ავღანეთში ნატო-ს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე მეამბოხე "თალიბებმა" თავდასხმა განახორციელეს.
როგორც ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება, თავდასხმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ ჯალალაბადის გარეთ არსებულ საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. "თალიბებმა" ჯერ ბაზის შესასვლელთან დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს, ამის შემდეგ კი სამშვიდობო მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან გაუხსნეს ცეცხლი.
როგორც ნატო-ს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ჯარისკაცების რიგებში მსხვერპლი არ არის და არც ბაზის პერიმეტრი დარღვეულა. ჯალალაბადის საჰაერო ბაზასთან სამხედრო ოპერაცია ამ დროისთვისაც გრძელდება.