აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 2011 წლის მთავარი საინვესტიციო მიმართულებები ჩამოაყალიბა, რომელთა განხორციელებისთვის სამუშაოები უკვე ამა წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ირკვევა, რომ პენტაგონისთვის ყველაზე პრიორიტეტული იქნება ვერტმფრენებზე, უპილოტო საფრენ აპარატებზე, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავებსა და მეხუთე თაობის გამანადგურებელზე F-35 სამუშაოების დაფინანსება.
ამერიკელთათვის უმთავრესი საინვესტიციო პროექტი - მეხუთე თაობის პერსპექტიული გამანადგურებლის F-35 Lightning II შექმნაა და ამისთვის 10 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება.
პენტაგონისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია ვერტმფრენების MH-60 Seahawk-ისა და CH-47 Chinook-ის, ასევე კონვერტოპლანის V-22 Osprey მოდიფიცირება. ამ საფრენი აპარატებით დაინტერესებულია არა მარტო აშშ-ის შეიარაღებული ძალები, არამედ მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებიც. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა თავისი პარკის 70 ერთეული CH-47-ით შევსების სურვილი უკვე გამოთქვა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მომავალშიც აპირებს უპილოტო საფრენის აპარატის MQ-9 Reaper პროექტზე მუშაობას.
ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა კონგრესის საბიუჯეტო სამმართველოს მონაცემები, რომელთა თანახმად, 2011 წლიდან 2028 წლამდე პენტაგონის სამხედრო დანახარჯები 10,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც საშუალოდ წლიურ 573 მილიარდს ნიშნავს. თანხაში არ შედის აშშ-ის მიერ საზღვარგარეთ ოპერაციებში გაწეული ხარჯები.
მომზადებულია rusarmy.com-ის მიხედვით.