ავტორი:

"ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - სასულიერო პირები მარიხუანას წარმოებაზე

"ეს საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა" - სასულიერო პირები მარიხუანას წარმოებაზე

ვფიქრობ, დიდი შეცდომაა მარიხუანას წარმოება. შეიძლება ბიუჯეტზე ფიქრობდნენ, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე საერთოდ არ უფიქრიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განუცხადა.

მისივე თქმით, მარიხუანას წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს იგივეს მოუტანს, რაც კოლუმბიასა და ავღანეთს დაემართა.

„ჩვენთან არც ერთ ძალოვან უწყებას არ აქვს ისეთი ნდობის ხარისხი, რომ პლანტაციების დაცვა ჩავაბაროთ. ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინაპირობა იყო იმის, რომ შემდეგ პლანტაციების საკითხი დაეყენებინათ. შევხედოთ და ვნახავთ. ფაქტები თავისთავად მეტყველებენ რაღაცაზე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ხალხის ნებაც უნდა გაითვალისწინონ.

„ქართველ კაცს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ ერთხელაც შეიძლება გაიღვიძოს და სხვა რეალობაში აღმოჩნდეს ბევრი. ჯერ ინიციატივა გაჟღერდა. ალბათ, მოთელვასავით არის. არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ", - დასძინა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

კითხვაზე, კონკრეტული ნაბიჯები რა იქნება საპატრიარქოს მხრიდან, მეუფემ განაცხადა, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება.

„მარტო ქადაგება არა. საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენ სახელმწიფოს ნაწილი ვართ. ცალკე არ განვიხილავთ ჩვენ თავს. ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას. არავის არ დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ, თუმცა გარკვეული ზომები უნდა არსებობდეს, რათა მარიხუანას მოწევა არ ხდებოდეს სამუშაო ადგილებზე და არსებობდეს შეზღუდვები.

„ვინც იმას საუბრობს, რომ ლიბერალიზაცია საჭიროა, მახსოვს, ცოლებს ცვლიდნენ ნარკოტიკებში. ბევრი დაიღუპა მაგ სენით. ოჯახები გააუბედურეს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, „ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა“.

"მეტად მწვავე და აქტუალურია თემა, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული მოვლენები არ აღელვებდეს. მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზეც ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ თრობის ნება ადამიანს სულიწმინდას განაშორებს და ყოველგვარი ბოროტების საწინდარია და რომ არავინ ისე არ აღასრულებს ეშმაკის ნებას, როგორც მემთვრალე. კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“. ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა. დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.

კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა მეუფე შიომ.

ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვას აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ უნდა წყვეტდეს საზოგადოება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა.

„საქართველოში აპირებენ პლანტაციების გაშენებას იმისთვის, რომ ეს პროდუქცია საექსპორტოდ გააგზავნონ სამედიცინო მოხმარების მიზნით. ეს არის მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. რეალურად, ფაქტობრივად საქართველოში უკვე ნარკოტიკიული საშუალებების გასაღების პროგრამის ამოქმედება ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ეკლესია, საზოგადოების ჯანსაღი ფენა ამის წინააღმდეგი ვიქნებით, რათა ამის საშუალება მავანთ არ მიეცეს. უკვე გამოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობენ და დასამალი აღარ არის. ითქვა, გადაწყვეტილებას ვინ ღებულობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, კოლუმბიის სახეს იღებს საქართველო.

მთელი საზოგადოება უნდა იყოს აქტიური, რადგან ნარკომანია ყველა ოჯახს კატასტროფულ შედეგებს უქადის", - განაცხადა მამა დავითმა.

მისივე თქმით, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება - ბიძინა ივანიშვილი.

„ერთი და ორი ადამიანი, რომელიც საკუთარი ნარკობიზნესის წარმართვასა აპირებს საქართველოში, ვერ უნდა წყვეტდეს ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალს ამასთან დაკავშირებით. ვერც საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიეცა, არამედ საზოგადოება. ვინც იღებს გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში, ეს არის კონკრეტული პიროვნება ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მისი ინიციატივა. მან გაიტანა თავიდან ბოლომდე. თავის დროზე ვერ მოახერხა პარლამენტში. საკითხი გადაიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში და შედეგები სახეზეა", - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ