ავტორი:

"საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს..." - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის "გამშვები პუნქტის" გახსნას აანონსებს

"საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც შამბა ამბობს..." - ხაჯიმბა ოპონენტებს პასუხობს და ენგურის "გამშვები პუნქტის" გახსნას აანონსებს

აფხაზეთში პოლიტიკური დაძაბულობა კრიტიკულ ზღვარზეა - ე.წ. ოპოზიცია ოქტომბერში მასშტაბურ აქციებს აანონსებს. თუკი აფხაზური პოლიტიკური საზოგადოება შიგნით არსებულ უმძიმეს ვითარებაზე უმეტესად დუმდა, ახლა ვითარება შეიცვალა - რეგიონში დაგროვილ პრობლემებზე პირველად ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ისაუბრა და აფხაზეთის რეალობა ენგურს აქეთ არსებულ შეადარა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ რესტორანში 90-იანი წლების ომის ე.წ. ვეტერანმა სასრიკ შაკრილმა, რომელიც აფხაზეთის ”ომბუდსმენის” ასიდ შაკრილის ძმაა, უკნიდან მიპარვით თავში ჭიქა ჩაარტყა “ვიცე-პრეზიდენტს" ვიტალი გაბნიას. შაკრილი მხოლოდ ერთდღიან პატიმრობაში დატოვეს და გაათავისუფლეს.

“როდესაც დამნაშავეებს არ სჯიან, სახელმწიფოს კლავენ... მე, მაღალჩინოსანიც კი დაუცვლელი ვარ ჩემს ქვეყანაში” - განაცხადა გაბნიამ, “თანამდებობიდან” გადადგა და აფხაზეთის ლიდერს - რაულ ხაჯიმბას მოუწოდა, "მეტჯერ ნუ ეცდება პრეზიდენტობას, რადგან მან კანონის დაცვით ქვეყნის მართვა ვერ შეძლო..."

თუმცა, ამავდროულად, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა გაბნიამ ადგილობრივ მოსახლეობასაც მოუწოდა, დაუჭირონ მხარი ოქტომბერში დაანონსებულ აქციებს, რადგან - "ასეთ სიტუაციაში სრულებით შესაძლებელია ხელისუფლებაში ისევ შემთხვევითი ადამიანები მოვიდნენ, როგორც ეს არაერთხელ მოხდა".

აღნიშნული პროცესების შეფასებას შეეცადა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც “პრეზიდენტობის” კიდევ ერთ ვადაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოქტომბერში დაანონსებულ აქციებს მშვიდად ხვდება, რადგან ამგვარ პროცესებს უკვე შეეჩვია...

“გასაგებია, რომ პრობლემები არსებობს, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თუ ქვეყნის ბიუჯეტი 2 მილიარდი რუბლია და ახლა ბევრად მეტია, იმედი მაქვს, რომ ეს ციფრი გაიზრდება. არც ისე დიდი ხნის წინ ის 47,4 მილიონს არ აღემატებოდა...” - განაცხადა ხაჯიმბამ.

რა შეეხება გაბნიას ინცინდენტს, მან ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასა, თუმცა, აღნიშნა, რომ ვერც გაბნიას გადადგომას შეაფასებს დადებითად:

“შესაძლოა, ეს მისი მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, მე მუშაობის გაგრძელების გარდა, სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ და ვერც ვერავინ იტყვის, რომ ამის შემდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები შეჩერდება,” - აღნიშნა მან.

აფხაზმა ჟურნალისტებმა ხაჯიმბას ასევე ჰკითხეს, 2016 წელს, ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მიმოწერაზე, რომელშიც აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთის 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების, რაულ ხაჯიმბას, ლეონიდ ძიაპშბას და მერაბ ქიშმარიას წერდა...

უკრაინელმა ჰაკერებმა ხაჯიმბასა და სურკოვის დიალოგიც გაასაჯაროვეს, რომელიც აფხაზური "არმიის" რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შერწყმასა და "სამხედრო თანამშრომლობას" ეხებოდა. მიმოწერაში სურკოვი და ხაჯიმბა აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთობლივი საპოლიციო საკოორდინაციო ცენტრის გახსნას და საზღვაო-სახმელეთო პუნქტების ერთობლივ კონტროლზე, ასევე აფხაზეთში რუსული საპენსიო სისტემის ამოქმედებაზე და სოციალური დახმარებების გაცემაზე საუბრობდნენ.

რეალურად, ხაჯიმბას და მისი გარემოცვის უარყოფის მიუხედავად, მაინც ასე მოხდა და პროცესი ახლაც გრძელდება...

“თქვენ იცით, რომ სოციალურ ქსელებში ათასი სისულელის დაწერა შეიძლება, ის უკვე წაშლილია და მათზე არავინ საუბრობს...” – უპასუხა ხაჯიმბამ ჟურნალისტებს თუმცა, აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დამოუკიდებლობის ათი წლისთავზე, სწორედ იმ გზას მიჰყვება ხაჯიმბა.

რაც შეეხება რაულ ხაჯიმბას კიდევ ერთი ვადით “პრეზიდენტობას”, მან განაცხადა, რომ ეს უკვე ძალიან მტკივნეული თემაა.

“არც კი ვიცი, მერამდენედ მესმის ერთი და იგივე კითხვა, იყრით თუ არა კენჭს მეორე ვადით - მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებთ... პირველ რიგში, ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება და იქნებ საკმარისია ოპოზიციის მხრიდან ამ თემით სპეკულირება, ასევე იმაზე საუბარი, რომ საჭიროა მკაცრი ღონისძიებების გატარება, რათა ქვეყანა გადარჩეს.იქნებ მათ მიიყვანეს ქვეყანა აქამდე თავიანთი განცხადებებით?!” - ამბობს ხაჯიმბა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს “საკონსტიტუციო რეფორმები", განიხილება ახალი პროექტები გადასახადების თემასთან, ახალი ათონის მღვიმის, რიწის პარკისა და ბიჭვინთის რესტავრაციასთან დაკავშირებით, ასევე გადასახედია საბანკო სისტემები...

“ხალხს ბანკიდან კრედიტი გააქვს და აბრუნებს კიდეც - ბოლო მონაცემებით, 485 მილიონი რუბლი უკვე დაბრუნებულია, 30 მილიონის ბედს კი სასამართლო გადაწყვეტს. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, არ ვვითარდებით, არ გვაქვს ეკონომიკა და მხოლოდ ქურდობით გაგვაქვს თავი, მაშინ განვითარების ამ დონესთვისაც არ უნდა მიგვეღწია, რასაც კრედიტებით მივაღწიეთ... ვიღაცებს შესაძლოა ეჩვენებათ, რომ ყველაფერი ცუდად არის და ამას ბოლო დროს ხშირად ამბობს სერგეი შამბა, თითქოს ვიღუპებით - სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდად არის...” - პასუხობს ხაჯიმბა ოპონენტებს.

დე-ფაქტო პრეზიდენტი ქართულ მხარესთან ტვირთბრუნვის ლეგალიზებასაც შეეხო და მის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“მდინარე ენგურის საზღვართან მაინც ხდება საქართველოდან ტვირთის უკანონო გადატა-გადმოტანა. იქიდან გადმოტანილი საქონელი მაინც ხვდება აფხაზეთის ბაზარზე. საქართველოდან გადმოტანილი საქონლის თვითღირებულება გაცილებით იაფია, საზღვარზე არავითარი პროცედურების გავლა არ უწევს, რადგან ჩუმად შემოაქვთ... ეს ლეგალური უნდა გავხადოთ და იქიდან შემოტანილი საქონლის დაფიქსირება უნდა მოხდეს. ომის შემდეგ ენგური დაიკეტა, თუმცა, შემდეგ, გარკვეული გადასახადი დავაწესეთ, რომელიც ისევ გავაუქმეთ. არადა, აღებ-მიცემობა იქ მაინც ხდება და რატომ უნდა გამდიდრნენ ცალკეული ადამიანები, რატომ უნდა დაკარგოს სახელმწიფომ?” - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტი უახლოეს ხანებში აღდგება.

ხაჯიმბას განცხადებებს სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე შეფასებები მოჰყვა, მათი თქმით, ხაჯიმბა, სინამდვილეში გალიაში მომწყვდეულ მხეცს ჰგავს, რომელიც მისი დროის დასასრულის მოახლოებას გრძნობს...

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი