ავტორი:

ამერიკა-თურქეთი-რუსეთის სამკუთხედი და "ავტორიტარული ლიდერების გზები" - როგორია საქართველოს როლი სამი ქვეყნის დაპირისპირებაში

ამერიკა-თურქეთი-რუსეთის სამკუთხედი და "ავტორიტარული ლიდერების გზები" - როგორია საქართველოს როლი სამი ქვეყნის დაპირისპირებაში

ამერიკა-თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა რომ მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოზე არ აისახება, ეს ცხადია. არსებული რეალობიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ის მთელ ახლო აღმოსავლეთზე, რუსეთსა და სამხრეთ კავკასიაზეც მოახდენს გავლენას.

ქართველი ექსპერტების თქმით, ისეთი დიდი სახელმწიფოების რყევებმა, როგორც ამერიკა, რუსეთი და თურქეთია, შესაძლოა, მსოფლიოში ძალზედ მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს, რასაც ვერც საქართველო აუვლის გვერდს და ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ.

ამ თემაზე ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ლიზელ ჰაიცი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ "ამერიკა-თურქეთის დაპირისპირების ფონზე საქართველომ საკუთარი ძალა უნდა აჩვენოს".

პროფესორის თქმით, სიტუაცია უპრეცედენტოა, რადგან ამერიკაც და თურქეთიც, ნატოს ალიანსის წევრები არიან, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ წარსულში არაერთი სერიოზული უთანხმოება ჰქონიათ.

"მაგალითად, 1974 წელს თურქეთის შეჭრა კვიპროსში. 2003 წელს, თურქეთმა ამერიკისთვის დახმარების გაწევაზე უარი თქვა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება უპრეცედენტოა - ნატოს მოკავშირეების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, სავაჭრო ომი და მკაცრი რიტორიკა," - ამბობს ჰაიცი.

მისი შეფასებით, სინამდვილეში ეს დაპირისპირება ამერიკელი ევანგელისტი მღვდლის დაკავებას სულაც არ უკავშირდება. თურქეთის ეკონომიკას უკვე დიდი ხანია პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ გადმოიტანა ერდოღანმა არჩევნები 2019 წლის ნოემბრიდან წელიწადნახევრით ადრე.

"კრიზისიდან გაქცევა სურს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გადალახულია... პრეზიდენტი ერდოღანი პრეზიდენტ ტრამპს თურქეთში ნაციონალისტური განწყობების გასაღვივებლად იყენებს. მას ამაში დიდი გამოცდილება აქვს. ამის მაგალითია 2013 წელს, თურქეთში გარემოს დაცვის აქტივისტების მიერ დაწყებული დემონსტრაცია, რომელიც მოგვიანებით ერდოღანის წინააღმდეგ ეროვნულ პროტესტში გადაიზარდა. იმის ნაცვლად, რომ ერდოღანს მაშინ ხალხის წუხილისთვის მოესმინა, დემონსტრაციების მოწყობაში უცხოური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ებრაული ლობი დაადანაშაულა, საბოლოო ჯამში კი - ამერიკა, რადგან მას თურმე რეგიონში ძლიერი მუსლიმური სახელმწიფოს არსებობა არ სურს," - წერს ლიზელ ჰაიცი.

მისივე შეფასებით, დონალდ ტრამპის სოციალური ქსელში აქტიურობა სხვა არაფერია, თუ არა ამ რიტორიკის დადასტურება, რაც პირდაპირ ჰგავს ვლადიმერ პუტინის "თამაშის წესებს".

"ავტორიტარულ ლიდერებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ - ისინი მედიის გარიყვას ცდილობენ, რასაც ტრამპიც აკეთებს, ახდენენ ოპოზიციის დისკრედიტაციას და შიდა პრობლემებს გარე ძალებს აბრალებენ", - ამბობს დასავლელი პროფესორი.

როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკური მდებარეობის, ერთმანეთთან დაპირისპირებული სტრატეგიული მოკავშირეებისა და სხვადასხვა მიზეზების გათვალისწინებით საკმაოდ რთულ ვითარებაშია? ამ კითხვის საპასუხოდ პროფესორი ამბობს, რომ საქართველოსთვის საკუთარი თავის წარმოსაჩენად ახლა საუკეთესო დროა.

"საქართველო ფრთხილად უნდა დააკვირდეს თურქეთის მოქმედებებს. რუსეთს და თურქეთს არაერთი შეუთავსებელი უთანხმოება აქვთ, მათ შორის მთიანი ყარაბაღიც, სადაც რუსეთი სომხეთს უმაგრებს მხარს, თურქეთი კი აზერბაიჯანს", - აცხადებს ლიზელ ჰაიცი.

დასავლელი ანალიტიკოსის შეფასებით, გიულენის ექსტრადიცია და ამერიკელი პასტორის ბრენსონის გათავისუფლება უფრო ზედაპირული საკითხებია, რაზეც შეიძლება ამერიკა-თურქეთს დაპირისპირება ჰქონდეთ, განსაკუთრებით S-400 ტიპის სარაკეტო სისტემის ფონზე, რომლის ყიდვასაც თურქეთი რუსეთისგან გეგმავს. მისი თქმით, ცნობილია, რომ აღნიშნული სარაკეტო სისტემა ნატოს სისტემასთან შეუთავსებელი იარაღია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების საშუალებას მისცემს...

ამის მიუხედავად, რუსი პოლიტოლოგები თურქეთს მაინც უნდობლად უყურებენ და ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ, რომ ერდოღანის "ეშმაკურ განცხადებებს" არ უნდა ენდოს.

ანალიტიკოს ალექსეი კორენევის თქმით, ერდოღანი ძალაუფლების გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. სინამდვილეში მას უნდა, რომ ახლო აღმოსავლეთში გავლენიანი მოთამაშის ავტორიტეტი ჰქონდეს, თუმცა არც ნატოს დატოვება სურს, რადგან იცის, რომ რეგიონში არსებულ პრობლემებს დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევს... მისივე შეფასებით, ამერიკის მიერ თურქეთისთვის შექმნილი პრობლემებიც ერდოღანის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ტრამპი ამ რიტორიკით "ნაციონალიზმს აღვივებს".

და მაინც კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ასეთი ვითარებაში საქართველო, ლიზელ ჰაიცი პასუხობს:

"ეს იდეალური დროა, რომ საქართველომ საკუთარი თავი უფრო რელევანტური გახადოს და ყველას დაანახოს, რომ მის ხმას ძალა აქვს და ყურადღება უნდა მიაქციონ... ვფიქრობ, საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფიქრალი დღეს ის არის, რომ თურქეთი რუსეთისკენ ბოლომდე არ გადაიხაროს. დასავლეთთან დაპირისპირება, ვფიქრობ, დროებითია და ის ნატოს მოკავშირეებთან ღირებულებებში განსხვავებებს არ უკავშირდება. თურქეთი ცდილობს ალიანსს დაანახოს, რომ ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც არ არის იმით შეზღუდული, თუ რა სურს მისგან დასავლეთს. სინამდვილეში, მას ნატოში დარჩენა სურს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შავი ზღვაა. თურქეთი ისტორიულად დიდი სიფრთხილით აკვირდება შავ ზღვაში რუსეთის გაძლიერებას და ახლა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა", - აცხადებს ლიზელ ჰაიცი.

ფოტო: independent

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე