ავტორი:

როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს

როგორ უვარდებათ ხელში თქვენი ნომრები კომპანიებს, რომლებიც რეკლამებს გიგზავნიან და რა უნდა ქნათ, როცა SMS OFF-ფუნქცია არ მუშაობს

ელექტრონული ფოსტითა და სმს-შეტყობინებებით რეკლამის მიღება უკვე თითოეული მომხმარებლის ყოველდღიურობაა. ბანკები, ტექნიკისა თუ ავტომანქანის საბურავების მაღაზიები, სამედიცინო კლინიკები, ფარმაცევტული კომპანიები... - პირდაპირი მარკეტინგის ამ ფორმას ძალიან ბევრი მსხვილი თუ შედარებით მცირე ზომის კომპანია მიმართავს. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში Ambebi.ge-ს განუცხადეს, პირდაპირი მარკეტინგი, ანუ სმს-რეკლამების გაგზავნა კანონმდებლობით არ იკრძალება, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები. ინსპექტორის აპარატში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც პირდაპირი მარკეტინგის საკითხების რეგულირებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მთავარი იურისტის თათია კაჭარავას განმარტებით, კომპანიებს მომხმარებლების პირად საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომის რამდენიმე გზა აქვთ:

  • პირველი, როცა მოქალაქე თავად აცხადებს თანხმობას ამ ინფორმაციის გაცემაზე
  • მეორე, მონაცემები ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებიდან (მაგალითად, თუ მოქალაქემ ტელეფონის ნომერი ყიდვა-გაყიდვის საიტზე გაასაჯაროვა, ელექტრონული ფოსტა ღიად მიუთითა "ფეისბუქის" გვერდზე და სხვა)
  • ასევე თუ სხვა კანონიერი მიზნით, კომპანიას უკვე აქვს შეგროვებული საკონტაქტო მონაცემები (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი) მათი გამოყენება შესაძლებელია მარკეტინგის მიზნითაც.

„ხშირად საკუთარი მონაცემების, მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებაზე კომპანიებს თავად ვთანხმდებით - მაგალითად, დაგროვებითი ბარათის შევსებისას მაღაზიას ვაძლევთ უფლებას გამოგვიგზავნოს შეტყობინებები, მობილურ ოპერატორს ვრთავთ ნებას გამოიყენოს ჩვენი ტელეფონის ნომერი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგული მიზნებისთვის და სხვა. მიუხედავად იმისა, დათანხმდება თუ არა მოქალაქე მისი მონაცემების მარკეტინგის მიზნით გამოყენებას ფიქსირებული თუ სხვა ნებისმიერი ფორმით, მას უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას ამავე მიზნით საკუთარი მონაცემების შემდგომში გამოყენებაზე. ამასთან, კომპანია ვალდებულია შექმნას ამ უფლების გამოყენების ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები“, - აღნიშნავს კაჭარავა.

მისივე განმარტებით, სარეკლამო შეტყობინებას აუცილებლად უნდა ახლდეს უარის თქმის მექანიზმი და მკაფიო მითითება იმაზე, თუ როგორ შეუძლია მოქალაქეს სარეკლამო შეტყობინების მიღების შეწყვეტა - ე.წ. SMS OFF; ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი სარეკლამო შეტყობინება უნდა იძლეოდეს მასზე უარის თქმის საშუალებას. ე.წ Unsubscribe ღილაკის, ან სხვა საშუალების გამოყენებით.

„მოქალაქეს აქვს უფლება მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით მოსთხოვოს, შეწყვიტოს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენება. კომპანია ვალდებულია ეს მოთხოვნა შეასრულოს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ კომპანია უარის მიღებიდან 10 სამუშაო დღის შემდგომ აგრძელებს სარეკლამო შეტყობინებების გამოგზავნას, შეგიძლიათ, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს", - აღნიშნავს აპარატის მთავარი იურისტი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პირდაპირი მარკეტინგის გზით სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირება კომპანიებისთვის ძალიან მცირე დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ვინაიდან ამ კუთხით კანონიც ლიბერალურია, რეკლამირების მსგავსი ფორმა ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. სმს-ით მომსახურების შეთავაზება ბევრ ადამიანს ძალიან აღიზიანებს.

მომხმარებლები იმასაც ამბობენ, რომ ხშირად sms no ფუნქცია უბრალოდ, არ მუშაობს და სარეკლამო მესიჯების გამოგზავნა დაუსრულებლად გრძელდება.

„ავერსის კლინიკის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი აღნიშნავს, რომ ამ ფორმით რეკლამირებას მათი კომპანიაც მიმართავს, თუმცა თუ მომხმარებელი სარეკლამო ტიპის შეტყობინებაზე უარს აცხადებს, ესემესების გაგზავნა წყდება.

„პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა გვაქვს, როცა პაციენტი მოდის ჩვენს კლინიკაში მომსახურების მისაღებად. შესაბამისად, იგი ნებაყოფლობით ტოვებს თავის საკონტაქტო ინფორმაციას, რათა მოხდეს შემდგომში მათთან დაკავშირება და სხვა სახის სერვისების განხორციელება. ამ მონაცემებს შემდგომში თუნდაც პირდაპირი მარკეტინგისთვის ვიყენებთ, ვაგზავნით სმს-ებს, მომხმარებლებს ვატყობინებთ აქციების შესახებ. თუ მოდის უარყოფა და აღარ უნდათ ამა თუ იმ სერვისზე ინფორმაციის მიღება, შეტყობინებების გაგზავნა წყდება", - აცხადებს თაკო გაგნიძე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის დადგენის შემთხვევაში კანონი ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს. პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 3000 ლარია, 1 წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი - 10 000 ლარი.

მათივე ცნობით, გასული წლის განმავლობაში პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის 23 ორგანიზაცია დაჯარიმდა. მიმდინარე წელს კი სანქცია 14 ორგანიზაციას დაეკისრა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ