გორის საავადმყოფოს ობობის ნაკბენით რამდენიმე პაციენტმა მიმართა

გორის საავადმყოფოს ობობის ნაკბენით რამდენიმე პაციენტმა მიმართა

ბოლო დღეების განმავლობაში, სამედიცინო ცენტრ "გორმედს" ობობის ნაკბენით გამოწვეული ინტოქსიკაციით რამდენიმე პაციენტმა მიმართა. ერთ ერთი პაციენტი, სოფელ თორტიზაში მცხოვრები ანჟელა აკოფიანი "გორმედის" თერაპიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული. ქალბატონი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. პაციენტი აღნიშნავს, რომ მას ობობამ უკბინა.

"დაძინებას ვაპირებდი, როდესაც ბარძაყის არეში ტკივილი ვიგრძენი. ოთახში სინათლე ავანთე და აღმოვაჩინე, რომ საწოლში მცირე ზომის შავი ფერის ობობა იყო, რომელმაც მიკბინა. სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი ობობა სხვა დროს არ მინახავს. მალევე, ტკივილი ისე გაძლიერდა, გაუსაძლისი გახდა. ფეხის დადგმას ვეღარ ვახერხებდი (პარალიზების შეგრძნება მქონდა) და გარდა ამისა, მუცლის არეში კიდევ უფრო ძლიერდებოდა ტკივილი, სასწრაფოს გამოძახება გადავწყვიტეთ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ობობის ნაკბენი ასეთ შედეგს გამოიწვევდა. მეორე დღეა, საავადმყოფოში ვწევარ, ინტენსიური მკურნალობა მიტარდება, ახლა უკეთ ვარ, მაგრამ ფეხის გადადგმა ჯერ კიდევ მიჭირს", - განაცხადა ანჟელა აკოფიანმა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს მაღალი ხარისხის ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

დავით ყაზაიშვილი, სამედიცინო ცენტრ "გორმედის“ კლინიკური დირექტორი: "პაციენტს აღენიშნებოდა ნაკბენი ბარძაყის არეში, ზოგადი ინტოქსიკაციის ძალიან მაღალი ხარისი და ძლიერი ნევრალგიური ტკივილი. მოვათავსეთ სტაციონარში. ხორციელდება ინტოქსიკაციური და სიმპტომური მკურნალობა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა იმ სიმპტომების ნიველირება, რაც ფიქსირდებოდა - ქავილი, ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაცია. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად უკეთესია, თუმცა სრულად გამოჯანმრთელებული არ არის და შესაბამისი მკურნალობა გრძელდება. რაც შეეხება ობობას თუ სხვა მწერის ნაკბენს, დავუშვათ კრაზანა, ფუტკარი... რომელიმე მათგანის კბენის შემთხვევაში, შეიძლება ერთ ადამიანში მხოლოდ ქავილი წარმოიქმნას და სხვა შემთხვევაში უმძიმესი შედეგი დადგეს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა კონკრეტული პაციენტისთვის იყოს პერსონალური აუტანლობა ამ მწერის მიმართ და სხვა ადამიანის შემთხვევაში, ამ ტიპის გამოვლინებები არ დაფიქსირდეს".

ანჟელა აკოფიანის გარდა, ობობის ნაკბენის გამო, სტაციონარული მკურნალობა "გორმედში" კიდევ ერთ პაციენტს დასჭირდა. აღნიშნული მამაკაცი კლინიკაში ქარელიდან გადაიყვანეს.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ