ავტორი:

პირველი გადაცემა ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც სმარტფონებით იღებენ

პირველი გადაცემა ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც სმარტფონებით იღებენ

ჟურნალისტიკა სმარტფონით - ეს ბოლო ათწლეულში დამკვიდრებული ჟურნალისტიკის კიდევ ერთი ფორმაა, რომელმაც ამბის მოყოლა კიდევ უფრო გაამარტივა და ოპერატიული გახადა.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც სმარტფონით ჟურნალისტიკას უფრო პოპულარულს ხდის. პირველი ეს სიმარტივეა - თქვენს სმარტფონს კამერა აქვს, ე.ი შეგიძლიათ, მოყვეთ საინტერესო ისტორიები. სმარტფონით მუშაობის კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის, რომ სატელევიზიო კამერებთან შედარებით შეუმჩნევლად მუშაობთ და შეგიძლიათ, ისეთი კადრები გადაიღოთ, რასაც სხვები ვერ მოიპოვებენ.

მცირე აღჭურვილობით მუშაობა საპროტესტო აქციებსა თუ საგანგებო სიტუაციების დროსაც დიდ კომფორტთანაა დაკავშირებული. კერძოდ, მსგავს სიტუაციებში შეუფერხებლად გადაადგილება, შემთხვევის ადგილებთან მიახლოება და ტექნიკური საშუალების დაზიანებისგან დაცვა უფრო მარტივია.

BBC-ის ახალი ამბების დირექტორმა ჯეიმს ჰარდინგმა ერთ-ერთ გამოსვლაში სმარტფონიან ჟურნალისტიკას "მეოთხე რევოლუციაც" კი უწოდა.

"ერთი საუკუნის განმავლობაში BBC-მ ახალი ამბების სამყაროს ტრანსფორმირება რამდენჯერმე შეძლო. იყო სამი რევოლუცია: რადიო, ტელევიზია და ონლაინ მედია. მაგრამ ახლა, სმარტფონების ერაში მეოთხე რევოლუციის მომსწრეები ვართ - სმარტფონიანი მედიის” - თქვა მან.

მობილური ჟურნალისტები ინფორმაციის შესაგროვებლად, გასარედაქტირებლად და გასავრცელებლად პორტატულ ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ. ასეთი რეპორტიორებს სამუშაოდ ლეპტოპი, სმარტფონი და ინტერნეტი სრულიად ჰყოფნით.

Mojo Journalism ანუ ჟურნალისტიკა სმარტფონით საქართველოშიც აქტიურად მკვიდრდება. აღნიშნული ტერმინი პირველად 2005 წელს გამოიყენეს. სმარტფონით მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ "პალიტრა მედიის" ჟურნალისტებს, თუმცა

უცხოური ავტორიტეტული მედიასაშუალებების მსგავსად, „პალიტრა მედიამ“ გადაწყვიტა, 21-ე საუკუნის გამოწვევისთვის კიდევ უფრო ხმამაღალი პასუხი გაეცა - ქართულ ტელესივრცეში გაჩნდა პირველი გადაცემა "ნიუსრუმი", რომელსაც სმარტფონებით იღებენ.

გადაცემა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში ყოველ სამუშაო დღეს 12:45 საათზე გადის.

„ნიუსრუმის“ იდეის ავტორი და ტექნიკური პროდიუსერი ლევან ტაბატაძე აღნიშნავს, რომ სმარტფონით მუშაობა განსაკუთრებულ კომფორტთანაა დაკავშირებული, რადგან მთელი აღჭურვილობა, რომელიც გადაცემისთვის გამოიყენება, ერთ ზურგჩანთაში ეტევა.

„ნიუსრუმის” გადაღებისთვის განკუთვნილი ტექნიკა ერთ ზურგჩანთაში ეტევა. ეს ნიშნავს, რომ ვართ მობილურები, არ ვართ კაბელით მიბმულები ერთ ადგილზე და გადაღების პროცესში შეგვიძლია ჩავრთოთ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც ვიდეოს გადაღება შეუძლია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ზედმეტი კაბელებისა და ხმაურის გარეშე", - აღნიშნავს ლევან ტაბატაძე.

"გარდა იმ პოზიტიური მხარისა, რომ სმარტფონით მუშაობა არის ძალიან ოპერატიული და განსხვავებული, "ნიუსრუმის" უნიკალურობა მის თავისუფლებაში, ამბის გადმოცემის სიმარტივესა და იმ ჩარჩოების არქონაშიცაა, რომელიც ახალი ამბების გამოშვებას ტრადიციულად სჭირდება" - აღნიშნავს გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია.

"ნიუსრუმი" აჩვენებს ყველაფერს შიგნიდან: სამუშაო პროცესი "პალიტრის" ნიუსრუმში, ფორსმაჟორული სიტუაციები, ახალი ამბები, თემები, რომლებზეც ჟურნალისტები იმ მომენტში მუშაობენ - ეს ყველაფერი მაყურებლის თვალწინ ხდება და ის ფაქტობრივად, პროცესის მონაწილეა. კიდევ უფრო უშუალოს კი ამ პროცესს სმარტფონები ხდის. უახლესი ამბები სწრაფად და დინამიურად - ეს ნიუსრუმია!" - გვეუბნება გადაცემის წამყვანი ეთო ფურცხვანიძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ