რას აკეთებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც 10 წლის წინ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო

რას აკეთებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც 10 წლის წინ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა და ყოველდღიურად, ჯერ კიდევ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე - ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან კვლავ სახეზეა მცოცავი ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. ამ პრობლემის მოგვარება საქართველოს შესაძლებლობებს აღემატება და ერთადერთ იმედად, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა რჩება.

ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო ფუნქციონირება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას. მისიის პრიორიტეტებია საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა...

თუმცა, ამ უკანასკნელის განხორციელება სრულყოფილად ვერ ხერხდება, რამდენადაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

მისია 24-საათიან პატრულირებას ახორციელებს. მისი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. ამჟამად, მისიაში მუშაობს 204 დამკვირვებელი ევროკავშირის 23 წევრი ქვეყნიდან. AMBEBI.GE-ს სწორედ ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრების საშუალება მიეცა.

იურგიტა ვილპისაუსკაიტე ლიეტუვადან არის და მისიაში უკვე წელიწადი და 3 თვეა მონაწილეობს. თავის ქვეყნაში პოლიტიკური კომუნიკაციის სფეროში მუშაობდა და მსოფლიოს გარშემო არაერთ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში მიუღია მონაწილეობა, როგორც საერთაშორისო ექსპერტს. საქართველოში ჯერ კიდევ 12 წლის წინ იმყოფებოდა და მას შემდეგ ყოველთვის ფიქრობდა უკან დაბრუნებაზე, ამიტომაც გადაწყვიტა მისიის წევრების შესარჩევ პროცესში მიეღო მონაწილეობა და ერთი თვის თავზე გახდა ადამიანური უსაფრთხოების გუნდის წევრი, მცხეთის რაიონულ ოფისში.

ამ გუნდის მთავარი ამოცანა ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის გაცნობა და ანალიზია. ასევე ჩვენს კომპეტენციაში შედის დროებით გადაადგილებულ პირებთან კომუნიკაციის დამყარება, ეთნიკური უმცირესობების თემაზე მუშაობა და ხელმისაწვდომ, ღია წყაროებზე მონიტორინგის უზრუნველყოფა

იურგიტას ტიპიური დღე დილით ბრიფინგით იწყება, რომლის არსიც დამოკიდებულია მისიის იმ დღის გეგმაზე. ყოველდღიურად სხვადასხვა ამოცანებს იღებენ და იმის მიხედვით გეგმავენ დღეს. მაგალითად, შეიძლება მოუწიოს ახალგორში წასვლა, ან დროებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა ან სულაც სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრა (რომელიც ასევე მისიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია).

"გუნდში ორი საერთაშორისო დამკვირვებელი ვმუშაობთ, ერთი ადგილობრივი თარჯიმანი და ერთიც - სამედიცინო დახმარების წარმომადგენელი. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ვბრუნდები ოფისში და ვამზადებ ანგარიშს, რომელიც ჯერ სხვა ანგარიშებთან ერთად თბილისში სათაო ოფისს, შემდეგ კი ყოველკვირეული ანგარიშების სახით ბრიუსელს ეგზავნება" - ამბობს მისიის წევრი.

ვილპისაუსკაიტეს ყოველდღიურად უწევს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადგილობრივებთან შეხვედრა და იქ არსებულ პრობლემებზე ინფორმაციის შეგროვება. მისი თქმით, ხალხს ბევრი პრობლემა აწუხებს, რომელთა შორისაცაა ირიგაციასა და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. აღნიშნული პრობლემები აუცილებლად აისახება მის მიერ შედგენილ ანგარიშებში და იგზავნება ბრიუსელში, რომელზე წვდომაც თავის მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდროდ კონტროლირებად ჯგუფს აქვს.

„ზოგჯერ არასწორი შეხედულება ყალიბდება, რომ რაკი ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე ვმოქმედებთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გვაქვს მოქმედების ნებართვა, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მხარეს, თუმცა სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ ვაკვირდებით პროცესს, ვაგროვებთ ინფორმაციას და ვაგზავნით ბრიუსელში, შესაბამის ინფორმაცია კი ზოგჯერ წევრ სახელმწიფოებსაც ეგზავნებათ. თუნდაც, ინციდენტების პრევენციისა და საპასუხო მექანიზმების შეხვედრაზე, მხოლოდ არსებული გამოწვევების გადაჭრაზე ვმსჯელობთ და მოპოვებულ ინფორმაციას არ ვუზიარებთ მხარეებს“ - გვეუბნება ვილპისაუსკაიტე.

რესპონდენტის განცხადებით, მისია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. იგი უზრუნველყოფს ნეიტრალური და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გარდა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებისა, რესპოდენტმა საქართველოზე მისი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა. მისი თქმით, ძალიან აინტერესებს ქვეყნის კულტურა, მოხიბლულია ბუნებითა და ხალხით.

როგორც სამუშაოს შესრულების დროს, ისე დასვენების დღეებშიც ბევრ ადგილას ვყოფილვარ. მიყვარს ხელშეუხებელი და ნაკლებად დასახლებული ტერიტორიების მონახულება, სადაც ხშირად შეხვდებით უნიკალურ და ველურ ბუნებას. ბერებისა და მწყემსების გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა

მისი თქმით, ზოგადად მოსახლეობის დამოკიდებულება, როგორც საზღვრისპირა სოფლებში, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, პოზიტიურია: „თითქმის ყველა სცნობს ჩვენს ლურჯ ჟილეტებსა და მანქანებს. ზოგჯერ გვეპატიჟებიან სახლში და გულთბილად გვიღებენ.“

იურგიტამ ასევე გვითხრა, რომ საქართველოში აფასებს ადგილობრივების პატივისცემას საკუთარი ტრადიციებისადმი და ამასთან იზიდავს ქვეყნის თვალწარმტაცი ლანდშაპტი, მთიდან დაწყებული უდაბნოთი დამთავრებული - "სოფლის ხიბლი შერწყმული ადგილობრივების ადათ-წესებთან და ექსპრომტული სიტუაციები ნამდვილად ამდიდრებს ჩემს წარმოდგენებს და ეს არის ის, რაც მომწონს საქართველოში", - გვითხრა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

ესაუბრა გვანცა კაკაურიძე

ფოტოები: Valeria Elefterie, Adam Moller, Fallcolm Cuenca

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ