ავტორი:

"იმედია, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა" - გაიცანით პოპულარული ქართველი ლექტორი, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს

"იმედია, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა" - გაიცანით პოპულარული ქართველი ლექტორი, რომელსაც უამრავი მსმენელი ჰყავს

ალბათ ყველას ჰყოლია და ჰყავს საყვარელი ლექტორი, რომლის ლექციაზე ყოფნა, მისი მოსმენა უყვარს, სიამოვნებს. ჩვენი რესპონდენტიც ლექტორია, პიარის ცნობილი სპეციალისტი კახა მაღრაძე. ამბობენ, სტუდენტებს ძალიან უყვართ და მის საჯარო ლექციებსაც უამრავი მსმენელი ესწრება. თუმცა თავად კახა ამაზე საუბარს გაურბის... მიაჩნია, რომ ლექტორი უნდა იყოს კომპეტენტური და ჰქონდეს კარგი გადმოცემის უნარი... უმალღესი სასწავლებლის ლექტორი მოგვიანებით გახდა, თავიდან ტრენერი იყო, ცოდნას და გამოცდილებას რიგ საკითხებში სხვადასხვა ტიპის აუდიტორიას უზიარებდა.

"როცა უკვე ჯეპრაში დავიწყე მუშაობა და სპეციალისტად ჩამოვყალიბდი, ტრენინგების მოთხოვნილებაც გაჩნდა, რადგან ამ მიმათულებით გამოცდილება მქონდა, უკვე ტრენინგები პიარშიც დავიწყე. მერე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პიარსკოლაც დავაარსეთ, სადაც ლექციების კურსი მაქვს, თუმცა მანამდე თავისუფალ უნივერსიტეტში უკვე ვკითხულობდი, მერე ჯიპაში, ილიას უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი ვარ - საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს ვასწავლი. ახლა იქ ერთ მიმართულებას ჩავუდექი სათავეში, ჯგუფს შევქმნით და განვითარებას დავიწყებთ, რადგანაც რეალურად პიარში ქართული სასწავლო კურსი და სახელმძღვანელო არ არსებობს - ამის ჩამოყალიბებაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. საერთოდაც, ჩემს მომავალს აკადემიურ სფეროს აქტიურად ვუკავშირებ", - ამბობს კახა.

- ვიცით, რომ შენს ლექციებს უამრავი მსმენელი ჰყავს. რითი ხსნი ამას?

- სავრაუდოდ, რამდენიმე ფაქტორია, თვითონ პიარი ყოველთვის საინტერესო, პოპულარული დარგია, თუმცა როდესაც უკვე რუტინულ საქმიანობაზე გავდივარ, საუბარს სპეციფიკურ ტექნოლოგიურ საკითხებზე ვიწყებ, ჩართულები ნაკლებად არიან და ამ დროს ინფორმაციას ნაკლებად იღებენ... ეს არ მომწონს... ყოველთვის ვცდილობ, ადამიანები მიწაზე ჩამოვიყვანო, რადგანაც პიარზე გადამეტებული წარმოდგენებია შექმნილი. ერთი მხრივ ეს არის ცალსახად მანიპულაციის იარაღი და მეორე მხრივ პიარის სპეციალისტი არ არის ჯადოქარი, რომელიც რაღაცას მოიგონებს, ან პირიქით, სიტუაციას გააფუჭებს... იმედი მაქვს, ჯადოქრის იმიჯი არ მაქვს, თორემ მეწყინებოდა. ამიტომ, ვამბობ, პიარი ჯადოქრობა არ არის, რუტინული საქმეა! აქ მნიშვნელოვანია გულწრფელობა, სანდოობა და რეცეპტიც ეს არის.

- როგორია თაობა, ვისთანაც ურთიერთობ?

- პიარის სკოლის კურსებზე შედარებით უფროსი ასაკის მსმენელთან ვმუშაობ, ვინც საკუთარი პროფესიულ განვითარებას ცდილობს, უმაღლეს სასწავლებლებში ცხადია, სტუდენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ადრეულ წლებთან შედარებით შეცვლილია, სასწავლს მაინც გამოცდებამდე მოიტოვებენ ხოლმე. ესეთი დამოკიდებულება კიდევ არსებობს. ასევე მგონია, რომ მოტივაცია, ინტერესი ნაკლებია, არ არიან მოწოდებული, როგორც ლექტორი დაგხარჯონ, შენგან მეტი და მეტი მიიღონ, ჯერჯერობით ასეთ მიდგომას ვხედავ... სამწუხაროდ, თითქმის ყველა უნივერსიტეტში ასეა, ფორმალურ მხარეს მეტი უპირატესობა ენიჭება - ოღონდ, კურსიდან კურსზე გადავიდნენ, საგნები დახურონ, რომ დიპლომი ჰქონდეთ, ცალკე მშობლებიც გაახარონ და დიპლომი სამსახურის შოვნაში გამოადგეთ. ასეთი სტერეოტიპული მიდგომა, როგორც ადრე, კვლავ არსებობს.

- ისიც გავიგეთ, რომ სტუდენტების უმეტესობა შენთან მეგობრობს, ახლობლობს. დისტანცია კლასიკური გაგებით, ლექტორსა და სტუდენტს შორის თქვენ შორის არ არსებობს?

- კი, კურსების მსენელი იქნება თუ სტუდენტი, უმრავლესობასთან ვმეგობრობ. ლექციებმა ბევრი ადამიანი შემძინა და მაპოვნინა, ჩემი სამეგობრო, საახლობლო, სანაცნობო გაფართოვდა, თუმცა ჯერ ბავშვი არავისთვის მომინათლავს... როდესაც ჯგუფური სამუშაოები გვაქვს და თავიანთი დავალებების პრეზენტაციას ახდენენ, შემდეგ ერთმანეთს ტაშით ამხნევებენ. ამაზე ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა, რომელთანაც ასევე ვმეგობრობ, თქვა: პიარის რა გითხრათ, მაგრამ ტაშის დაკვრა კარგად გვასწავლეთო...

- თავად რა მოთხოვნები გაქვს სტუდენტებთან?

- მეტ ჩართულობას ვითხოვ, ყველა ლექციაზე საკუთარი აზრის გამოხატვას. ხანდახან პირდაღებულები რომ არიან, ამაზე ვბრაზდები. ხომ ვამბობ, მოტივაციის ნაკლებობაა. ამას პირადადაც მკაცრად ვსაყვედურობ.

- გამოდის, მკაცრი ლექტორი ხარ?

- ადრე უფრო მკაცრი ვიყავი. სტუდენტი ლექციაზე 2 წუთი თუ დააგვიანებდა, არ ვუშვებდი, თუ წინასწარ არ ვიცოდი, რომ აგვიანდებოდა, დაგვიანების გამო ლექციიდან გამიშვია კიდეც, მერე მივხვდი, რომ ასეთი მიდგომით, დისციპლინას უფრო მიაქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე შინაარს, არადა, ჩემთვის შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია. მთლად ისეც არ გამოვიდეს, რომ ძალიან მკაცრი ვარ, ლექციაზე ვხუმრობ კიდეც. საერთოდაც მიყვარს ხუმრობა. ლექციებზე ეს დაძაბულობას ხსნის, ეფექტიანიც არის და აუცილებელიც... ამასთან, თუ სტუდენტი დამატებით რამე რჩევას, კონსულტაციას მთხოვს, ლექციის მიღმა, არავის ვზარდები, თუ წვეულებაზეც მიმიწვევენ, არც ამაზე ვამბობ უარს. ეს ყველაფერი კი ამ ჩვენს ურთიერთობებს განსაზღვრავს.

- რა საერთო რჩევის მიცემა შეგიძლია სტუდენტებისთვის და მშობლებისთვის?

- დღეს თანამედროვე პროცესებზე დაკვირვების ბევრი საშუალებაა, რადგანაც ამისთვის გახსნილია საინფორმაციო სივრცე, რაშიც ინტერნეტი გვეხმარება, ამ ყველაფრის გაცნობა არ უნდა დაეზაროთ. ასევე პროფესიული კუთხითაც ადვილია გადაწყვეტილების მიღება. თან, ნებისმიერი მიმართულებით - უმაღლესი სასწავლებლის, საგნის, მეთოდოლოგიის თუ სახელმძღვანელოების არჩევა. ამიტომ თუ სწორად დაინტერესდებიან, ყველაფერს გაეცნობიან, თავისთვის სასარგებლო რაღაცებს იპოვიან, ყველაფერი კი მათ უკეთეს განვითარებას, სწავლას, ან სწავლებას მოახმარონ. არ უნდა დაეზაროთ, იკითხონ, გაეცნონ სხვადასხვა ავტორს, სტატიას. მესმის, რომ ახალგაზრდული წლების გამოწვევები და ცდუნებები თავისას ითხოვს, მაგრამ ყველაფრის შეხამება და მოსწრება შეიძლება, მაგრამ ხომ ვამბობ, გული მწყდება, რომ მათ ინტერესის დეფიციტს ვამჩნევ. წარმატებული სტუდენტობაც ძალიან პირობითია. სტუდენტი მაშინაა წარმატებული, როცა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მიღებულ ცოდნას, სტატუსს ადეკვატურად გამოიყენებს. ამიტომ შეფასებისას მისი კარგი აკადემიური მაჩვენებლი, ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი ინდიკატორი არ არის. მთავარია, მერე რას იზამს.

- პროფესიულ არჩევანი ზოგადად როგორ უნდა გააკეთონ?

- იუნესკო ბოლო წლებში ახდენს იმ იდეის პოპულარიზაციას, სადაც სასკოლო, საბაზისო განათლება არის მთავარი, რადგანაც იმდენად ცვალებადი გარემოა, იმდენი პროფესია კვდება გარშემო და ყოველდღიურად იმდენი ახალი იბადება, რომ ისეთი არჩევანის გაკეთება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება და თავს ბოლომდე მიუძღვნი, ამის ალბათობა ძალიან დაბალია, ამიტომ პროფესიის არჩევა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს. ჩემს მაგალითზე გეტყვით, საერთოდ არ ვიფიქრებდი, თუ კომუნიკაციის სფეროში და საზოგადოებრივ სფეროში წავიდოდი, დიპლომატობა მინდოდა, საერთაშორისო ურთიერთობას ვსწავლობდი. მერე ისე მოხდა, რომ განათლების სფეროში მომიწია მუშაობამ, შემდეგ არჩევნების, ხან რა გამოვიცვალე და ხან - რა... ასე რომ, მალე დაგვჭირდება ადამიანები, ვინც რობოტებისთვის პროგრამებს დაწერენ, მათ ენას შექმნიან. საოცარი ხალხია მაგალითად, "აიტიშნიკები", სისტემებს მართავენ და კიბერუსაფრთხოებით არიან დაკავებული, ისინი მომავლშიც ბევრს შეძლებენ. ვინ იფიქრებდა, რომ ამდენი პიარმენეჯერი იქნებოდა, მაგრამ უკვე ყველაფერს სჭირდება კომუნიკაცია, სწორი წარმოჩენა, პიარი, პოზიციონირება, რომ შენს საქმეში წარმატებული იყო.

- მაგრამ კომუნიკაციისა და პიარის მიმართ დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია.

- კი, ერთი-ორი პიარმენეჯერი, მარკშეიდერივით გვჭირდება, - ასეთი დამოკიდებულება დღეს მართლაც არსებობს, მაგრამ არა უშავს, სულ უფრო ზუსტად გააცნობიერებენ დამსაქმებლები, რომ პიარი ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. რაც დრო გადის, ვისაც ფული აქვს, ამას მეტად აცნობიერებს, ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ უფრო წარმატებული იყოს. არასწორი მოლოდინების პრობლემა კი არსებობს, მაგრამ ამის ფონზე ნელ-ნელა ყველა დარგი ვითარდება და კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ