ნანკა კალატოზიშვილი საზღვარგარეთ ყოფნისას მარტო დაიარება და როცა საქართველოს ფარგლებშია, დასვენებასაც მარტო არჩევს. ტელეფონს რთავს და სულაც სხვა ნომერს იღებს, მიდის ზღვაზე და მართალია, მერე არასასურველი თაყვანისმცემლების მოშორებით არის დაკავებული, რომლებიც სასტუმროს ნომრის კარზე ღამის ორ საათზეც კი უბრახუნებენ, მაგრამ ნანკა ასეთი სიტუაციებისთვისაც მზად არის. ახლახან თავის კოლეგებთან ერთად გასტროლებიდან დაბრუნდა, რამდენიმე ქვეყანაში "მაკბეტი" წარმატებით აჩვენეს და ქართველმა მსახიობებმა პრიზებიც დაისაკუთრეს. გარდა ამისა, "მაკბეტი" "დურუჯის" მფლობელიც გახდა.
- გასტროლების ბოლო გაჩერება ისრაელში გვქონდა, მაისიდან რომ გავედით, ახლა დავბრუნდით. ხორვატიაში, რიეკაში ფესტივალზე "მაკბეტმა" ცხრა პრიზი აიღო თერთმეტიდან, ჩემმა დუბლმა ბუბა გოგორიშვილმა, როგორც ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელმა, და თორნიკე გოგრიჭიანმა, აგერ ფოტოზე რომ მკოცნის, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაისაკუთრა ჯილდო. ერთ ქვეყანაში მე ვთამაშობდი, მეორეში ბუბა. იმდენად კარგი რეცენზიები დაიწერა და იმდენად კარგი შეხვედრები იყო ჟურნალისტებთან, რომ ყველანი კმაყოფილები დავრჩით. თუმცა მე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვერ მივასწარი, რადგან ტალინში დავიკარგე. თეატრი ვერ ვიპოვე, სადაც უნდა მივსულიყავი.
საერთოდ, ორიენტაცია მიჭირს. ისრაელშიც დავიკარგე, მაცხოვრის საფლავის მონახულების შემდეგ სხვაგან წავედი, არაბულ ზონაში აღმოვჩნდი, ბნელ გვირაბებში, ალაგება რომ დაიწყეს, ბევრი ურიკით დადიოდნენ და ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო. დოიმ იცის, მარტო რომ დავბოდიალობ ხოლმე და კი დამირეკა, მაგრამ ვუთხარი, თუ არ გამოვჩნდი, მერე მომიკითხეთ-მეთქი. დოი ზოგადად არ ნერვიულობს ჩემზე, იცის, რომ ასე თუ ისე გამოვაგნებ და გამოვაგენი კიდეც, თუმცა ბევრი ვიწვალე.
ისრაელში შარშანაც ვიყავით, "ქალი ძაღლით" გვქონდა ჩატანილი და წელსაც დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რაც გავამართლეთ.
- დოი მკაცრია?
- საკმაოდ. რეპეტიციებზე არ უნდა დააგვიანო, ტექსტების სწრაფად სწავლა უნდა შეგეძლოს, გვიკრძალავს თეატრში მზესუმზირის ჭამას. აჩიკო სოლოღაშვილი უნდა გენახა, ყველა ქვეყანაში იქაურ ენაზე რომ ათამაშებდა. იერუსალიმის ფესტივალზე ნანა ბუთხუზმა ებრაულ ენაზე ითამაშა საკმაოდ მოზრდილი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ იცოდა. როგორ არ მაქვს გადაღებული, ვნანობ, ვტიროდი, ქართულად რომ თამაშობს, მაშინ ვტირი ხოლმე.
- გასტროლებით განებივრებული არ ხართ...
- მუსკომედია მაინც დადის გასტროლებზე, ასევე მარჯანიშვილის თეატრიც, მგონია, რომ ასე თუ ისე საზღვარგარეთ გასტროლები არის. სპექტაკლისთვის ეს ახალი სიცოცხლეა. ისევე ნერვიულობ, როგორც აქ პრემიერაზე. ყველა მეკითხებოდა, ალბათ მაგრად ერთობოდითო, რა გართობასა და შოპინგზეა ლაპარაკი. რა მეშოპინგება, როცა ქვეყანაში ხუთი დღით ვარ, მირჩევნია ვიარო და დავათვალიერო.
მსახიობები ძირითადად გზაში ვმაიმუნობთ, ვიღებთ გიჟურ ფოტოებს, მე, აჩიკო სოლოღაშვილი და ბუბა გოგორიშვილი ერთნაირები ვართ, არც ერთს სიარული არ გვეზარება, არც ფოტოების გადაღება. გართულება მაქვს ხილზე. რიეკაში ვაშლის გარეშე დავრჩი, არადა, ძალიან მიყვარს, სპექტაკლისთვისაც მჭირდებოდა, დავინახე ბაზარი და მივვარდი გამყიდველს, ვაშლი მომყიდეთ-მეთქი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველა ფოტოზე ვაშლიანი პარკი ჩანს. ზოგიერთი ფოტო აჩიკომ ჩუმადაც გადამიღო. თან სულ მკითხულობს, იცის, რომ ხიფათიანი ვარ და რაიმე მტვრევის ხმა თუ ისმის, ჩემს ძებნას იწყებს და ნერვიულობს.
ამას წინათ ყავა გადავასხი, არ მინდოდა, ასე გამოვიდა (იცინის). მერე მთხოვა, ვინ გითხრა, რომ ყავა მოგეტანაო. "მაკბეტი" დაწყევლილი პიესაა და სპექტაკლის მიმდინარეობისას გაკრული გვაქვს ნაჭერი სისხლის ლაქით, რომელიც, ასე ვთქვათ, ამ წყევლას გვარიდებს. მაინცდამაინც ტალინში დაავიწყდათ ამ ნაჭრის გაკვრა და ყველაფერი მაშინ დამემართა, ხან ხიჭვი შემერჭო, ხან ხელი გავკარი რაღაცას. აჩიკო გამოენთო ეგრევე, ის ნაჭერი არ არის გაკრულიო და სასწრაფოდ გააკრა. მერეც თუ რაიმე მემართებოდა, იმ ნაჭერს ვაბრალებდი. არადა, ისედაც ყველგან ვილეწები (იღიმება).
- თორნიკე გოგრიჭიანთან საკმაოდ საინტერესო ფოტო გაქვს გადაღებული...
- იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, 8 მაისი. სპექტაკლი რომ დასრულდა, ყველანი ნომერში ავედით და იქ მაკოცა თორნიკემ, ასე მომილოცა, საყვარლად (იღიმება). თუკი ერთმანეთს დიდხანს ვერ ვნახულობთ, მერე მიწერ-მოწერა გვაქვს, რა მოხდა ჩვენ შორის, ხომ არ გავიყარეთო. "მაკბეტში" პარტნიორები ვართ.
- მერე ჭორები არ გსმენია?
- არა, არ ვიცი, ამ ფოტოს შემდეგ გაჩნდება თუ არა. თორნიკე, მაპატიე! (იცინის). უნდა გენახა, თავიდან ერთმანეთისთვის რომ უნდა გვეკოცნა, რა დღეში ვიყავით. რაც უნდა მსახიობი იყო, მაინც ძნელია ამისი გადალახვა. კოცნა ჩემთვის ინტიმია და ამის გაკეთება საყვარელ ადამიანთან მიყვარს. ჩემი და თორნიკეს პირველი კოცნა ძალიან სასაცილო იყო, უცბად ვაკოცეთ ერთმანეთს, მერე გადავლახეთ, თან დოიმაც გაგვხსნა. თორნიკე ძალიან კარგი პარტნიორია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ სცენაზე. 22 წლისაა, პატარაა, მგონია, რომ საკმაოდ კარგი მომავალი აქვს. კოცნის სცენა იმდენად კარგად გამოგვდის, რომ ბუნებრივად ჩანს. ტალინში ჟურნალისტები დაინტერესდნენ ჩვენი სასიყვარულო ისტორიით და ჰკითხეს, შენ და ნანკა მართლა შეყვარებულები ხომ არ ხართო.
- მარტო ქართველი ჟურნალისტები არ ვსვამთ ასეთ შეკითხვებს, ხომ ხედავ...
- (იცინის) თორნიკეს გაეცინა, ჩვენ მეგობრები ვართ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს მსახიობებისთვის დიდი კომპლიმენტია, რადგან ხალხს ჰგონია, რომ მართლა გვიყვარს ერთმანეთი, ისე ვასრულებთ როლებს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეგონათ, თითქოს მართლა ვგიჟდებით ერთმანეთზე.
- ისე, ვნებიანი ქალი რომ განასახიერო, ასეთი უნდა იყო?
- ერთმა მსახიობმა თქვა, სიყვარული როგორ ვითამაშო, შეყვარებული არ ვყოფილვარ არასდროსო. რასაკვირველია, როცა გამოცდილი გაქვს, როგორი გრძნობაა, სხვანაირად თამაშობ.
- "გოგონა გარეუბნიდან" მოგწონს"?
- ძალიან მომწონს, თორნიკე იქ სულ სხვანაირად თამაშობს. ძალიან კარგი სერიალია. განსაკუთრებით მომწონს რუსკა მაყაშვილი, არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობს თავის გარეგნობაზე, მაგრამ მე ძალიან ლამაზი მეჩვენება.
- დასვენებას თუ ახერხებ?
- დოიმ დაგვიბარა და გვითხრა, რომ ახალ სპექტაკლს ვდგამთ, დაივიწყეთ პირადი ცხოვრება, მოიტანეთ "ლეჟანკები" და კბილის ჯაგრისები, მთელი ზაფხული თეატრში ვიქნებით ჩადგმითო. ახლა ოთხი დღე მოგვცა დასასვენებლად, ზოგი ზღვაზე გაეშურა, მე არ ვიცი, რა ვაკეთო. ისე კი მქონია ასეთი 4-5 დღე და მარტო წავსულვარ ზღვაზე. ყველაზე კარგი დასვენება ჩემთვის ზღვაა, მთაში სიარული არ მიყვარს. ვყოფილვარ გრიგოლეთში, სადაც არავინ მაწუხებს, აი, ქობულეთში სასტუმროში ვიღაცამ მომიკაკუნა ღამის ორ საათზე, წამოდი, გავისეირნოთო. ეტყობა მხედავდა, ყოველდღე მარტო რომ ჩავდიოდი და ამოვდიოდი პლაჟიდან.
- როგორ მოიშორე აბეზარი თაყვანისმცემელი?
- მარტო რადგან ხარ, მოწყენილი იქნებიო. მე კი მილან კუნდერა მქონდა წაღებული და კითხვით ვირთობდი თავს. მოკლედ, რომ გავაღე შუაღამისას, რა "ვიდზე" ვიქნებოდი, ხომ ხვდები? თან ისეთი პერიოდი დაემთხვა, ხალხი სასტუმროში ნაკლებად იყო. მოკლედ, ძალა მოვიკრიბე, თმა გავიშალე და ისეთი სახით ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი, ეგრევე წავიდა. მეორედ ბათუმშიც მქონდა ასეთი შემთხვევა, ორი დღე კაფეში ბიჭი ვერ მოვიშორე, ბოლოს მოსაკითხად დამირეკეს და ის ბიჭი რომ აღვუწერე ჩემს მეგობარს, მისი ნაცნობი აღმოჩნდა, დაურეკა და უთხრა, მაგ გოგოს თავი დაანებე, ხომ ხედავ, წიგნს კითხულობს და არ არის კომუნიკაციის ხასიათზეო (იცინის)?
ამას წინათ მარტში "სიმართლის დროის" პროდიუსერებს დავეთხოვე და ავიჩემე, მატარებლით უნდა წავიდე ბათუმში მარტო-მეთქი. გადაცემის ჩაწერა გვიან დამთავრდა და მატარებელმა გამასწრო. მეგობრის მანქანით ხაშურამდე ვდიე, აჩემებული მქონდა, რომ მაინცდამაინც მატარებლით უნდა ჩავსულიყავი. ეს ჩემი მეგობარი მეხვეწა, მე ჩაგიყვან, არ მეზარებაო, მაგრამ არაფრით არ ვქენი. ბათუმში ჩასული სასტუმროში დავბინავდი, სადაც ძალიან ლამაზი ნომერი მქონდა, მაგრამ თურმე ყოველ დილას ამ სასტუმროს გუნდი სიმღერით აღვიძებდა ხალხს. უნდა გენახა, რა სახე მქონდა, როცა დღის პირველ საათზე სიმღერ-სიმღერით გამაღვიძეს, კი, კარგად მღეროდნენ, მაგრამ მერე ვთხოვე, სანამ სიმღერას დაიწყებენ, გამაფრთხილეთ, რომ სასტუმროდან გავიდე-მეთქი (იცინის).
ეს ჩემი ტანჯვა-წამება გადავიღე და მერე ვიცინოდი ამაზე. "ინტურისტში" საჭმელად შევდიოდი და მარინა ბერიძეს ვნახულობდი, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობთ, მაგრამ რომ დამინახავდა, თავს მარიდებდა, რადგან ხვდებოდა, რომ გასული ვიყავი მომსახურების ზონიდან, ბოლოს თვითონ მივედი და იმდენი ვილაპარაკე, არასდროს რომ არ მილაპარაკია (იცინის), მერე ხუმრობდა, ნანკამ რაც დაისვენა, მერე ჩემთან ილაპარაკაო (იცინის). ვითომ დეპრესია მაქვს ხოლმე, მაგრამ ისე კარგად გამოვედი ამ ოთხდღიანი მოგზაურობით, კმაყოფილი დავრჩი.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)