ავტორი:

"ჩემი შვილი სიკვდილამდე სამართალდამცველების გულგრილობამ მიიყვანა..." - ვიტალი საფაროვის დედა

"ჩემი შვილი სიკვდილამდე სამართალდამცველების გულგრილობამ მიიყვანა..." - ვიტალი საფაროვის დედა

თბილისში, ერთ-ერთ ბარში მოკლული 25 წლის ვიტალი საფაროვის დედა მიიჩნევს, რომ მისი შვილის გარდაცვალების მიზეზი "სხვადასხვა ფაშისტური დაჯგუფებისადმი" სამართალდამცველების გულგრილობა გახდა. მარინა ალანაკიანმა ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა.

„რამ მიიყვანა სიკვდილამდე ჩემი შვილი? ქართული სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობამ სხვადასხვა ფაშისტური დაჯგუფებისადმი, რომლებიც სიძულვილის იდეოლოგიას ქადაგებენ. თუ ახლა არ დავიწყებთ მათთან ბრძოლას, მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება. ერთხელაც იძულებული გავხდებით, ვაღიაროთ საკუთარ თავთან, რომ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი შვილების მკვლელობის ასარიდებლად ქალაქის ქუჩებში, ქალაქის, რომელიც მათ ასე ძალიან უყვარდათ...

ძალიან მიჭირს ახლა წერა, თუმცა გადავწყვიტე, მათ ვებრძოლო. მგონია, რომ ყველა ოჯახი, ყველა დედა გამიგებს და გვერდით დამიდგება. ყველას გვყავს შვილები და ვინ იქნება შემდეგი?!“

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩართულობის და განვითარების ცენტრში" მუშაობდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფაროვი, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს. ორგანიზაცია გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

„ამ საქმეში ერთ მხარეს არის მოკლული უფლებადამცველი, რომელიც წლების განმავლობაში დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო მეორე მხარეს არიან ნეონაცისტური დაჯგუფების წევრი ბრალდებულები. დაკავებულთაგან ერთ-ერთს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი აქვს წაყენებული, ხოლო მეორეს ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირება 109-ე მუხლით, რადგან სახეზეა ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. ეს არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული და გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი.

ვიტალი საფაროვის მკვლელობის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლებელია იყოს ის, რომ საფაროვი ბარში სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კონფლიქტის დროს საუბარი ეხებოდა სამშობლოსა და ქართველობას. ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის მკვლელობა, სავარაუდოდ, ქსენოფობიურ ნიადაგზე განხორციელდა,"- განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, იმ ბარში, სადაც ვიტალი საფაროვის მკვლელობა მოხდა, პერსონალმა არაერთხელ გამოიძახა პოლიცია იმის გამო, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირები ავიწროვებდნენ უცხოელ მოქალაქეებს და აცხადებდნენ, რომ ვინც ქართველი არ არის, უნდა მოკვდეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ