ავტორი:

"წყალში გამორიყული ყოველი ცხედარი ტრაგედიაა ჩემთვის" - გაიცანით მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

"წყალში გამორიყული ყოველი ცხედარი ტრაგედიაა ჩემთვის" - გაიცანით მაშველი, რომელმაც 700 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

დღე არ გავა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მთასა თუ ზღვაზე ადამიანის გადარჩენის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია... აქტიური კამპანიის მიუხედავად, ადამიანები არ უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს და რისკავენ... ექსტრიმისთვის ზღვაში შტორმის დროსაც კი შედიან; მიდიან მოუმზადებლები მთაში სალაშქროდ და არ ითვალისწინებენ მაშველების ან გამოცდილი ადამიანების რჩევებს. უსაფრთხოების ზომების დაუცველობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევებით სრულდება, თუმცა, ზოგჯერ უმართლებთ და მათთან დროულად ჩნდებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ისინი იმ განსაკუთრებულ ფაქტებზე გვიამბობენ, როდესაც სხვისი სიცოცხლე, საკუთარის ფასად გადაურჩენიათ...

გოჩა ბილვანიძე, საზღვაო-სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსი:

- მერვე წელია რაც მაშველად ვმუშაობ და ამ დროის განმავლობაში, 700-მდე ადამიანი მყავს გადარჩენილი. რამდენია დაღუპული არ ვიცი, რადგან უმეტეს შემთხვევაში იმ ადგილას "პოსტფაქტუმ" მივდივარ. ზღვის სანაპიროებზე უბედური შემთხვევა გაუფრთხილობელობით ხდება, როდესაც მშობელი ვერ აქცევს შვილს ყურადღებას და ბავშვს ტალღა იტაცებს; ასევე, როდესაც ადამიანი ნასვამი შედის ზღვაში საბანაოდ, ან ღამე შედის, ნაბახუსევი... ან ექსტრიმის მოყვარულები შტორმში შედიან...

ყოფილა შემთხვევა, 5-ბალიან შტორმში შევსულვარ ზღვაში, ნავებიც ვერ შედიოდა ისეთი უამინდობა იყო... ამას წინათ, ირანის ორი მოქალაქე გადავარჩინე. შეშინებულები იყვნენ და ცოტათი რცხვენოდათ კიდეც, უამრავი მადლობები იხადეს... ექსტრიმის გამო შევედით, მაგრამ გამოსვლა გაგვიჭირდაო... ყვირილი დაიწყეს, გადარჩენას ითხოვნდნენ. ნაპირიდან შევამჩნიეთ და სამმა მაშველმა შევცურეთ. ეს იყო ზღვასთან, სტიქიასთან ბრძოლა.

შტორმის დროს რისკი იზრდება, თან ტალღებთან ბრძოლა გიწევს, თან ადამიანი არ უნდა დაკარგო. ამასთან, ასეთ დროს, ყველაფერს წუთები კი არა, წამები წყვეტს. ერთი სიტყვით, გაგვიმართლა ჩვენც და მათაც და გამოვიყვანეთ, მაგრამ ყოველთვის არ გვიმართლებს... ყოველი გადარჩენილი სიცოცხლის შემდეგ, ღმერთს მადლობას ვწირავ დახმარებისთვის... ამდენი წელია ვმუშაობ და ზღვაში, მდინარესა და ტბაში ნაპოვნი ან გამორიყული ყოველი ცხედარი, დღემდე ტრაგედიაა ჩემთვის, რადგან ყოველდღე ვებრძვი სიკვდილს და სიცოცხლის ფასიც ვიცი...

მუდმივი საინფორმაციო კამპანიის შემთხვევაშიც კი არ ითვალისწინებენ გაფრთხილებას. არადა, ყოველწუთიერად ვიღებთ ინფორმაციას ამინდის შესახებ და ვავრცელებთ მას, ვწევთ ალმებს, თეთრი ალმის შემთხვევაში ბანაობა დაშვებულია, წითელის შემთხვევაში - აკრძალული, მაგრამ არ ითვალისწინებენ. მაინც ხდება უბედური შემთხვევები.

მიშა ხუციშვილი, 34 წლის, უფროსი ლეიტენანტი:

- მეხუთე წელია ამ სამსახურში ვმუშაობ... მთამსვლელი ვარ, ყაზბეგში მყინვარწვერი დამილაშქრავს, რომელიც 4250 მეტრზეა ზღვის დონიდან და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს... თუმცა ბუნება ისეთი უცნაურია, რომ არავინ არ უნდა თქვას, მორჩა, მე ყველაფერი ვიციო... მთა და მასთან დაკავშირებული რისკები კარგად უნდა იცოდე. რელიეფი იცვლება, როგორც გაზაფხულზე, ასევე, ზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში. თოვლის დონე და ნაპრალები მატულობს, ყველა სეზონზე სხვადასხვა გზაა და შესაბამისად ხიფათიც ხდება.

ზოგს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ რომანტიკაა, საკუთარ თავზე გამარჯვება და სიამოვნების მიღება. სინამდვილეში, ეს ძალიან დიდი რისკია და რამდენადაც ლამაზია და საინტერესო, იმდენად სახიფათოა, თუ მოუმზადებელი და გამოუცდელი ხარ, შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს... გამოცდილება კი წლების განმავლობაში გროვდება.

საქართველოს მთებს მართლაც უამრავი სტუმარი ჰყავს, მათ შორის ბევრია პროფესიონალი და შესაბამისად მომზადებული. ბოლო წლებში განსაკუთრებით, პოლონეთის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები ჩამოდიან... მათ გარკვეულ ნაწილს რაღაც დონეზე აქვს ინფორმაცია საქართველოს მთის რელიეფზე, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მოუმზადებლად არ შეიძლება წასვლა და ეს გასეირნება ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს...

ჩვენ ვაკვალიანებთ, თუმცა ბევრი დამოუკიდებლად ცდილობს მთების დალაშქვრას და იწყება პრობლემებიც. არ იციან სად, რომელი გზებით იარონ, სად არის ნაპრალები, კლდის ჩამოშლის საფრთხე, ასევე, არ აქვთ აღჭურვილობა - სამთო "ბათინკი", წრიაპი, თოკი, "ლენტარუბი" ანუ ყინულზე ჩასარჭობი, რითაც შემდეგ გადაადგილდებიან, ზურგჩანთა, ჯოხები, "შლემი"... ასევე არ აქვთ თბილი ტანსაცმელი, არ მიჰყავთ გამყოლი, ან მიჰყავთ არაპროფესიონალი, ეს კი უფრო დიდი შეცდომაა..

როდესაც ვეუბნებით, თქვენი გამყოლი თავადაც არ არის შესაბამისად აღჭურვილი-მეთქი, ზოგი ითვალისწინებს, ზოგი გზას განაგრძობს... ამ გაზაფხულზე შეგვატყობინეს, პოლონეთის სამი მოქალაქე მყინვარწვერიდან ბრუნდებოდა თხილამურებით და არ იცოდნენ რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ, არც "ჯიპიესი" ჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი ნაპრალში ჩავარდა და ფიზიკური დაზიანებები მიიღო. დანარჩენ ორსაც თოკი არ ჰქონდა, რომ მას დახმარებოდნენ... ერთი სიტყვით, მათ დასახმარებლად ვერტმფრენით წავედით და ის ორი პოლონელი იმ ადგილას ავიყვანეთ, სადაც მათი თანამგზავრი ჩავარდა. დაახლოებით 20-25 მეტრი ნაპრალი იყო... მხარი ჰქონდა დაზიანებული და თითქმის გაყინული იყო... იქიდან ყაზბეგში, საავადმყოფოში გადავიყვანეთ, საბედნიეროდ, გადარჩა.

არის ზონები, სადაც კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით უნდა ახვიდე. მაგალითად, გერგეტის სამების ასასვლელთან, სამ ენაზე წერია, რომ აღჭურვილობისა და გამყოლის გარეშე არ შეიძლება ასვლა, შესაბამისი ბანერებიც არის, თუმცა, მაინც მიდიან. კანონი არ ზღუდავს.. არადა, ადამიანის გადარჩენისას, შენც რისკავ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამას შეჩვეული ვართ, მაგრამ ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩვენი ჩარევა უკვე დაგვიანებულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი