ავტორი:

ზეწოლა თავისუფალ მედიაზე თუ ვალის გადაუხდელობა - რა ხდება იბერიაში?

ზეწოლა თავისუფალ მედიაზე თუ ვალის გადაუხდელობა - რა ხდება იბერიაში?

თავისუფალ მედიაზე ზეწოლა თუ ფინანსურ დავალიანებაზე თავის არიდება - ტელეკომპანია “იბერიას“ გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ, ფინანსთა სამინისტრო კი კომპანიის დიდ დავალიანებაზე საუბრობს, რომლის ჩამოწერასაც უწყება არ აპირებს.

რა ბრალდებებს უყენებს "იბერია" ხელისუფლებას?

ტელეკომპანიამ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი, ჯერ კიდევ 7 თვის წინ დაიწყო. მაშინ „იბერიას“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, რაც მათი თქმით, მთავარ დამფინანსებელზე - „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით არის გამოწვეული. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები მიზანმიმართულად შეუქმნეს:

„კომპანია „ომეგა ჯგუფი“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ტელეკომპანია „იბერიას“. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის მიმართ მიმართული უკანონო ქმედებები“, - ნათქვამი იყო ჟურნალისტების განცხადებაში.

ამ განცხადებას მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და მედიაზე ზეწოლა კატეგორიულად გამორიცხა: "ჩვენი ხელისუფლების პირობებში მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებები სრული აბსურდია, ამიტომ ამ ბრალდებებს არ მივიღებთ“, - განაცხადა მაშინდელმა პრემიერმა.

თუმცა, ნახევარი წლის შემდეგ ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლები ხელისუფლებას ანალოგიურ ბრალდებებს ისევ უყენებენ. ოღონდ, როგორც ამბობენ, ამჯერად უფრო მყარი არგუმენტებით. ტელეკომპანია რამდენიმე დღეა მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დღეს არხმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეწყვიტა.

„ახლა უკვე ჩვენთვის ცნობილი გახდა - ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ ხდებოდა მოთხოვნა, რომ მათ უნდოდათ „იბერია“. როდესაც ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ უტყუარად, გამოვედით და ვთქვით, რომ ტელეკომპანიაზე ხდებოდა დარტყმა. დღეს ტელევიზიიდან გამოვედით, შევწყვიტეთ მაუწყებლობა და მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოვაწყეთ, თუმცა არავინ გამოსულა.

რაც შეეხება დავალიანებას, ეს სადავო თემაა. კომპანიის ერთი დღის გაჩერების ზარალი, დაახლოებით 15 მილიონია და უკვე სამჯერ გააჩერეს წელიწადნახევარში. პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან, თუმცა „ომეგა ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, დაუწერონ ეს დავალიანება, მოხდეს მისი რესტრუქტურიზაცია, მაგრამ სახელმწიფო არ მოდის ამაზე.

მეგონა ამ ქვეყანაში აღარ მოხდებოდა ტელეკომპანიების გადაფორმება და ასე წაღება, მაგრამ შევცდი. ვფიქრობ, მალე კიდევ უფრო ბევრი რამე გამოჩნდება. ეს არის დასაწყისი კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები და დეტალი გამოჩნდება, მით უმეტეს, რომ ლონდონში სამართალწარმოება დაიწყო“ - განუცხადა AMBEBI.GE-ს ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა.

რას პასუხობს "იბერიას" ბრალდებებს ხელისუფლება?

"იბერიას" ჟურნალისტების განცხადებებს გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო. უწყების ოფიციალური განცხადების მიხედვით, "ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე".

„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ"-ს (ომეგა ჯგუფის თამბაქო) საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება დეკლარირებულია გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებში. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.

აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში, კომპანიამ ორჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების გადანაწილებისთვის (გრაფიკისთვის), რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად გაფორმდა, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, ორივე გრაფიკი გაუქმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, იძულებითი ღონისძიებების არ გამოყენების/გაუქმების თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იყო შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რათა არ შეფერხებულიყო საწარმოს ფუნქციონირება. იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით მინიჭებული ღონისძიებები“ - ნათქვამია სამინისტროს 7 სექტემბრის განცხადებაში.

საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.

„საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია.

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებიდან თავი აირიდოს.

სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

რა კავშირი აქვს ლევან ყიფიანს „იბერიასთან“?

იმის ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ხელისუფლება „იბერიაზე“ ზეწოლას ახორციელებს, ტელეკომპანიამ ფარული სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც მათი ინფორმაციით, დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული:

"ყველა გამოდის - „რუსთავი 2“-ზე უარესი არისო „იბერია“... ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია აგერ ასეთ ამბებშია... მთელი შენი ბიუჯეტიც გვკიდია, შენი ომეგაც და ყველაფერი... რაც იქიდან მოდის, ყველაფერი მიდის იქ. ჰგონიათ, რომ ის არის ყველაფერი.

ტელევიზია რო გაცვალოთ რა, აი ამ პრობლემებში... მოვდივარ კეთილი ნებით და ჰა, შეიტენეთ ერთ ადგილას. ეს პრობლემები მაქვს და გადამიწყვიტეთ და გადავკოცნით ერთმანეთს“, - ეუბნება სატელეფონო ფარულ ჩანაწერში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის.

არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, ან რა კავშირი აქვს მას „იბერიის“ ამჟამინდელ პრობლემებთან, უცნობია. თავად ლევან ყიფიანი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. მასთან დაკავშირება AMBEBI.GE-მ სცადა, თუმცა უშედეგოდ.

ჩანაწერის ავთენტურობაზე პასუხს არ აგებს ტელეკომპანიაც. „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ამ განცხადებაზე მთავარ პროკურატურას რეაგირება უნდა მოეხდინა.

"ჩანაწერში ყიფიანის კავშირის შესახებ ყველაფერი ნათელია. ავთენტურობა, კეთილი ინებოს და პროკურატურა დაინტერესდეს ამით. ამაში სულ ცოტა, ხელის შეშლაც იკვეთება, მაგრამ რატომ არის პროკურატურა ჩუმად, ვერ გეტყვით", - თქვა ხუზმიაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ