ავტორი:

"ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს და ვფიქრობ, არც გამინელდება..." -  ზურა ვადაჭკორიას ქვრივი მეუღლის საფლავზე ყოველდღე დადის

"ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს და ვფიქრობ, არც გამინელდება..." -  ზურა ვადაჭკორიას ქვრივი მეუღლის საფლავზე ყოველდღე დადის

ავად რომ გახდა, მის გადარჩენას არავინ პროგნოზირებდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მან უკან ჩამოიტოვა სირთულეები, წარმოუდგენელი შეძლო, ორგანიზმმა პრობლემები დაძლია, შეიძლება ითქვას, ილუზიონისტმა ზურა ვადაჭკორიამ სიცოცხლე თავიდან დაიწყო... 5 თვის წინ კი, როცა უკვე მის გარდაცვალებას არავინ ელოდა, მოულოდნელად წავიდა... ავადმყოფობისას, ერთი წლის განმავლობაში, გვედიდან ერთი ადამიანი არ სცილდებოდა და ეს მისი მეუღლე, ია ვადაჭკორია იყო, რომელიც დიდი მონდომებით და დაუღალავად იბრძოდა იმისთვის, რომ ქმარი რამენაირად ფეხზე წამოეყენებინა... თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა... ია ვადაჭკორია Ambebi.ge-ს საკუთარ განცდებსა და მეუღლის გარდაცვალების შემდგომ დატოვებულ სევდაზე უამბობს. ამბობს, რომ დეპრესიიდან გამოსვლას ვერაფრით ახერხებს.

"ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ზურიკოს გარეშე გატარებული ყოველი დღე, ეს ნამდვილი სიკვდილია. დღე არ გავა, ყოველ დილით სასაფლაოზე არ ავიდე. ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს, იზრდება და ვფიქრობ, რომ არც გამინელდება... ხომ ვამბობ, ზურიკოს გარეშე ცხოვრება საშინელებაა," - ამბობს ქალბატონი ია.

- სასაფლაოზე ყოველდღე სიარული რატომ გადაწყვიტეთ?

- გამორიცხულია, უნდა მივიდე, ჯერ დღე არ ჩამიგდია, რადგანაც მგონია, რომ მელოდება... მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაო ჩვენი სახლიდან შორსაა, თან, დეპრესიის გამო საჭესთანაც ჯერ ვერ ვჯდები, მაინც მივდივარ. არადა, მანამდე ზურიკო მანქანით სულ მე დამყავდა, თვითონ ტარება არ იცოდა, ხუმრობით მეტყოდა ხოლმე - ჩემი ცოლიც ხარ და მძღოლიცო...

როგორც ქალბატონი ია ამბობს, ერთმანეთი 34 წლის წინ, გოგოლის, ახლანდელი გოგი დოლიძის ქუჩაზე, გოგი ლოლაძის ეზოში გაიცნეს. ზურიკო 22 ნომერში ცხოვრობდა, ია - 43-ში. ერთმანეთს ახლობლის ოჯახში შეხვდნენ. ილუზიონისტს მომავალი მეუღლე თავისი ფოკუსებით გაუოცებია. "ფოკუსების გარდა, თბილი და კარგი ადამიანი იყო და მასში სწორედ ეს მომეწონა... გაცნობიდან ერთი წლის მერე გავყევი. შეყვარებულობის პერიოდში მუდმივად სიურპრიზებს მიწყობდა. ყვავილები არ მიყვარს, მხოლოდ ყოჩივარდები და გამოულევლად მოჰქონდა ისინი. უზომოდ ყურადღებიანი იყო. გასტროლიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარს მომიტანდა. მუდმივად რეკავდა, მომიკითხავდა. ამასთან, უკეთილშობილესი, პატიოსანი, ოჯახის მოყვარული იყო... დღითი დღე ვრწმუნდები, რა ძლიერი და კარგი ადამიანი ყოფილა და გული მტკივა, რომ ასე ადრე წავიდა... 56 წლისას მწვავე ინსულტი დაემართა, 57 წლისა, ავადმყოფობიდან ერთი წლის შემდეგ, აღარ იყო... არ მახსოვს, ოდესმე დაეწუწუნოს, რაღაც დაეჩივლოს ან ჩვენ, ოჯახს მისი რაიმე პრობლემის შესახებ გვეგრძნო. მდიდარი სულის ადამიანი იყო. 100 ლარი რომ ჰქონდა, 80 სხვებისთვის ჰქონდა.

- ავადმყოფობისას ალბათ, ამიტომაც დააფასეს მეგობრებმა...

- მართლაც, ავადმყოფობისას, მთელი ერთი წელი, შეიძლება ითქვას, რომ მეფურად აცხოვრეს. ყურადღება არავის დაუკლია, დაწყებული თბილისის მერიიდან, დავით ნარმანია იყო მაშინ, ასვე კახა კალაძე, გია ჯოხთაბერიძე (რომელმაც ოჯახს დიდი პატივი გვცა), დათო ლოლიაშვილი, დათო სიხარულიძე, ბადრი ჯიქია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ჩიკვილაძე და კიდევ ბევრი ადამიანი... მადლობელი ვარ ასევე თამრიკო ჭოხონელიძის. იტალიაში იყო, ზურა რომ გარდაიცვალა, რომ ჩამოვიდა, დამირეკა, დამამშვიდა - ეცადე, არ ინერვიულო, ის შენთან არის, არსად წასულაო... მკითხეთ, როგორ ცხოვრობთ მეუღლის გარდაცვალების შემდეგო და გეტყვით, ზურიკომ როგორც დატოვა თავისი ნივთები, თუნდაც საძინებელში, მისაღებ ოთახში, სურათები კედელზე, პანაშვიდების დროსაც არ ჩამომიხსნია... მოკლედ, როგორც დატოვა ყველაფერი, ისევე მაქვს, ხელს ვერ ვკიდებ. რომ გადავანაცვლო, ან იქიდან ავიღო, მგონია, რომ ზურიკოს სახლიდან გავუშვებ, არ მინდა, გავუშვა... ასეთ დღეში ვარ. შვილები მეუბნებიან, ასე არ შეიძლებაო, ბავშვებს არ მინდა, დავანახო ჩემი ემოციები, მაგრამ შინაგანად არ გამომდის... ზურიკო ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და უფლის მადლობელი ვარ, რომ მას შემახვედრა ცხოვრებაში. მადლობელი ვარ თუნდაც იმისთვის, რომ ის ერთი წელი, ავადმყოფობისას, მომცა საშუალება, მისთვის მომევლო. ბედნიერი ვიყავი, რომ ყოველ წუთში მეძახოდა - ია! მეკითხებოდა რაღაცებს, მის ნაცნობებს კითხულობდა, მათით ინტერესდებოდა.

- ე.ი. გარდაცვალების წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულაც არ იყო კრიტიკული.

- მაშინ, როცა წავიდა, იმ პერიოდში, ხომ ვამბობ, მის გარდაცვალებას აღარ ველოდით. უკეთესობა იყო, ლაპარაკი დაიწყო, ტელევიზორსაც უსმენდა, ექიმებიც იმედს გვაძლევდნენ, მაგრამ რაც უფრო გონზე მოდიოდა, მეტად დეპრესიული ხდებოდა. რამდენჯერმე მითხრა, - რად მინდა სიცოცხლე, თუ "პლეხანოვზე" ვერ გავივლიო. უყვარდა ფეხით სიარული და "პლეხანოვზეც" ხშირად დადიოდა... ჟურნალისტები რომ რეკავდნენ, - ბატონი ზურა გვინდა, იქნებ დაგვალაპარაკოთო, ვეუბნებოდი, ვერ დაგელაპარკებათ, ინსულტი გადაიტანა-მეთქი. ეს რომ ესმოდა, ამბობდა - კარგი, რა, ია, ნუ მიბაზრებო... 24 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, სტუმრად მეგობრები ეწვივნენ, მსახიობები, მომღერლები, 25-ში ზურა დოიჯაშვილი იყო. 28-შიც დილიდან მშვენივრად გრძნობდა თავს, წამალი დავალევინე, უნდა გვესადილა და უეცრად დამიძახა, - ია, ნახე, ვიღაც არის აქ, მივყავარ, გავუშვი აქედანო, - მთხოვა. ზურიკო, რას ამბობ, არავინ არ არის-მეთქი. როგორ არაო, ხელი დაარტყა სკამს და დამთავრდა ყველაფრი...

- თემა შევცვალოთ... იშვიათი პროფესიის მქონე ადამიანის მეუღლე იყავით. ხელის თითებიც ეყოფა საქართველოში, ილუზიონისტების დასახელებას. რა იყო ეს თქვენთვის?

- ხომ ვამბობ, მთელი ცხოვრება ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი მეუღლე ვიყავი. ვიამაყებ სულ, რადგანაც ღირსეული პიროვნება იყო, უნიჭიერესი, საქმის ერთგული, პროფესია ისე უყვარდა, მგონი, შვილებში არ არჩევდა. ერთგულად ემსახურებოდა, მეც ყველაფრით ხელს ვუწყობდი და საერთოდ ოჯახიდან აბსოლუტური ხელშეწყობა ჰქონდა. ვცდილობდი, არ დამეტვირთა, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი, ყველანაირად ხელს ვუწყობდი, მეტის გაკეთებაც შემეძლო მისთვის, მაგრამ...

- დრო რომ დავაბრუნოთ, რას იზამდით?

- რა თქმა უნდა, ზურიკოს გავაცოცხლებდი. ის კი არა, ერთი წუთითაც რომ დამაბრუნებინა დრო, სხვანაირად მოვიქცეოდი, თურმე ადამიანისთვის ფასეული სხვა რამ ყოფილა... ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მასზე ვგიჟდებოდი, დღემდე ასეა, შეყვარებული ვარ, ამიტომ, იმ ერთი წუთითაც ბედნიერი ვიქნებოდი და ვეტყოდი, რომ მენატრება, მიყვარს და უყვარს მთელ ოჯახს - შვილებს, შვილიშვილებს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ