ავტორი:

ჯაზის ქართველი მაგისტრი "ბლექ სი არე­ნაზე" უპრეცენდენტო პროექტს წარუდგენს მსმენელს

ჯაზის ქართველი მაგისტრი "ბლექ სი არე­ნაზე" უპრეცენდენტო პროექტს წარუდგენს მსმენელს

4 აგვისტოს "Check in Georgia" და "ბლექ სი არენა" 2018 წლის საზაფხულო სეზონის საინტერესო კონცერტს წარმოადგენს - გიორგი მიქაძის უნიკალურ პროექტს "VOISA".

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები და თავად ავტორი ამბობენ, "VOISA" სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რადგან მისი მიზანია, მსოფლიოს საქართველო გააცნოს. "VOISA"-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძეა.

მან ამერიკელი All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი შექმნა. "VOISA"-ს პრეზენტაცია ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში შედგა. ფართო საზოგადოებისთვის კი 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში წარმატებით წარადგინეს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტი "VOISA" განსაკუთრებული კონცეპტუალური ჩანაფიქრით გამოირჩევა. იგი ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების უნიკალური და ნოვატორული სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს. პროექტმა "VOISA" თითოეულ კომპოზიციაში საოცარი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით მოახდინა ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური მიმდინარეობების - ელექტრონული მუსიკის, ჯაზის, ფანკის ფიუჟენის, R&B-ის, ჰიპ-ჰოპის და პოპ მუსიკის ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი, უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა.

თანამედროვე ქართული მუსიკის უპრეცენდენტო ექსპერიმენტულმა პროექტმა მსოფლიო საკონცერტო დარბაზების სცენაზე მსმენელის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ქართველი მსმენელის დიდი მოთხოვნით, 4 აგვისტოს მისი ქართული პრემიერა შედგება. კონცერტისათვის ორგანიზატორები განსაკუთრებულად ემზადენიან; საგანგებოდ ამ დღისათვის შეერთებული შტატებიდან ჩამოდიან "VOISA" აგენტები, საუკეთესო ხმის რეჟისორები და All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის გიორგი მიქაძემ მოიწვია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი. პროექტის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. საღამოს მსახიობი ია სუხიტაშვილი წაიყვანს.

AMBEBI.GE გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი მიქაძესთან.

"ძალიან დიდხანს ვიყავი მერხთან - 5 წლიდან 27 წლამდე - ამაში სასწავლო პროცესს ვგულისხმობ. ძალიან გრძელი გზა გამომივიდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, სრულფასოვანი განათლება მიმეღო. თავიდან მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, რომელმაც კარგი მუსიკალური ბაზა შემიქმნა. შემდეგ კონსერვატორიაში ვისწავლე და ვფიქრობდი, როგორც კლასიკოს პიანისტს გამეგრძელებინა, წარმატებები მქონდა. ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოსა და უცხოეთში, თუმცა სულ ვცდილობდი, რაღაცები შემეცვალა. თან, კომპოზიციაზე დავდიოდი და მუსიკას ვწერდი. ფოლკლორთან იმდენი შეხება არ მქონდა, ქართულ სიმღერასთან კი - ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა გუნდში სოლისტი ვიყავი. ეს ჯანსუღ კახიძესთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო.

- "ბერკლის" სასწავლებელში როდის წახვედით?

- კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ. ყველაფერს ვუკრავდი, გარდა კლასიკური მუსიკისა, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი საზღვარგარეთ, შემდეგ კი "ბერკლიში". ძალიან კარგი რამ მოხდა, იქ სრული დაფინანსებით წავედი, სადაც საერთოდ სხვა ცხოვრება დაიწყო. სწავლის პროცესში მუსიკოსებს არაერთი ქვეყნდან - ინდოეთი, აფრიკა (სადაც მძლავრადაა ფოლკლორი განვითარებული) შევხვდი. მაგალითად, ბალკანურ ქვეყნებში განსაკუთრებული ფოლკლორი აქვთ და ამ ყველაფრის ფონზე, გამიჩნდა სურვილი, ქართული ფოლკლორის შესახებ მეტი გამეგო და შესწავლა დავიწყე.

- კარიერის აწყობა ნელ-ნელა დაგიწყიათ...

- ასე გამოვიდა... გავხდი სხვადასხვა მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი, საინტერესო იყო ქუინსი ჯონსის პროექტებზე მუშაობა. 85 წლის ხდებოდა, მის სპეციალურ შოუზე რომ ვიმუშავე. თვითონაც მოვიწვიეთ, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა. დიდი არტისტები გვყავდა კონცერტში ჩართული. სწორედ იმ პერიოდში გამიჩნდა სურვილი კიდევ მეტი მუსიკალური განათლება მიმეღო ქართულ მუსიკასთან დაკავშირებით. მინდოდა, ისეთ პროექტებზე მემუშავა, რომელიც ფოლკლორს დაუკავშირდებოდა.

- და ნიუ-იორკში გადაინაცვლეთ?

- "ბერკლის" დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავედი. ეს იყო საინტერესო, ნაყოფიერი პერიოდი, სადაც ასევე სწავლა გავაგრძელე - 3 000 აპლიკანტიდან არჩევენი ჩემზე შეაჩერეს. იქ მაგისტრატურა გავიარე და თანამედროვე მუსიკის და ჯაზის მაგისტრის წოდება მივიღე... 2016 წლიდან კი პროექტების განხორციელება დავიწყე. პირველი VOISA იყო, რომელიც ნიუ-იორკში ჩაიწერა... ქართულ მუსიკას ახალგაზრდა მსმენელი არ ჰყავს, იმიტომ რომ წლების მანძილზე მისი პოპულარიზაცია მაინცდამაინც არ ხდებოდა. ისევ ელექტრონული მუსიკოსები თუ ცდილობენ, გამოყენება მოუძებნონ. თუმცა, ფოლკლორი ისეთი სათუთი თემაა, რომ თუ ადამიანს განათლება არ აქვს, რთულია, ამ მიმართულებით რაიმე გააკეთოს.

როდესაც ადამიანი ქართულ სიმღერას სწავლობს, ბანიც უნდა იცოდეს. ქართულ ფოლკლორს სწორედ ამ მეთოდით ვსწავლობდი. ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური წყაროა. სანამ VOISA-ს გავაკეთებდი, სიმფონიური ორკესტრისთვის "მუ შვან" (მე სვანი), პროექტზე ვიმუშავე, სადაც ასევე ფოლკლორი გამოვიყენე. მასში სხვადასხვა ჟანრების შერწყმა მოხდა და ეს ყველაფერი იყო სამზადისი VOISA-სთვის. პროექტს ჩინეთში მართლა დიდი წარმატება ჰქონდა. არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, რომელსაც ჩინეთში უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამერიკაში კი საკონცერტო ტურნე გვქონდა. პროექტში ჩართულები არიან - დრამერი, ბასისტი, ბერკლიში, ვისთან ერთადაც გავიზარდე და მას მერე ერთად მოვდივართ. მუსიკოსები, რომლებსაც ძალიან ვენდობი და ახლა ძალიან წარმატებულები არიან. მსოფლიო ტურებზე, სხვადასხვა არტისტებთან ერთად დადიან.

- ამდენად, თქვენი მუსიკა გამოდის, ყველა ჟანრზეა დაფუძნებული.

- დიახ, რისთვისაც საჭიროა, ყველა ჟანრი კარგად იცოდე, რის შესწავლასაც ბევრი წელი დასჭირდა. დაიწერა ახალი მუსიკა, რაზედაც დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ თანამედროვე მსმენელს მოსწონებოდა. კონცერტზე 14 კომპოზიცია შესრულდება, თითოეულში სხვადასხვა ჟერადობაა, ძალიან დინამიკური მუსიკაა, რომელშიც, როგორც იცით, "ბასიანის" გუნდია ჩართული. 8-კაციანი ანსამბლი ერთად, ძალიან დიდ ხმოვანებას წარმოშობს. ეს ყველაფერი კი ყველაზე კარგად, "ბლექ სი არენაზე" გაჟღერდება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ის უცხოეთს უკავშირდება?

- მუსიკალურად არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ, უცხოეთში რომ ვარ, თან, დღეს ხომ ყველაფერი ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია. საზღვარგარეთ უკეთესად ვმუშაობ, ვიდრე საქართველოში ვიმუშავებდი. კარიერას მეტი წინსვლა აქვს, ჩემს პროექტებს, მუსიკას ბევრი ადამიანი ეცნობა. მიცნობენ, როგორც გიორგის, და არა ჯორჯს. დიახ, გიორგი მიქაძე ვარ და ყველამ იცის, რომ მე ვარ ქართველი. იციან ქართული მუსიკის შესახებ, იმიტომ, რომ ყველასთან ამ თემაზე ვლაპარაკობ, შემდეგ ინტერესდებიან.

- რა არის თქვენი ოცნება?

- ეს შეკითხვა ორჯერ ჩემმა ფრანგმა მეგობარმა დამისვა და ახლა თქვენ მკითხეთ. ერთხელ ბავშვურად ვუპასუხე. მაშინ მე და რაფაელმა "ბერკლიში" სწავლა ერთად დავიწყეთ. ვუპასუხე, რომ მინდა, დიდი მუსიკოსი გავხდე-მეთქი. ერთი წლის წინაც მკითხა და უკვე ასეთი პასუხი მქონდა - ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს რომ შევხვდები და მეტყვის - მე ვიცნობ ქართულ მუსიკას. ამიტომ, ამ პროექტების მიხედვით შესაძლებლია, მსოფლიომ ქართული ფოლკლორის გენის შესახებ ფართოდ და მასშტაბურად გაიგოს!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს