ავტორი:

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე..." - თსუ-ს 70 წლის სტუდენტის ტრაგიკული წარსული და ახალი ცხოვრება

თქვენი არ ვიცი და მე პირველად ვესაუბრე 70 წლის სტუდენტს და ანდაზის - "სწავლა სიბერემდეო" სისწორეშიც დავრწმუნდი. გიორგი მიქაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და მიაჩნია, რომ ეს სენსაცია სულაც არ არის. ადამიანი მეტი განვითარებისკენ მუდმივად უნდა ისწრაფოდეს.

ჩვენ ბატონი გიორგის ცხოვრებას თანმიმდევრულად გავყევით, ამბობს, რომ ახალგაზრდობაში რუსეთში ორი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, მათ შორის, ეკონომიკური ფაკულტეტი.

"რუსეთში ვცხოვრობდი და ყველა ეტაპი - ბაღი, სკოლა უმაღლესი სასწავლებლები იქ მაქვს გავლილი. საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს დავბრუნდი, მაშინ აქ რთული პერიოდი იწყებოდა. მამიდამ ბინა დამიტოვა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, თუმცა გადმოსვლის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. მე მინდოდა, მაგრამ მეუღლეს ამის სურვილი არ ჰქონდა.

ჩვენ შორის სხვა გაუგებრობას ესეც დაემატა და დავშორდით... 5 წლის შვილი მასთან დავტოვე. რაღაც პერიოდი მათთან კონტაქტი კი მქონდა, მერე საერთოდ დაიკარგნენ, არაფერი ვიცოდი მათზე. ჩემი ყოფილი მეუღლე გათხოვილა, უცხოელს გაჰყოლია, გვარიც შეუცვლია და ვეღარ ვპოულობდი... 22 წლის შემდეგ ჩემმა ვაჟმა თავად მომძებნა", - გვეუბნება გიორგი მიქაძე.

მას კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეორე მეუღლისგან შეეძინა. ქალი გერმანელი ყოფილა და მასზე საქართველოში გადმოსვლის შემდეგ იქორწინა, თუმცა 10 წლის წინ ბატონი გიორგი დაქვრივდა:

"ბავშვი 11 წლის დამრჩა, ცოლი აღარ მოვიყვანე და მარტომ გავზარდე. ჩემი კოტე ივნისში 22 წლის გახდა, კარგი ბიჭია, ახლა ცოლიც მოიყვანა... უფროსი ვაჟი კი ინგლისშია გაზრდილი" - გვიყვება რესპონდენტი.

გიორგი მიქაძემ თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო კონკურსში - იმ დროისთვის ახლადგახსნილ "რიტუალების სასახლეში" კადრებს არჩევდნენო.

"ჩემი ნაშრომი მოიწონეს და ცნობილი ქორეოგრაფის, ომარ მხეიძის მოადგილე გავხდი. მერე სამინისტროში, რომელიც ადგილობრივ კურორტებს კურირებდა, განყოფილების უფროსის მოადგილედ გადამიყვანეს. სწორედ მაშინ გაიხსნა კურორტი გუდაურიც, მახსოვს, 1988 წლის 5 მაისი იყო. მანამდე სომხეთის მიწისძვრის შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაობის აქტიური მონაწილეც ვიყავი, მინისტრის დავალებით, კოჯორში დევნილებისთვის სანატორიუმი, სკოლა გავხსენი... იმის მერე 90-იანი წლებიც დაიწყო, დავკარგე თანამდებობა და ყველაფერი," - ამბობს რესპონდენტი.

90-იან წლებში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობას ბარში დაკვრით გადაურჩა. ამბობს, რომ ბავშვობიდან, როგორც უამრავი მისი თანატოლი, როკით იყო გატაცებული და ეს დაეხმარა.

"ირლანდიურ ბარში ამერიკულ, ინგლისურენოვან მუსიკას ვუკრავდი. პერიოდულად ექსკურსიების ჩატარებაც დავიწყე, ვმუშაობდი საექსკურსიო ბიუროში" - აღნიშნავს 70 წლის გიორგი მიქაძე, რომლის ცხოვრებაც ახალი გამოწვევის წინაშე ცოტა ხნის წინ დადგა, თუმცა სტუდენტობის სურვილი დიდი ხანია ჰქონდა:

"7 წლის წინ, მოულოდნელად ინსულტი დამემართა. ჩემი შვილი გერმანულ სკოლაში სწავლობდა, კარგი პერსპექტივა იყო, რომ გერმანიაში სასწავლებლად წასულიყო. მაგრამ 9 კლასი დაამთავრა და ისე, რომ არ ვიცოდი, სწავლა "იკაროსში" დაიწყო, სასწავლებელში, რომელიც ტურიზმისთვის საჭირო კადრებს ამზადებს. სარესტორნო მიმართულებით სწავლობდა, მიმტანადაც მუშაობდა და ყველანაირად მეხმარებოდა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მეხმარებოდა უფროსი ვაჟიც.

ერთ დღესაც, კოტემ მითხრა - ექიმის კონსულტაციით, დეპრესიაში რომ არ იყო, გასართობი გჭირდება. წიგნების კითხვა გიყვარს და მოდი, სასწავლებელში ერთად ჩავაბაროთ. მე სარესტორნოზე ვისწავლი, შენ - გიდების მიმართულებითო. ეს 4 წლის წინ იყო, 66 წლის ვიყავი... მოკლედ, ჩავაბარე და მოვხვდი. მე გიდების ფაკულტეტზე, კოტე - ბარმენების" - გვიყვება ბატონი გიორგი და დასძენს, რომ იქიდან დაიწყო საოცრება, რადგანაც ეს ყველაფერი ნამდვილი ანტიდეპრესანტი აღმოჩნდა - დაბრუნება ისევ ცხოვრებაში, როცა ხვდები, რისთვის ცხოვრობ, რისთვის იღვიძებ, კიდევ რა გჭირდება.

"საერთოდ, საქმე ცვლის ადამიანს, მით უმეტეს საყვარელი საქმე... ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს, საშუალება ჰქონდათ, სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ და ახლა უნივერსიტეტში გიდების ფაკულტეტზე ვსწავლობ. სადაც ჩუმად ჩავაბარე, გაირკვა, რომ 100 კაცი იყო მსურველი და მათგან 10 მოვხვდით... ახლა უკვე მესამე კურსზე გადავდივარ" - გვეუბნება 70 წლის სტუდენტი.

თანაკურსელებთან თავიდან გარკვეული პრობლემა ყოფილა - ცოტა დამცინავი, ცინიკური დამოკიდებულება. თუმცა, მისთვის მთავარი მაინც მასწავლებლებთან ურთიერთობა იყო. პედაგოგები გაოცებულები არიან მისი სიბეჯითითა და მონდომებით. ახლა საკუთარი ინიციატივით, გიდობის პრაქტიკასაც გადის.

გიორგი მიქაძე საუბარში იმასაც გვიმხელს, რომ სტუდენტობის პერიოდში ინფარქტიც გადაუტანია, მაგრამ უნივერსიტეტში არავისთვის გაუმხელია, ზამთრის არდადეგებს დაემთხვაო.

"მიუხედავად ამისა, ბევრს უთქვამს, ზოგს გაუფიქრებია და არ უთქვამს - რა დროს შენი სწავლააო? ჩემი პასუხი ასეთია: "არ მიყვარს წაგება და წაგებული ადამიანები, ცხოვრებამ მიჩვენა და მირჩევნია, მოვკვდე დაფასთან, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას, ან ნარდის თამაშისას. ის კი არა, ახლა ტუროპერატორობის სწავლა მინდა და ალბათ ამ მიმართულებთაც გავნაგრძობ ცოდნის მიღებას. უნდა მოვსინჯო ძალები.

ახალგაზრდებს და საერთოდ ყველას მინდა ვურჩიო, ჩვენს ქვეყანას ახლა მხოლოდ განათლება უშველის, სწავლა, სწავლა და სწავლა... ახალი სასწავლო წელიც მალე დაიწყება და წარმატებები მინდა ვუსურვო სტუდენტებს!"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ