სამხედრო სარეზერვო სისტემა ხელისუფლების ერთ-ერთი სიამაყე გახლდათ, დღევანდელი კულტურისა და სპორტის მინისტრი და იმჟამინდელი პარლამენტარი ნიკა რურუა ამაყად აცხადებდა, ისეთივე რეზერვისტთა არმია უნდა გვყავდეს, როგორიც ნორვეგიასო, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე კი მათი რიცხვის, არც მეტი, არც ნაკლები, 100 ათასამდე გაზრდას აპირებდა.
და აი, ორწლიანი პაუზის შემდეგ სარეზერვო სამსახური ამოქმედდა. თუ წინა წლებში რეზერვისტთა რიცხვი 38 ათასი გახლდათ, ახლა, 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ათასი მაღალი კლასის რეზერვისტის მომზადებაზეა ლაპარაკი, შედის ცვლილებები კანონპროექტში "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ".
კერძოდ, სარეზერვო სამსახურის გავლა ქალებსაც შეეძლებათ. სარეზერვო სამსახურზე უარის შემთხვევაში, პირს 60-დღიანი ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოუწევს. პედაგოგები, სოფლის ექიმები და თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები სარეზერვო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან... ამ საკითხზე პოზიციას გამოხატავს ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე:
- რეზერვი ზოგადი ცნებაა - საქართველოს ყველა მოქალაქე რეზერვისტია. ამიტომ სახელმწიფომ, თავდაცვის სამინისტრომ, კეთილი უნდა ინებონ და, ტერმინები სწორად ჩამოაყალიბონ. კონსტიტუციით, ყველა 45 წლამდე მამაკაცი სამხედრო ვალდებულია ომის დროს. ამ კანონით, 18-დან 40 წლამდე მამაკაცები სამხედრო სარეზერვო სამსახურს გაივლიან. თავისი სახელი უნდა დაერქვას იმ სამხედრო შენაერთს, რომლის შექმნაზეც არის ლაპარაკი - იქნება ეს სახალხო ლაშქარი თუ ეროვნული გვარდია ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, რომელიც სარეზერვო სამსახურზეა დაფუძნებული.
მაშინ გვეცოდინება, რომ სწორედ სახალხო ლაშქარსა თუ ეროვნულ გვარდიაში იქნება 3000 ჯარისკაცი. ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს ისიც, ეს ქვედანაყოფი რომელი ეშელონის შემადგენლობაში შევა საბრძოლო მოქმედებებისას, რა ფუნქცია დაეკისრება და ა.შ. ან რას ნიშნავს, როცა ზოგიერთები ამბობენ, აგვისტოს ომის დროს რეზერვმა არ გაამართლაო. ომში რეზერვი კი არა, სამხედრო ქვედანაყოფი იბრძვის, რომელსაც რეზერვი ავსებს.
აგვისტოს ომში კი ამ სისტემის კრახი გარდაუვალი გახლდათ, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ იყო ბოლომდე გამართული, ყველაფერი სუპერდაჩქარებული ტემპებით ხდებოდა.
წარსულის გაკვეთილები დღეს მაინც უნდა გავითვალისწინოთ და ეს ცვლილებები კარგად ავწონ-დავწონოთ. ჯერ ამ სტრუქტურის, რომელსაც შეცდომით რეზერვს ვუწოდებთ, ამოცანები უნდა განისაზღვროს, ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ. ხომ არ შეიძლება, სულ მოჯადოებულ წრეში ტრიალი?
- ახალი კანონპროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად მხოლოდ იმ რეზერვისტებს ჩაეთვლებათ, რომლებსაც ეს სამსახური, კონკრეტულად, 2007-2008 წლებში გაიარეს.
- საქართველოში ერთი ასაკის დაახლოებით 30 ათასი ადამიანია, შეიარაღებულ ძალებში ყველამ ერთდროულად რომც მოინდომოს სამსახური, ვერც იმსახურებს. ესეც უნდა დარეგულირდეს. ნაწილმა შეიძლება მოიხადოს წელიწად-ნახევრიანი საკონტრაქტო სამსახური, ნაწილს კი რეზერვი ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, რადგან მან თავისი ვალი ქვეყნის წინაშე ამ ფორმით უკვე მოიხადა. ნორმატიულმა აქტებმა ადამიანებს ცხოვრება უნდა გაუმარტივოს და არა - გაურთულოს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)