შეირაღებული ძალების საკითხებში სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად გენერალი დევიდ პეტრეუსი ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ძალების მთავარსარდლად დაინიშნება.
პეტრეუსი ამ პოსტზე გენერალ სტენლი მაკკრისტალს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანთა აუგად მოხსენიების გამო გაათავისუფლეს.
გენერალი პეტრეუსი სიფრთხილით ეკიდება პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას 2011 წლისთვის ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე. მისი თქმით, ჯარების გამოყვანის ვადები და მასშტაბურობა დამოკიდებული იქნება ამ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.
გენერალი აღნიშნავს, რომ ამერიკელებს ავღანეთში ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, ავღანეთის შეიარაღებული ძალებს კი საკმაო დრო დასჭირდებათ, სანამ დამოუკიდებლად შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას.
"ვფიქრობ, უმძიმესი ბრძოლები წინ გვაქვს და უახლოეს თვეებში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება", - განაცხადა პეტრეუსმა სენატში.
57 წლის გენერალი პეტრეუსი საომარ გამოცდილებასთან ერთად პოლიტიკურ და დიპლომატიურ უნარ-ჩვევებსაც ფლობს. სწორედ მას მიაწერენ დადებით კარდინალურ ცვლილებებს ერაყში.
ხუთშაბათს პეტრეუსი ნატოს შტაბ-ბინას ესტუმრება, რათა იქ ალიანსის წევრებისგან მხარდაჭერა მოიპოვოს. ბრიუსელიდან გენერალი ქაბულში გაემგზავრება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.