფუტკარი ისევ მყავს ასევე ჩაბარებული საქონელი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, სიახლეების მოლოდინით ვარ.

- გასულ წელს მახსოვს, გზას უჩიოდი.

- წელს წყალდიდობა არ ყოფილა და გზა არ ჩაკეტილა, ახლაც ამ წუთში სოფელში მუშაობს მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი ტრაქტორი, რომელიც გზებს წმენდს.

- შენი ახალი პროფესია მოგწონს?

- რეინჯერი უნდა იყოს გაწონასწორებული, ფრთხილი, შეეძლოს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ემოციების მართვა, ეს უნარები მაქვს, ასევე ტრენინგებიც გვიტარდება. ჩემი მოვალეობა დაცული ტერიტორიის კონტროლია, დავდივართ პატრულირებაზე როგორც მდინარის, აგრეთვე მთების. მერე, როდესაც შენს კუთხეს ემსახურები, არც იღლები, სულ ხალისიანი ხარ და გინდა, რომ მეტი და მეტი საქმე გააკეთო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ