ძველი კინოსტუდიის შენობის ეზოში შევხვდი - ჩემს შვილებს ვიღაც ბავშვი ელაპარაკებოდა: ეს რა კარგი გოგოები მოსულან, აბა, მითხარით, რა გქვიათო? კარგა ხანს ეძებეს გარშემო ამ სიტყვების მთქმელი, მაგრამ ერთი ხანში შესული კაცის მეტი ვერავინ შენიშნეს. მათი გაკვირვებული სახეების შემყურეს, მოხუცს გაეცინა და ბავშვის ხმით თქვა: რა გაოცებულები იყურებით, ბავშვებო? მოდით, აბა, ჩემთან, გაგიცნოთ... ეს კაცი 72 წლის ლევან წიქარიძე აღმოჩნდა, ახლობლები გივიდ იცნობენ, მეტსახელად კი წრუწუნას ეძახიან - თუ რატომ, მისი მონაყოლიდან შეიტყობთ.
- წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ. მამაჩემი ახალგაზრდობისას გორის რაიონში, სოფელ მერეთში დასახლებულა. პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს მეხსიერებას კარგად შემორჩა მაშინდელი ამბები. ტყუპისცალი დაც მყავდა და 16 წლისა ბატონებით გარდამეცვალა. მამაჩემის მხრიდან პაპა 127 წლის იყო, შვილიშვილის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და ორ კვირაში გაჰყვა უკან. 3 ძმა მყავდა მამაჩემის პირველი ქორწინებიდან. მამა ომში რომ წასულა, ის ქალი სხვაზე გათხოვილა. დედაჩემი პოლონელი იყო, ომის დროს გაუცნიათ ერთმანეთი, შეჰყვარებიათ და საქართველოში ჩამოუყვანია 1945 წელს. დედაჩემი თურმე აქაურ პირობებს ვერ შეეგუა და წავიდა. მერე მამამ შეირთო სხვა ქალი, ვისაც მე დედას ვეძახდი. აცხონოს უფალმა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. 7 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და ამ ქალმა გამზარდა. სამხედროდან რომ ჩამოვედი, მერეღა გავიგე, რომ სხვა დედა მყავდა. ბევრი ტკივილი და გაჭირვება შემხვდა ცხოვრებაში. როგორც კი დროს გამოვნახავდი, მაშინვე სამაჩაბლოსკენ გავრბოდი. ბელოთში მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა. გორში ამჟამად ჩემს მამაპაპეულ სახლში ჩემი ძმისშვილები ცხოვრობენ. სკოლა წარმატებით დავამთავრე, შემდეგ თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად და სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. მაშინ ძალიან ფულიანი უნდა ყოფილიყავი, სამედიცინოზე რომ მოწყობილიყავი. მისაღებ გამოცდაზე იმდენი რამ მკითხეს, მაინც ჩამჭრეს. ავდექი და კომისია მოვითხოვე, - რაკი უპატრონო ვარ, გგონიათ, არ ვიბრძოლებ? სკოლაში რაც მისწავლია, მკითხეთ და ყველაფერზე პასუხს გაგცემთ-მეთქი. კომისიის წევრები გაგიჟდნენ, ჩემი პასუხები რომ მოისმინეს და გამომცდელებს უთხრეს, ამ ცოდნის პატრონს როგორ არ იღებთ პირველ კურსზეო? მოკლედ, დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ტოქსიკოლოგი ვარ პროფესიით, 2 წელი ვიმუშავე მიხაილის საავადმყოფოში.
- ტოქსიკოლოგი მულტფილმების გამხმოვანებელი როგორ გახდით?
- ბებიასთან ვცხოვრობდი, კამოს ქუჩაზე. მეზობელი ცოლ-ქმარი კინოსტუდიაში მუშაობდა: ქალი მხატვარი იყო, ქმარი - ოპერატორი. ერთხელ მომისმინეს, იმიტაციებს რომ ვაკეთებდი, ხან ბავშვის ხმაზე ვლაპარაკობდი, ხან ბაყაყს ვბაძავდი, ხან ჩხიკვს და შემომთავაზეს, წამოდი, არ გაინტერესებს, კინოსტუდიაში რა ხდებაო? მახსოვს, წყალი მომწყურდა და დავეწაფე. ამ დროს ვიღაც კაცმა მითხრა, - დალიე, შვილო, ვინც ეგ წყალი დალია, აქედან აღარ წასულაო. ბავშვის ხმაზე გავეპასუხე: რას მელაპარაკებით-მეთქი. გაიმეორეო, - მითხრა. მიხეილ ჭიაურელი აღმოჩნდა ის კაცი. აბა, გამომყევი ერთ ადგილასო და ამიყვანა მეორე სართულზე, სადაც მულტფილმების სტუდია იყო. დაუძახა ვიღაცას, ყური დაუგდე, როგორ ლაპარაკობსო. მეც ხან ბავშვივით დავიწყე ტიკტიკი, ხან ვიტირე, ხან ქალის ხმაზე დავილაპარაკე, მერე სხვადასხვა ცხოველსა და ფრინველს მივბაძე და გადაირივნენ: სხვა რაღად გვინდა, ამ ერთ კაცს შეუძლია ყველაფრის გახმოვანებაო. მაშინ 18 წლის ვიყავი. თან ინსტიტუტში ვსწავლობდი და თან აქ ვმუშაობდი. მერე ორივე სამსახური ერთად ვეღარ შევძელი და იმდენად მომეწონა ჩემი ახალი პროფესია, რომ ტოქსიკოლოგობას თავი დავანებე. მაშინ ბევრ მულტფილმს იღებდნენ და თანაც, საუკეთესოებს, დრომ რომ ვერაფერი დააკლო, ისეთებს. როგორია "ჩხიკვთა ქორწილი", "მტრობა", "წუნა და წრუწუნა"... განაგრძეთ კითხვა