გიორგი მიქაძის VOISA "ბლექ სი არენაზე" წარმატებით შედგა

გიორგი მიქაძის VOISA "ბლექ სი არენაზე" წარმატებით შედგა

4 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, გაიმართა აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტის VOISA ქართული პრემიერა, რომლის ნოვატორული დადგმა ბასა ფოცხიშვილმა და მისმა გუნდმა მოამზადეს.

ქართული ფოლკისა და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების სინთეზზე დაფუძნებული პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მიზანია, ახლებური კუთხით გააცნოს ქართული მუსიკა უცხოელ მსმენელს და მისი შეფასება ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

შოუ ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და გიორგი მიქაძის, ანსამბლ „ბასიანის“ და ოლ სთარ ბენდის, მათ შორის ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის და აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტის, MC-ის, OK Player-ის არტისტის რეიდარ ელისის შესრულებით, 14 კომპოზიცია გაჟღერდა, მეგრულ, სვანურ და აფხაზურ მოტივებზე დაყრდნობით. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ია სუხიტაშვილი.

ყველა კომპოზიციას საკუთარი სცენოგრაფია შეესაბამებოდა, რომელიც შეიძლება ითქვას, ქართული რეალობისთვის ძალიან უცხო და საინტერესო აღმოჩნდა. ბასა ფოცხიშვილის გუნდმა სპეციალურად „ვოისასთვის“ შექმნა სხვადასხვა ტიპის ეკრანული გაფორმება და სრულად გამოიყენა არენის ტექნიკური შესაძლებლობები.

„VOISA“-ს პრეზენტაცია ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე Shape Shifter Lab-ში 2016 წელს შედგა, ხოლო ის ფართო საზოგადოებას 2017 წლის 14 ივნისს, პეკინის საკონცერტო დარბაზში წარუდგინეს, 4 აგვისტოს კი ქართულმა პროექტმა შეკვეთილში მდებარე უდიდესი არენის სცენა დაიკავა.

გიორგი მიქაძის პროექტი ერთ-ერთია კონცერტების სერიიდან, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ აგვისტოშია წარმოდგენილი, ბერკლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, „იამაჰას“ პირველი არტისტისა და წარმატებული ქართველი მუსიკოსის შემდეგ, 11 აგვისტოს, „არენაზე“ „შვიდკაცას“ 20 წლის იუბილე აღინიშნება, ანსამბლის სპეციალური სტუმარი კი იქნება 8 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა-ჯგუფი Take 6.

ფოტო: Shermazana

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება