ავტორი:

"ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები

"ახლა 2 საათი ვართ საცობში, სწავლა რომ დაიწყება, მერე 4 საათი მოგვიწევს" - პარალიზებული მოძრაობა თბილისში და უკმაყოფილო მძღოლები

საცობებს, გადატვირთული გზების გამო შექმნილ დისკომფორტს დედაქალაქის მოსახლეობა დიდი ხანია უჩივის. თუმცა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ქუჩების რეაბილიტაციამ შექმნა და თბილისში უკვე არამარტო პიკის საათებში, ნებისმიერ დროს გზებზე სრული კოლაფსია.

თბილისელებისთვის ორშაბათი პრობლემებით დაიწყო. სააკაძის მოედნის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის გამო, დილიდან საბურთალოზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. მძღოლებსა და მგზავრებს სოცობში დგომა დაახლოებით 2 საათი უწევდათ. მგზავრები და მძღოლები შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო წელი დაიწყება.

ფოტო: თიკო ოსმანოვა

"რაც ხდება თბილისის ქუჩებში არის საშინელება! სახლიდან გამოსვლა აღარ მინდა, ორი საათია გზაში ვარ. მანქანები უძრავად დგანან, არც წინ მიდიან და არც უკან. ეს არის ქალაქის სრული კოლაფსი. შეუძლებელია ასე გაგრძელება" - უთხრა AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელმაც საცობის გამო სამარშრუტო ტაქსი დანიშნულების ადგილამდე დატოვა და სამსახურში ფეხით მივიდა.

"მერიის მხრიდან ქუჩების გადათხრა მაშინ, როცა სასწავლო წელი ახლოვდება, არის სრული უპასუხისმგებლობა! დასრულდა ზაფხული, ხალხი გამოვიდა შვებულებებიდან და უკვე შეუძლებელი ხდება გარეთ გამოსვლა.

აქამდე ვცდილობდი, 6-8 საათამდე არ მემუშავა, რადგან საცობების გამო მაგ დროს ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია. ახლა კი პრაქტიკულად, დღის ვერცერთ მონაკვეთში ვერ გამოვა ადამიანი ქუჩაში. ამ დროს ტაქსით არც არავინ იმგზავრებს, ყველას ურჩევნია სამსახურში მეტროთი მივიდეს. ეს არის საშინელება და სრული უპასუხისმგებლობა. ორ კვირაში სასწავლო წელიც დაიწყება და მაშინ კიდევ უფრო საშინელება იქნება. ახლა თუ 2 საათი გვიწევს საცობში ყოფნა, მერე ალბათ 4 საათი მოგვიწევს" - გვითხრა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტს დავით მესხიშვილს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, დიდი ალბათობით ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები ნოემბრამდე არ დასრულდება, საცობების თვალსაზრისით ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს.

"ის, რომ მიმდინარეობს ქუჩების რეაბილიტაცია, დადებითად ვაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, არასწორი დრო იქნა შერჩეული. ამისთვის ივნისის მეორე ნახევარიც კარგი იქნებოდა. ქუჩების რეაბილიტაცია არა მარტო საცობებს, არამედ სხვა ბევრ პრობლემას ქმნის, მათ შორის არის მტვერი, საგანგებო სიტუაციისა და სასწრაფოს მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ა.შ. ამიტომ კარგი იქნება თუ სამუშაოები დროში არ გაიწელება და დროულად დასრულდება. თორემ სექტემბრის შუა რიცხვებიდან პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება.

ახლა მაგალითად ერთ-ერთი ქუჩა გავიარე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროს არცერთი მუშა არ მუშაობდა. კახი კალაძეს დედაქალაქთან დაკავშირებით კარგი და ამბიციური გეგმები აქვს, მაგრამ თუ შესაბამისი სამსახურების მხრიდან სწორი პოლიტიკა არ გატარდა, არაფერი გამოვა. პირველ რიგში სწორი მენეჯმენტია საჭირო თუნდაც ტენდერების დროულად გამოცხადება“, - გვითხრა მესხიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კახეთის გზატკეცილზე გზას 6 თვეა აკეთებენ - ნახეთ ერთადერთი მოქმედება, რომელიც ამ მონაკვეთზე 48 საათში განხორციელდა

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "HUB Georgia"-ს ხელმძღვანელის ვასო ურუშაძის შეფასებით, ვიდრე საგზაო სამუშაოები დაიწყება, საჭიროა მოხდეს შესწავლა, თუ რამდენად შემცირდება მგზავრთა ნაკადის გამტარუნარიანობა სამუშაოების დროს.

"თბილისის მერიის პოლიტიკა საგზაო ინფრასტრუქტურის და რეაბილიტაციის მიმართულებით ტარდება არასწორად. მოსაზრება, რომ ყველა სამუშაო უნდა ტარდებოდეს გარკვეულ პერიოდში, არის მცდარი. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, თავს იყრის პრობლემური მონაკვეთები მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ ერთბაშად ხდება ამ სამუშაოების დაწყება, თითქოსდა ისეთ პერიოდში, როდესაც ნაკლებია საგზაო მოძრაობა. თანაც, ვადებში ვერასდროს ხდება იმ საქმეების განხორციელება, რაც დაგეგმილია. შედეგად ვიღებთ კოლაფსს, გადატვირთულ ქუჩებს და შეფერხებულ მოძრაობას.

სწორი მიდგომა და დამოკიდებულება არის ის, რომ მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს გადანაწილებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. მთელი წლის განმავლობაში ისე უნდა მიმდინარეობდეს სამუშაოები, რომ განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნიდეს - მაგალითად, ჭადრაკულად. არ შეიძლება, რომ საბურთალოზე ყველა პარალელურ ქუჩაზე მიდიოდეს სამუშაოები" - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ურუშაძემ.

მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის არაპროფესიონალიზმთან.

"იმაზე, რომ სარეაბილიტაციო ვადები და მიდგომები არასწორად არის შერჩეული, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანების, ვინც გეგმავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს არის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ტრანსპორტის პოლიტიკაზე. თუ ჩვენ არ გავაანალიზეთ ტრანსპორტის მდგომარეობა ქალაქში, არ გვაქვს დათვლილი ნაკადები, არ ვიცით იმ ქუჩის რეაბილიტაციის შედეგად რამდენად მოხდება ქუჩაზე გამტარუნარიანობის კოეფიციენტის შემცირება და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და ზოგადად პროგნოზირებას ვერ ვაკეთებთ, ასე ბრმად და დილეტანტურად არ შეიძლება გაკეთება.

იმის თქმა, რომ აგვისტოში ყველა მიდის და მოდი გადავთხაროთ, არის ძალიან დილეტანტური და არაპროფერსიონალური მიდგომა. ეს განპირობებულია იმით, რომ თბილისის მერიაში არ არის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელიც რეალურად დაანგარიშებასა და გათვლაზე იქნება დაფუძნებული,“ - განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

როგორც ჩანს, თბილისის გზებზე მსგავსი მდგომარეობა მინიმუმ ერთ თვეს გასტანს, რადგან როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის მასშტაბით ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ოქტომბრის თვეში დასრულდება. აპრილის თვეში დაანონსებული სამუშაოები მერიამ ზაფხულში დაიწყო და როგორც აცხადებენ 5 ქუჩიდან ერთი ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება. პროცესი მოიცავს, ასფალტის დაგებას, ახალი სანიაღვრე სისტემის, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას. ამასთან, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, სადაც განთავსდება დასასვენებელი სკამები და შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 500 000 ლარით დაფინანსდა და სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. აქაც გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ასფალტის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს ტროტუარები ახალი ბორდიურებით. აღნიშნულ ლოკაციაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერენდ ფაუერი“ 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში შეიცვლება წყლისა და წყალარინების ქსელები - განმარტეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში.

ფოტოზე: სააკაძის მოედანი და ვახუშტის ხიდი დღის 12:00 საათზე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ