ავტორი:

კრემლის "გზავნილი" საქართველოში - რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებს ცვლის?

კრემლის "გზავნილი" საქართველოში - რუსეთი ჰიბრიდული ომის მეთოდებს ცვლის?

ოკუპაციისა და მისთვის ჩვეული ძალისმიერი მეთოდების გარდა, რუსეთი უკვე წლებია ერთ-ერთ ეფექტურ იარაღად, მედია პროპაგანდას იყენებს.

ამისთვის კი ჰყავს ძალიან კარგად მომზადებული და დაფინანსებული სპეციალური ჯგუფი, ასევე სპეციალური დავალებებით, რომელსაც ინტერესის სფეროს მიხედვით, საჭირო სიტუაციებში შესანიშნავად ანაწილებს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს გაშუქების ფაქტები და დღემდე რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებები რუსეთის სახელმწიფო მედიაში.

როგორც ჩანს, ამჯერად მათი მორიგი სამიზნე საქართველოა - “რადიო თავისუფლების” ცნობით რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლასა და კრემლის მიმართ ნდობის განმტკიცებაზე ლაპარაკს გეგმავენ, ანტიდასავლური განწყობით ცნობილი ადამიანების შემადგენლობით.

გამოცემის ცნობით, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში მოწვეული სტუმრები, ძირითადად, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებათა წარმომადგენლები არიან, რომელთა მთავარი ფუნქციაა ანტიდასავლური პროპაგანდა. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს მხრიდან ფორუმის ორგანიზატორები, მჭიდროდ არიან დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდი აფინანსებს.

"თბილისში სტუმრობას და თავიანთ გეგმებზე საუბარს აპირებს საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს პოლიტიკური მიმომხილველი, ტელეარხების Первый-სა და Царьград-ის გადაცემების ხშირი მონაწილე დმიტრი კოსირევი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ვიშნევეცკი, ИТАР ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბორდიუგოვი, გაზეთ Северная Осетия-ს მთავარი რედაქტორი ალან კასაევი და МГИМО-ს პროფესორი, პოლიტოლოგი და ისლამის საკითხების სპეციალისტი ალექსეი მალაშენკო"- წერს "თავისუფლება".

გამოცემის ცნობით, რუსეთის პროპაგანდის შესაბამისია მასპინძელთა ჩამონათვალიც, რომელთა შორისაც არიან: რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” (Север-Юг), პრესკლუბი “თანამეგობრობა” (Содружество) და გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” (Грузия и мир). ყველა მათგანი ანტიდასავლური აქცენტებით გამოირჩევა და უკავშირდება მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას სახელს, რომელიც 2014 წელს პირადად პუტინმა დააჯილდოვა.

რუსული მედია წერს, რომ საქართველოში სტუმრად ჩასულმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა, “ქართველ კოლეგებს მასტერკლასი და ტრენინგი უნდა ჩაუტარონ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, - “მოლაპარაკე თავები”, “ვისზე ნადირობს მედია”, “მედიის როლი სამხრეთ კავკასიის სამხედრო და პოლიტიკურ პროცესებზე...” ისინი ასევე სვამენ კითხვას, - “შეძლებს თუ არა მედია ნდობის გამყარებას რეგიონში?”

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გადადგმარი პოლკოვნიკი, ვიქტორ ლიტოვკინი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, არც ისე დიდი ხნის, საქართველოს ნატო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით, აცხადებდა, რომ "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო აფხაზეთსა და ოსეთზე იტყოდა უარს, სხვა შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსებისა და ნატოს მაღალჩინოსნების განცხადებები მხოლოდ რიტორიკაა..."

antimaidan.ru-სთან საუბარში ლიტოვკინი საქართველოს "სტაფილოს გამოკიდებულ ვირს ადარებს" და ამბობს, რომ ნატო-ს ალიანსი ჩვეულებრივ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა და მხოლოდ ამერიკის პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

კიდევ ერთი სტუმარი, პროფესორი და ისტორიკოსი, გენადი ბორდიუგოვი, რომელიც თბილისს ეწვევა, სომხურ მედიასთან საუბარში იმედს გამოთქვამდა, რომ თბილისი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვას ოდესმე შეეგუება.

“მე ვიცი რა ვითარებაც არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამ ქვეყნებისთვის მთავარია დამოუკიდებლობის შენარჩუნება... რუსეთმა ამის შანსი მისცა. შესაძლოა, ოდესმე რამე შეიცვალოს, თუმცა, მგონია, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ამას ოდესმე შეეგუებიან და გაიგებენ, რომ უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება და ამ რეალობით ჩვენ ევრაზიულ ინტეგრაციას დავუბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ამ კავშირის დახმარებით, საქართველო უამრავი პრობლემის მოგვარებას შეძლებს” - აცხადებდა airo-xxi.ru-სთან საუბარში ბორდიუგოვი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, დაარღვიეს თუ არა მათ კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და იმყოფებოდნენ თუ არა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

წყარო: რადიო თავისუფლება, airo-xxi.ru

ფოტო: RFE/RL

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს