ავტორი:

გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

გაიცანით რობოტი ვანო, რომელიც ჩურჩხელებს ავლებს და "შალახოს" ცეკვავს

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ რობოტებს, რომლებსაც ნივთების გადაადგილება და სიარული შეუძლიათ, მხოლოდ იაპონიაში, ჩინეთში ან აშშ-ში ამზადებენ, ამ წარმოდგენას რობოტი ვანო დაგიმსხვრევთ. ის თავისი ხელით შექმნეს ქართველმა მოსწავლეებმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიიდან.

თავდაპირველად, ვანო ყუთში ჩაწყობილი ათობით წვრილ-წვრილი დეტალი იყო, საიდანაც 20-მდე მოსწავლემ რობოტი ააწყო. მოსწავლეთაგან სამი - სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი, რობოტს საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმოადგენს. ვანოს, რომელიც პლანშეტიდან იმართება, შეუძლია გადაადგილება, ნივთების აღება, დანიშნულების ადგილზე მიტანა და ჩამოკიდება. ვანო ასევე ცეკვავს და ჩურჩხელებსაც კი ავლებს.

"ქართველ რობოტს" ბავშვები ოლიმპიადაზე First Global წარადგენენ და ვანო შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას. First Global-ი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც უკვე მეორე წელია საქართველოს გუნდიც მონაწილეობს. კონკურსი ამჯერად მექსიკაში ტარდება, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის 175 გუნდი შეეჯიბრება. კონკურსის თემა განახლებადი ენერგიებია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ.

როგორც საქართველოს გუნდის ერთ-ერთმა წევრმა სოფო კევლიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, რობოტებს მუყაოს ყუთების აღება, ტრანსპორტირება, მათი სიმაღლეზე შეყრა, მზის ბატარეების ჩამოკიდება და ქარის ტურბინის დატრიალება ევალებათ.

„იმის გამო, რომ ამდენი ოპერაცია არის შესასრულებელი, რობოტი ძალიან სხარტი და მოქნილი უნდა იყოს. ვანო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდში ორ სხვა ქვეყანასთან ერთად უნდა ვიყოთ, მისი ეს უნარები გამოგვადგება, რადგან თუ სხვის რობოტს რაიმეს გაკეთება არ შეეძლება, ამ საქმეს ჩვენი ვანო გააკეთებს“ - აღნიშნა სოფომ.

რობოტი ვანოს შექმნაში და დაპროგრამებაში საქართველოს გუნდს მენტორი, ილია მესტვირიშვილი დაეხმარა. როგორც ბავშვები განმარტავენ, რობოტის შექმნისას მათ ბევრი დეტალის შესწავლა მოუხდათ. ამასთან, მოსწავლეებს კონკურში მონაწილეობის მისაღებად ფინანსური დახმარება სკოლამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ და First Global-მაც გაუწიეს. გუნდის წევრების თქმით, ვანოს ნაწილების ღირებულება 3 000$-ია და მათ შესაძენად ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რაც სკოლისა და დამფინანსებელი კომპანიის მიერ მიიღეს კიდეც.

„ჩამოსულ ნაწილებს რომ შეხედავდი, იფიქრებდი, რომ ამისგან არანაირი რობოტი არ გამოვიდოდა, ამიტომ დავიწყეთ სწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა, მათი მეშვეობით რობოტი შეგვექმნა, თანაც დამატებითი ნაწილების გამოყენების უფლება არ გვქონდა. თავდაპირველად, მასწავლებელი ყველას მცირე დავალებებს გვაძლევდა. ერთი თვის განმავლობაში რობოტის სხვადასხვა ნაწილებს ვაწყობდით. დაპროგრამებას და მთავარ დიზაინზე მუშაობას რომ მოვრჩით, შემდეგ დავიწყეთ მისი დახვეწა“, - აღნიშნა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა შალვა ბეგიაშვილმა.

როგორც გუნდის წევრები იხსენებენ, პირველი ეტაპი რობოტის დაპროგრამება იყო, რომელიც მისი Gamepad-ის (კონტროლერი) მეშვეობით მართვის საშუალებას მისცემდათ.

„პროგრამაში წერია, როგორ უნდა იაროს, რომელ ღილაკზე რა ფუნქცია ექნება, როგორიცაა მაგალითად, ხელის აწევა-დაწევა, გაშლა და სიარული. რობოტს პულტით ორი ადამიანი მართავს, ერთს ხელის მართვა ევალება, მეორეს რობოტის გადაადგილება და წინა ხელების კონტროლი. გვაქვს პლანშეტი, რომელშიც Gamepad-ებს ვაერთებთ და სიგნალი რობოტს მათი საშუალებით გადაეცემა“, - განმარტა სოფო კევლიშვილმა.

ვანოს ავტორებს იმედი აქვთ, რომ მათი რობოტი კონკურსში წარმატებული იქნება. ამასთან, გასულ წელს საქართველომ First Global-ის შეჯიბრში 163 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა, ამიტომ ქართველ მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ შედეგის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ და ქვეყანას პოზიტიურად წარმოაჩენენ.

„საქართველოს მონაწილეობა პირველ რიგში იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ გაგვიცნონ, რადგან საკონკურსო სიის ძალიან ბევრი ქვეყნის შესახებ ჩვენც კი არ ვიცით და ალბათ, სხვებიც ასე არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რობოტით კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, რომ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, შეგვიძლია, საკმაოდ კარგი რობოტი წავიყვანოთ. ამ მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქართველ ახალგაზრდებს ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში განვითარების იმდენი რესურსი ჯერ კიდევ არ აქვთ და ასეთ გამოცდილებას რომ იძენ და ხვდები უცხოელ ახალგაზრდებს, რომლებიცამ სფეროში ძალიან გამოცდილები არიან, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სოფომ.

რაც შეეხება შეჯიბრში გამარჯვებულებისთვის განსაზღვრულ პრიზებს, როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნიკა გეგეჭკორი განმარტავს, ოლიმპიადის ძირითადი მიზანი გლობალური პრობლემის გარშემო გაერთიანება და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნის გაზიარებაა, ამიტომ აქ ძირითადად, ნომინაციები სახელდება და როგორც სხვა შეჯიბრებში, ისეთი წესები არ მოქმედებს. გარდა საკონკურსო დავალებების შესრულებისა, ვანოს ავტორებმა რამდენიმე ჰობიც მოუძებნეს. მაგალითად, მან უკვე ჩურჩხელებიც ამოავლო და ტრადიციული ქართული ცეკვაც შეასრულა.

„ძალიან დაღლილები ვიყავით და უცებ ვიფიქრეთ, ვანოს ქართული ცეკვა ხომ არ ეცადა, თავიდან ქართული ცეკვით დავიწყეთ და მერე ვიფიქრეთ, რომ თავზე ბოთლითა და ხელსახოცით აცეკვებაც შეგვეძლო, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თან მივხვდით, რომ ხელების დატრიალება და გარკვეული მოძრაობების შესრულებაც შეიძლებოდა, შესაბამისად, აჭარულიც იცეკვა. რაც შეეხება ჩურჩხელას, სპონსორებთან შეხვედრა გვქონდა და მექსიკაში წარმოსადგენ ქართულ სტენდთან დაკავშირებით ვსაუბრობდით.

ყველა გუნდს თავისი სტენდი აქვს, რომელზეც იმ ქვეყნის კულტურის დამახასიათებელი კერძებისა თუ აქსესუარების გამოფენა შეუძლია, რომელსაც წარმოადგენ. გადავწყვიტეთ, მექსიკაში ჩურჩხელა ჩაგვეტანა და სპონსორებმა სპონტანურად მოიფიქრეს, რომ ჩურჩხელა ვანოს ამოევლო, უცებ ქიმიის კაბინეტიდან ჭურჭელი გამოვიტანეთ, მართლაც თათარა აქვე მოვადუღეთ და ვანომ ჩურჩხელებიც ამოავლო“, - იხსენებს სოფო.

გუნდის მენტორს ილია მესტვირიშვილს იმედი აქვს, რომ გუნდი სწორედ იმ შედეგს მიიღებს, რა მოლოდინიც აქვს, რადგან მისი თქმით, ბავშვებმა ძალიან ბევრი ისწავლეს და იმუშავეს, რომ ოლიმპიადაზე საქართველო დადებითაც წარმოაჩინონ. „ამ ოლიმპიადისგან პირველ რიგში ველით, რომ ბევრი ქვეყნიდან ძალიან საინტერესო ადამიანებს შევხვდებით, რისი შანსიც სხვაგან არ გვექნება. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლება, ვნახოთ, თუ როგორ გაართვეს თავი სხვა ქვეყნების გუნდებმა მოცემულ დავალებას და ასევე ვაჩვენოთ ჩვენი ნაშრომი და მივიღოთ მათგან უკუგება, რაც ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა ილია მესვირიშვილმა.

ვანოს ავტორებს მისი და ჰუმანოიდი სოფიას შეხვედრის ორგანიზებაც უნდოდათ, როცა მისი ვიზიტი საქართველოში ცოტა ხნის წინ შედგა. თუმცა შალვა ბეგიაშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ვანოს მაშინ ისეთი ცნობადობა არ ჰქონდა, როგორიც ახლა, ამ შეხვედრი ორგანიზება ვერ მოხერხდა.

"თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში მაინც შეხვდებიან და გაიცნობენ ერთმანეთს. თუ სოფიას არა, გვინდა, რომ სხვა რობოტები მაინც გაიცნოს“, - აღნიშნა შალვამ. რაც შეეხება ვანოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს, გუნდის წევრების თქმით, სურთ, რომ მისი შესაძლებლობები უფრო გაუმჯობესდეს და გარკვეული იდეებიც აქვთ, რომლებსაც ჯერ არ ახმაურებენ.

ავტორებმა ვანოს სახელი თავიანთი სკოლის თანამშრომლის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც მათი თქმით, კეთილშობილი, მოწესრიგებული და მზრუნველი ადამიანია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ