ავტორი:

ბოლო 5 წლის ყველაზე გრილი აგვისტო - რა იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და როდის იყო ყველაზე ცივი ზაფხული საქართველოში

ბოლო 5 წლის ყველაზე გრილი აგვისტო - რა იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და როდის იყო ყველაზე ცივი ზაფხული საქართველოში

წლევანდელი აგვისტო ივლისთან შედარებით, საქართველოში, მათ შორის თბილისში, საგრძნობლად გრილი აღმოჩნდა. საზღვაო კურორტებზე დასასვენებლად წასული მოქალაქეები წვიმიან ამინდებზე ჩივიან - შავი ზღვის სანაპიროზე აგვისტოს ნახევარი ისე გავიდა, რომ დამსვენებლები შტორმის და უამინდობის გამო ზღვაში არც კი შესულან და წვიმიანი ბათუმის თვალიერებაში ატარებენ შვებულების დღეებს.

რა განაპირობებს ტემპერატურის ასეთ ცვლილებას და როდის დაფიქსირდა აგვისტოს თვეში ყველაზე დაბალი ტემპერატურა საქართველოში - ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის ინფორმაციას.

მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის ლია მეგრელიძის თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში საქართველოში ამინდს, ძირითადად განაპირობებდა კავკასიონის ჩრდილოეთით დამყარებული მაღალი წნევის არე და მასთან დაკავშირებული შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც საქართველოში პერიოდულად ვრცელდებოდა ხან შავი ზღვის, ხან კასპიის ზღვის მხრიდან, რასაც დროგამოშვებით თან ერთვოდა სამხრეთის ტალღის მოქმედება. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებში, ან მცირედ მაღალი იყო. მრავალწლიურ ჭრილში, წელს იყო ბოლო 5 წელიწადში ყველაზე გრილი აგვისტოს პირველი ნახევარი.

"საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +23, +26°C-ის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +16, +22°C-ის ფარგლებში აღინიშნა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, აგვისტოს პირველი ნახევარი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში უხვნალექიანი იყო და ნორმასთან მიმართებაში, საშუალოდ, 1.5-3-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. ყველაზე ნალექიანი იყო შავი ზღვისპირა ზოლი და მიმდებარე დაბლობი ტერიტორია, სადაც ნალექების თვის ჯამების მაქსიმალური რაოდენობა (250-500 მმ) აღინიშნა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-40 მმ) ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში შეინიშნებოდა" - აღნიშნავს მეგრელიძე.

კლიმატის შესამჩნევ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსახლეობა საკმაოდ შეაწუხა, ვესაუბრეთ ექსპერტს - თსუ-ს საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე, პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი აღნიშნავს, რომ აგვისტოში წყალდიდობები იშვიათია და ბოლო 20 წელია, ასეთი წვიმა აგვისტოში არ ახსოვს:

- ამ პერიოდში საქმე გვქონდა ძალიან მარტივ პროცესთან: ამ ზაფხულს საქართველოში, სიცხის რეკორდი მოიხსნა. თუ აქამდე ვამბობდით, რომ მაქსიმალური ტემპერატურა - + 43,01 იყო, უკვე ლაპარაკია - +44,05-ზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე პერიოდში შავ ზღვაზე არნახული რაოდენობით აორთქლება ხდებოდა. სიცხემ აღმოსავლეთ საქართველოში გზა გაუხსნა შავი ზღვიდან მონაბერ ჰაერის მასებს, რასაც მოჰყვა ნალექი თავსხმა წვიმის სახით და შესაბამისად, აგრილება. მომდევნო ორი დღე უკვე ადგილობრივი წვიმები იყო, რადგანაც ამდენი ნალექის შემდეგ აორთქლება დაიწყო, წვიმები აღმოსავლეთ საქართველოში უკვე ადგილზე ჩამოყალიბდა.

ამის პირობები ახლაც იქმნება - ქარი არ არის, მაგრამ ღრუბლებს ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი აორთქლებაა და შესაბამისად, ადგილობრივი წვიმები განვითარდება. ნალექმა გახურებული ნიადაგის ზედაპირის გადაციება გამოიწვია და ტემპერატურების ვარდნა. ახლა ეს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება და უკვე დგება კიდეც ფაქტობრივად. ჩვეულებრივი ტემპერატურებია დამახასიათებელი, აგვისტოში ფერიცვალების წინ და შემდეგ პერიოდისთვის...

- ტემპერატურის კვლავ აწევა გამორიცხულია?

- გამორიცულია მოხდეს. რაც შეეხება წყალდიდობას და წყალმოვარდნას, ეს ჩვეული მოვლენაა, მაგრამ არა აგვისტოსთვის დამახასიათებელი, უბრალოდ, აქ მოხდა ნალექების დიდი რაოდენობით გამოყოფა. მაგალითად, ბოლო 20 წელია, ასეთი წვიმა აგვისტოში არ მახსოვს. ეს იმ პიკს უკავშირდება, რაც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია უკვე სხვადასხვა სამეცნიერო წრეებში გაისმა და ერთ-ერთ შეხვედრაზე ითქვა კიდეც, რომ შესაძლოა, შეიცვალოს ის მაჩვენებლები, რაც აქამდე ცნობილი იყო.

- წყალდიდობა ევროპაში იგივე პრინციპს უკავშირდება?

- იგივე პრინციპია - ატლანტის ოკეანიდან ხდება დიდი რაოდენობით აორთქლება, შემდეგ შემოტანა, რაც ჩვეულებრივი ცირკულაციური პროცესებია, ევროპისთვის დამახასიათებელი. საერთოდ, ბევრი სიცხე ბევრ ნალექს ნიშნავს - ერთმანეთთან კავშირშია და შემთხვევით არაფერი ხდება.

ინფოგრაფიკა: ლევან ტაბატაძე

მთავარი ფოტო: ანნა ოსტაშევსკაია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ