ავტორი:

"დავტოვეთ "რუსთავი 2", რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და რაც მერე მოხდა - ტრაგიკომედიაა" - დემნა ჯაფარიძის და გიორგი ხაბურზანიას პირველი გულახდილი ინტერვიუ

"დავტოვეთ "რუსთავი 2", რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და რაც მერე მოხდა - ტრაგიკომედიაა" - დემნა ჯაფარიძის და გიორგი ხაბურზანიას პირველი გულახდილი ინტერვიუ

ერთი წლის წინ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი ცვლილებები მოხდა. „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები - დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია, რომელთა ანგარიშზეა ისეთი ცნობილი შოუები, როგორებიცაა: "ნიჭიერი", "X ფაქტორი", "საქართველოს ვარსკვლავი", "ბრავო", "ექიმები" და სხვა - პროექტების საკეთებლად „იმედში“ გადავიდნენ. ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მიზეზად სხვადასხვა საკითხი სახელდებოდა, თუმცა, ხაბურზანიას და ჯაფარიძეს ამ საკითხზე კომენტარი აქამდე არასდროს გაუკეთებიათ. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი მეგაშოუების შემქმნელებმა ტელეკომპანია „იმედიც“ დატოვეს.

დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ამ საკითხებზე პირველად, ექსკლუზიურად AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრეს.

- რადგან ამ თემაზე აქამდე არასოდეს გისაუბრიათ, დავიწყოთ „რუსთავი 2“-ით. ერთი წლის წინ, თქვენი ჯგუფის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - დატოვეთ არხი და გადახვედით კონკურენტ ტელეკომპანიაში, რატომ?

დემნა ჯაფარიძე: ბევრი პრობლემა არსებობდა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ის დრო უკან თუ დაბრუნდება, ზუსტად ისევე მოვიქცევით, როგორც მაშინ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ „რუსთავი 2“-ში გვერდზე დავუდექით ადამიანს, რომლისგანაც შემდეგ, მთელი წელი ვისმენდით იმას, რასაც ვისმენდით. ყველამ ყველაფერი კარგად იცის... სხვებთან ერთად ჩვენ ვიყავით გადამწყვეტი ძალა, რომელიც არხის ხელმძღვანელობის გვერდით დადგა კრიტიკულ მომენტში, მაგრამ მაშინ, როცა უკვე ბრენდირებული, რეიტინგული და შემოსავლიანი გახდა არხი, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ეს ყველაფერი მისი და ვიღაცეების გეგმების მიხედვით უნდა შეგვეჩერებინა. ორი-სამი თვე ვიბრძოდით ჩვენი პრინციპების გასატარებლად, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ და წამოვედით. ჩვენ იმ ხალხს გვერდით დავუდექით და მერე რაც მოხდა, გულდასაწყვეტია.

ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება - ჩვენ დავტოვეთ არხი, რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და მერე რაც მოხდა, ეს უკვე ტრაგიკომედიაა - ძვირად დაგვიჯდა ეს ორი წელი, აღვირახსნილ შეურაცხყოფებს ვისმენდით. რა უნდა ვუპასუხო იმ ხალხს, რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს?

- „იმედმა“ შემოგთავაზათ თანამშრომლობა?

- „იმედმა“ მანამდე ორჯერ შემოგვთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ უარს ვამბობდით. მესამე შეთავაზებას დავთანხმდით, კოსმიურ თანხებზე იყო თავიდან საუბარი, საბოლოოდ კი, საბაზრო ფასებზე შევთანხმდით. ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ასეთი პირობით - გვქონდა მაღალი ხელფასი და სარეკლამო შემოსავლების მკვეთრად მცირე პროცენტი, რაც „რუსთავი 2“-ზე პირიქით იყო. ყველამ თავის ორღობეს მიხედოს, ახალგაზრდა ხალხი ვართ და ჩვენი ეგო გვაქვს. ადამიანმა ან ეგო უნდა დაიკმაყოფილოს, ან მატერიალური მოთხოვნები, ბედნიერია ის, ვინც ორივეს იკმაყოფილებს, მაგრამ როცა ვერც ერთს ვერ იკმაყოფილებ, არჩევანი უნდა გააკეთო. მით უფრო, სტაგნირებულ სატელევიზიო ბაზარზე.

გიორგი ხაბურზანია: - ბაზარზე ახლა სტაგნაციაა, ყველა პროექტი, მათ შორის ჩვენს მიერ გაკეთებულიც, უკვე მოძველებულია. არ შეიძლება კმაყოფილი იყო იმით, რაც ათი წლის წინ გააკეთე. „იმედზე“ პირველი სეზონი წარმატებულად დავხურეთ და გვინდოდა, სწორედ მაგ პერიოდში დაწყებულიყო ახალი პროექტები, რადგან არხი უკვე პირველ ადგილზე იყო და ხალხს მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ არ გაკეთდა ახალი პროექტები და საბოლოოდ, ისევ „რუსთავი 2“-მა „ამოქაჩა“. ვინც არ უნდა იყოს „რუსთავი 2“-ის სათავეში, დვალის და ეროსის დროიდან ასე იყო - ამ არხს აქვს ლიდერობის და ყინულმჭრელის ამბიცია და ამას ახერხებს კიდეც.

- „იმედთან“ უფრო დეტალურად რა შეთანხმება გქონდათ, რას მოაწერეთ ხელი?

- ჩვენ ვთვლით, რომ პროფესიონალები ვართ და ახლა ვართ ჩვენი კარიერის პრაიმში. „იმედთან“ იყო საუბარი იმაზე, რომ ბაზარზე შეცვლილიყო რეალობა. კარგი შეთავაზება ჰქონდათ. არხი, რომელიც მუდმივად მეორე იყო, უნდა გამხდარიყო პირველი. პირველივე ოთხ თვეში „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ გაყიდვების მაჩვენებელი შეიცვალა. მათ საერთო გაყიდვები ქონდათ და მანამდე „იმედი“ თანახმა იყო გაყიდვების ნაკლებ 45% წილზე, ხოლო ლომის წილი 55% „რუსთავი 2“-ს მიჰქონდა. რაც მთავარია, ამას იმედი აწერდა თვითონ ხელს, რადგან რეიტინგით მეტის მოთხოვნის საფუძველი არ ქონდა. თუმცა, ისე შემოვაბრუნეთ ყველაფერი, რომ 2018 წელს, საერთო გაყიდვების 55% „იმედზე“ უნდა წამოსულიყო.

ჩვენ ვთქვით, შევცვლით რეალობას და შევცვალეთ, იმედი გავიყვანეთ პირველ ადგილზე რეიტინგებში, ორივე მთვლელის მონაცემებით და სარეკლამო ბაზარზე გავუჩინეთ ”იმედს” დომინირების საშუალება. მაგრამ ლიდერობას შენარჩუნება სჭირდებოდა. თებერვლიდან, უკვე დაპაუზდა ყველაფერი.

- მუდმივად მიდის ომი „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ პროექტებს შორის, ვინ იყო ლიდერი რეალურად?

- პირველი ეტაპი ჩვენ მოვიგეთ, ყველაფერი გადმოვაყირავეთ და ასე დაიხურა სეზონი. შემდეგ ინერციით იგებდა „იმედი“, ამ დროს გვინდოდა ახალი პროექტების შეშვება, მაგრამ არ მოგვეცა ამის განხორციელების საშუალება. პრაიმ ზონაში „რუსთავი 2“-ს 15, ხოლო „იმედს“ 8 პროექტი ჰქონდა. აუცილებელი იყო 2018 წლიდან იმედზე ახალი პროექტების ჩაშვება.

დემნა ჯაფარიძე: - როგორი პარამეტრითაც არ უნდა ილაპარაკო, მთლიანი 1 წელი რომ ავიღოთ, „რუსთავი 2“-მა „იმედს“ უხერხულობა შეუქმნა მხოლოდ ორი თვე. ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა „მხოლოდ ქართული“ გადიოდა ეთერში. წარმოიდგინე, რომ გაქვს ტელევიზია, რომელიც მთელი წელი იგებს ყველა მთვლელით და ამას ვერ იტყვი, ეს რა არის? დეტალებს არ გავშლი, ეს უბრალოდ, სასაცილოა. ახლა ინიციატივა ისევ ”რუსთავი2”-ის ხელშია. ჩვენი წამოსვლით "იმედმა" ინერცია დაკარგა. ხოლო, განუწყვეტელი ცვლილებებით, სტაფსაც გადაღლის.

- გიორგი, ვის ეკუთვნის „იქს ფაქტორის“ და „ნიჭიერის“ საქართველოში ჩატარების უფლება?

- ”იქს ფაქტორი”, ”ნიჭიერი”, ”ექიმები” და ”საქართველოს ვარსკვლავი”, ამ გადაცემების დამზადების ლიცენზია და ყველა უფლება საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვენ პროდაქშენ კომპანია ”ნოვა”-ს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ბაქოს ტელევიზიასთან გაქვთ მოლაპარაკება, მართალია?

დემნა ჯაფარიძე: - რამდენიმე თვის წინ, ბაქოდან საინტერესო წინადადება მივიღეთ. იქ სატელევიზიო სფერო განუვითარებელია და ეს მათ კარგად იციან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო ბუმი იქაც მალე დაიწყება. პირობა მივეცით, რომ იქაურებსაც ვასწავლით საქმის გაკეთებას. საზოგადოებრივთან თანამშრომლობა საამაყო იქნება. პირველი არხის მაისურით თუ გამოვჩნდები, ე.ი. მოლაპარაკება შედგა.

გიორგი ხაბურზანია: შევხვდით საზოგადოებრივის ხელმძღვანელობას, მათ აქვთ კონკრეტული პროგრამა და მიზანი, ზუსტად იციან, სად არიან, რა უნდა გააკეთონ და რისთვის. მე და დემნას გვინდა, ჩვენი პროდაქშენ კომპანია, აუთსორზე ვამუშაოთ. ახლა ბაზარზე კონტენტის დიდი მოთხოვნაა, მედია სწრაფად ვითარდება და იცვლება, ამიტომ ვითანამშრომლებთ, როგორც მსხვილ, ასევე წვრილ დამკვეთებთანაც. დიდი ცვლილებები და ახალი ნიშების წარმოქმნა მოხდება ქართულ მედია ბაზარზე! ჩვენ გვინდა, ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებდეთ მოვლენებს და მედია ბაზრის პროგრესის ინიციატორები და აქტიური მონაწილეები ვიყოთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს