ავტორი:

რა საფრთხეზე საუბრობს პაატა იმნაძე სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით - "ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია"

რა საფრთხეზე საუბრობს პაატა იმნაძე სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით - "ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია"

20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას მიმართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ ასაკში ავადდებიან წითელათი ყველაზე ხშირად და ამით საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

მისი ინფორმაციით, 2018 წელს წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

„წითელას ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია. ეს მოხდა საქართველოში 2003-2004 წლებში, ეს მოხდა 2014-2015 წლებში და ახლაც არის წითელათი დაავადების შემთხვევების მატება ქვეყანაში. წელს წითელას 1 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და ამ დაავადებით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის იმის შედეგი, რომ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის 10% არის არაიმუნური. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 500 000 მოქალაქეს შეიძლება წითელა დაემართოს. წითელა მონახავს ყველას, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. საკმარისია, გვერდზე გაგიაროთ ადამიანმა, რომელსაც წითელა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუნური, რომ თქვენც დაგემართებათ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოც მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გეგმური აცრები სავალდებულო გახდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან წითელას ეპიდაფეთქებები ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარაში დაიწყო. 2018 წლიდან წითელათი დაავადების შემთხვევებმა მთელი საქართველო მოიცვა.

მათივე ცნობით, წითელას გართულებების მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს 1 წლამდე ასაკის ბავშვები განეკუთვნებიან. აგრეთვე მაღალია წითელას შემთხვევები 1-4 წლის არავაქცინირებულ ბავშვებში.

პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას დაავადების გავრცელებას მხოლოდ აცრები შეაჩერებს. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილის სკეპტიციზმსა და შიშს აცრების მიმართ, საფუძველი არ აქვს.

"ერთადერთი რაც წითელას გააჩერებს, არის აცრა. აცრები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ამიტომ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მიმართონ პოლიკლინიკებს თავიანთი საცხოვრებლის მიხედვით და გაიკეთონ აცრა.გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ძირითადად რუსულენოვანი საიტებით იკვებებიან, სადაც ანტივაქცინალური კამპანიებია. ასევე არის დედების მცირე პროცენტი, რომლებიც აცრების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, ერთმანეთს რაღაც საშინელებებს სწერენ, უზიარებენ საიდანღაც მოტანილ არამეცნიერულ აზრებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ყველგან ხდება, მაგრამ რა დააშავა დედების იმ აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვისაც უნდა თავისი შვილი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.მათ შიშს საფუძველი არ აქვს. ეს არის თანამედროვე ვაქცინები, მაქსიმალურად გაწმენდილი, მაღალი ეფექტით და გვერდითი მოვლენები, პრაქტიკულად, არ გააჩნია,"- განაცხადა მან.

პაატა იმნაძემ წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ურჩია მათაც, ვინც ბავშვის გაჩენას აპირებს. მისი თქმით, ვაქცინა ორსულს დაიცავს ამ დაავადების გადადებისგან, რაც განსაკუთრებით საშიშია მუცლად მყოფი ნაყოფისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ