ავტორი:

აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

აუცილებელია თუ არა ბავშვი წრეებზე ატაროთ - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

ადამიანის ხასიათის ფორმირება მისი ბავშვობიდან იწყება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი მცირე ასაკიდანვე საჭირო და საინტერესო აქტივობებით დაკავდეს.

დღეს წრეების საკმაოდ ფართო არჩევანია და მშობლებიც არ არიან შეზღუდულები. ცეკვა, ფეხბურთი, ცურვა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომლებზეც ბავშვები ხშირად დაყავთ მშობლებს. ზოგ შემთხვევაში შერჩევა დედის სურვილით ხდება, ხან კი თავად ბავშვები ირჩევენ, რაზე სურთ სიარული.

აუცილებელია თუ არა, ბავშვი რაიმე წრეზე დადიოდეს, ან რა პრინციპით უნდა შეირჩეს რა ასწავლოთ შვილს სკოლის გარეთ? - ამ და სხვა კითხვებზე ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ლიკა თუშიშვილი გვესაუბრება.

- რაზე უნდა ვატაროთ ბავშვი, რომ ის გონიერი, გონებაგახსნილი, დამოუკიდებელი პიროვნება ჩამოყალიბდეს?

- ბავშვის ზოგადი განვითარება, აღქმის გაფართოება, ცნობიერების ფორმირება არის ბუნებრივი პროცესები, რომელებიც გარემოში სიახლესთან კონტაქტის დროს ვითარდება. გონებაგახსნილობა დამოკიდებულია სიახლესთან კონტაქტის დროს თვალსაწიერის გაფართოებასთან. რა იქნება ეს - ხატვა თუ კალათბურთი - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი შეგვიძლია, გამოვყოთ ჭადრაკი, რომელიც კოგნიტური უნარების, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას ახდენს ყველაზე მეტად სხვა აქტივობებთან შედარებით.

რაც შეეხება დამოუკიდებელი რომ იყოს მომავალშიც და აწმყოშიც, ადვილად მიიღოს გადაწყვეტილებები - ესეც არ არის დამოკიდებული იმაზე, სპორტისა თუ ხელოვნების რომელ სახეობაზე ივლის ბავშვი. ეს დამოკიდებულია ბავშვის კარგ, ჯანსაღ თვითშეფასებასა და თვითრწმენაზე. მშობელმა და პედაგოგმა ხელი უნდა შეუწყონ კარგი თვითშეფასების ჩამოყალიბებას იმით, რომ შეაქონ და პოზიტიური უკუკავშირი დაუბრუნონ ბავშვს იმ აქტივობის დროს, რომელსაც ახორციელებს: უკრავს, ცურავს თუ სხვა. პატარა მიღწევებიც კი შეაქონ, დაანახონ გულწრფელი სიხარული.

- რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს აქტივობა, რომელზეც ბავშვს ვატარებთ?

- მშობლებმა აუცილებად უნდა შესთავაზონ სიახლეები ბავშვებს. ოჯახის ფასეულობებიდან, მშობლებისა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეიყვანონ წრეზე - ფეხბურთი იქნება ეს, ცეკვა, ხატვა თუ სხვა რამ. უნდა დააკვირდნენ პროცესში როგორ ადაპტირდება ბავშვი ამ აქტივობასთან, მიეხმარონ შეგუებაში.

ბავშვმა უნდა გამოიმუშავოს ახალი უნარები-ჩვევები, გააუმჯობესოს და დახვეწოს ისინი. ამ დროს მოზარდი სოციალური ადაპტაციის უნარს იუმჯობესებს ახალი სოციალური კონტაქტების მეშვეობით ანუ იცნობს ახალ თანატოლებს და სწავლობს მეგობრობას. ძალიან კარგია, ეს ყველაფერი თუ დადებით ემოციურ ფონზე მიმდინარეობს. ზუსტად ეს არის ბავშის ზოგადი განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი.

- მშობელმა უნდა გაითვალისწინოს თუ არა ბავშვის სურვილი, როდესაც მას კონკრეტულ აქტივობაზე ატარებს? თუ თავად უნდა შეარჩიოს წრე?

- ბავშვი ვერ გადაწყვეტს, სად იაროს და სად არა. ამ არჩევანს მშობელი აკეთებს. ბავშვმა შეიძლება, სურვილი გამოხატოს, სადაც უნდა სიარული. მშობელმა ჯანსაღი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელშიც იქნება გათვალისწინებული მშობლის სურვილი, ოჯახური ფასეულობები და რა თქმა უნდა, ბავშვის სურვილი და შესაძლებლობები.

საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად ბავშვის სურვილის მიხედვით უნდა მიიღონ უფროსებმა, იმიტომ რომ თვით ბავშვმა უნდა იაროს და მისთვის სარგებლის მომტანი უნდა იყოს და არა დამთრგუნველი.

- რა უნდა ვქნათ თუ ბავშვს ხელოვნების თუ სპორტულ წრეებზე სიარული არ სურს?

- თუ ბავშვი ეწინააღმდეგება, არ უნდა სიარული, ჯიუტობს, ამ შემთხვევაში პოზიტიური მიდგომით მშობელი უნდა ეცადოს, რომ ატაროს და ინტერესი გაუჩინოს ამ აქტივობის მიმართ. მიუხედავად მშობლის და პედაგოგის მცდელობისა, ბავშვი თუ წინააღმდეგია, ვერ ადაპტირდა, უნდა შევწყვიტოთ, არ დავაძალოთ და სხვა აქტივობა შევთავაზოთ.

მშობელს ამ დროს, რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვა ამოძრავებს, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ დაძალება ბავშვის თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე ნეგატიურად მოქმედებს, აგრეთვე აგრესიას ბადებს. დიდი არჩევანია წრეების და თვითონ წრეებს აქვს მიღების ასაკობრივი ინდივიდუალური კრიტერიუმები. მთავარია, ზომიერება გამოიჩინოს მშობელმა და ბავშვის ბიოლოგიურ რიტმთან შესაბამისი დატვირთვა შეარჩიოს.

თუ იღლება ბავშვი, გაღიზიანებული გახდა ან დათრგუნული, აკადემიური მოსწრება გაუუარესდა, ძილი მშფოთვარე გაუხდა ან რაიმე ნეგატიური შეამჩნია მშობელმა, უნდა გადახედოს ბავშის დღის განრიგს და შეამსუბუქოს დატვირთვა, ან სპეციალისტის კვალიფიციური კონსულტაცია გაიაროს და ერთად შეარჩიონ ბავშვის შესაძლებლობების შესაბამისი დატვირთვის მოდელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი