ავტორი:

"რუბიკ-კუბიკის წყალქვეშ პირველი აწყობა გონების დაკარგვით დასრულდა" - ქართველი ბიჭის გინესის რეკორდი, რომელმაც მისი პროფესია და მომავალი შეცვალა

"რუბიკ-კუბიკის წყალქვეშ პირველი აწყობა გონების დაკარგვით დასრულდა" - ქართველი ბიჭის გინესის რეკორდი, რომელმაც მისი პროფესია და მომავალი შეცვალა

სულ რაღაც 1 წუთსა და 44 წამში 18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა ექვსი რუბიკის კუბი წყალქვეშ ერთი ჩასუნთქვით ააწყო, ხოლო როდესაც ზედაპირზე ამოყვინთა და ჟანგბადი ჩაისუნთქა, უკვე გინესის რეკორდი ჰქონდა დამყარებული. 18 წლის ახალგაზრდამ ამერიკელი ენტონი ბრუკსის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც მსოფლიოს გინესის რეკორდი წყალქვეშ ხუთი რუბიკის კუბის აწყობაში დაამყარა. როგორც ვაკომ AMBEBI.GE-ს უამბო, იმისთვის, რომ 17 აგვისტოს გინესის მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა, 6 თვე ვარჯიშობდა.

ვინაიდან მისი ამოცანა როგორც სუნთქვის, ისე წონის კონტროლსა და პარალელურად ექვსი კუბის აწყობას მოიცავდა, მათ შესასრულებლად ინტენსიური მუშაობა იყო საჭირო. საბოლოოდ, თითოეული კუბი წყალქვეშ 10-15 წამში ააწყო, თუმცა ხმელეთზე იგივე შედეგის მისაღწევად სულ რაღაც 7-9 წამი სჭირდება. ვაკო თვითნასწავლი კუბერია. წყალქვეშ რუბიკის კუბიკის აწყობისა და გინესის რეკორდის დამყარების იდეა კი მას შემდეგ დაებადა, რაც ინტერნეტში ამერიკელი კევინ ჰეისის ვიდეო ნახა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და წყალქვეშ რვა რუბიკის კუბი ააწყო. ვაკოს თქმით, თავდაპირველად, მას ამ შედეგის გაუმჯობესება სურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გინესის წარმომადგენლობას მიმართა, შეიტყო, რომ რეკორდის დასამყარებლად სულ ექვსი კუბი უნდა აეწყო. ამის შემდეგ ვარჯიში დაიწყო. რუბიკის კუბის აწყობა ინტერნეტში მოძიებული ფორმულების მეშვეობით თვითონ ისწავლა, წყალქვეშ სუნთქვის დარეგულირებაზეც თავად მუშაობდა. შრომისა და ვარჯიშის შედეგად კი რეკორდის დამყარებაც შეძლო.

„წყალში ჯერ ნახევრად ვიყავი ჩასული, სუნთქვა დაახლოებით 15 წამში დავარეგულირე, რომ ჰაერი ნორმალურად ამეღო, იმიტომ რომ მცირე შეცდომის გამოც, ოდნავ მეტი ან ნაკლები ჰაერი რომ ჩამესუნთქა, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. პლუს ტანზე წონა არ მქონდა დაკიდებული და ლოგიკურად, ამის გამო წყალი ზემოთ მაგდებდა. ვცდილობდი, ზევით არ ამოვსულიყავი. ფეხებითაც, ზურგითაც ვცდილობდი, რომ ფსკერზე ვმჯდარიყავი, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და საერთოდ გფიტავს და ნებისმიერ დროს შეიძლება გაითიშო. მე მომიწია კუბის ჰაერის გარეშე აწყობა, რადგან წყლის ზედაპირზე არ უნდა ამოვსულიყავი და ფაქტობრივად, საფრთხეში ჩავვარდი, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამომივიდა“, - იხსენებს ვაკო.

თავდაპირველად, ვაკო მარჩილაშვილს რუბიკის კუბის ასაწყობად დაახლოებით სამწუთნახევარი დასჭირდა, თუმცა როგორც თავად იხსენებს, პირველი მცდელობა არასასიამოვნო იყო, რადგან გონების დაკარგვით დასრულდა. ვარჯიშთან ერთად შედეგებიც უმჯობესდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა დაამთავრა და პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვის მეცადინეობდა, რეკორდის დასამყარებლად დღეში მაინც 3-4 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა. ვიდრე, გინესის რეკორდის დამყარებას გადაწყვეტდა, ვაკოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლა და საკუთარი ბენდის შექმნა სურდა, რადგან საყვირზე უკრავს და ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. რუბიკის კუბთან და ყვინთვასთან დაკავშირებულმა გატაცებამ კი მისი სამომავლო გეგმებიც სრულიად შეცვალა.

„სანამ რუბიკ-კუბიკის აწყობას დავიწყებდი, მანამდე საყვირზე ვუკრავდი, რასაც, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ფილტვები და კარგი სუნთქვა სჭირდება, რომ ჰაერის მაქსიმალურად შეკავება შეძლო. შემდეგ რუბიკის კუბის აწყობა დავიწყე, წყალთან შეხება კი ალბათ ბოლო ნახევარი წელია, საერთოდ არ მქონია და ვერ წარმოვიდგენდი, რომ საყვირსა და რუბიკის კუბს ერთმანეთს რაღაცნაირად დავუკავშირებდი, საბოლოოდ კი ამან გინესის რეკორდის მოხსნის საშუალება მომცა. საყვირი სუნთქვას მივარჯიშებდა, შემდეგ რუბიკ-კუბიკზე გადავერთე, ახლა კი საყვირი ჰობად მაქვს და რუბიკის კუბი ცხოვრების ნაწილად, მანამდე კი ეს ყველაფერი პირიქით იყო“, - აღნიშნა ვაკო მარჩილაშვილმა.

გასულ ერთ წელიწადში რუბიკის კუბთან დაკავშირებულმა საკითხებმა ვაკოზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ პროგრამირებასა და ფიზიკაზე გადაერთო, სამომავლო პროფესიად კი საინჟინრო ფიზიკის არჩევა გადაწყვიტა. ამჟამად, აღნიშნულ მიმართულებაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლას აპირებს. ამასთან, მისი სამომავლო გეგმები ახალი რეკორდების დამყარებასაც უკავშირდება, რომელთა დეტალებზეც ვაკო ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა სურს, რომ რუბიკის კუბთან და ყვინთვასთან დაკავშირებული ყველა რეკორდი მოხსნას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ