რუსეთმა აშშ-ს ყირგიზეთი დაუთმო

რუსეთმა აშშ-ს ყირგიზეთი დაუთმო

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა ყირგიზეთში თავისი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გეგმები გაყინა, რომლის შესახებაც მოლაპარაკებებს ყოფილ პრეზიდენტთან ყურმანბეკ ბაკიევთან აწარმოებდა. ამგვარად, რუსეთი ყირგიზეთში მეორე სამხედრო და სასწავლო ცენტრს აღარ ააშენებს.

რუსი ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას იმის ნიშნად მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს ყირგიზეთი დაუთმო. მით უმეტეს, რომ აშშ რეგიონში საკუთარ ყოფნას ააქტიურებს. კერძოდ აშშ ტაჯიკეთში ახალი სამხედრო სასაწავლო ბაზის გასახსნელად 10 მილიონ დოლარს გამოყოფს, ცენტრი კი 2011 წლისთვის უკვე მზად იქნება.

რამდენად რეალურია რუსი ექსპერტების მოსაზრება და რამ აიძულა რუსეთი ამ ნაბიჯისაკენ - "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი ასე მარტივად არ თმობს პოზიციებს.

"რაღაც ეჭვი მეპარება, რადგან რუსეთი ასე იოლად არ თმობს თავის პოზიციებს. აქ რაღაც სხვა არის დამალული და ასეთ დათმობას გამოვრიცხავ კიდეც. ვფიქრობ, რუსეთი სერიოზულად იქნება წარმოდგენილი ყირგიზეთში და არც აშშ-ის სამხედრო ბაზას შეუშლის ხელს, დროებით მაინც. რუსეთი ის არ არის, რომ რაიმე წყალქვეშა დინებები არ მოაწყოს, მით უმეტეს, რომ ყირგიზეთში ვითარება ჯერ კიდევ არ არის სტაბილური. ამიტომ უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კი თვლის, რომ აქ ალბათ უფრო გაცვლის მომენტია.

"ყირგიზეთში არსებული ბაზა აშშ-ს სჭირდება ავღიანეთში საომარი ოპერაციების მხარდასაჭერად. ეს ბაზა მუშაობას და აშშ ამ ბაზას მიზნობრივად იყენებს. დღეს ყირგიზეთში ვითარება ჯერ კიდევ კრიტიკულია და ობამას ადმინისტრაცია ფრთხილად ეკიდება იმ თემას, სადაც ასე პირდაპირ არის ჩადებული რუსეთის ინტერესები.

"რაც შეხება რუსეთს, დაუთმო თუ არა მან ყირგიზეთი აშშ-ს, ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში ვისაუბროთ რაიმე სიღრმეზე. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ამ შესაძლო დათმობით რუსეთი იღებს იმის გარანტიას, რომ სხვა მეზობელ ქვყნებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები გაამყაროს.

"ყირგიზეთს ჭირდება კოლოსალური თანხები, რომ ფეხზე დადგეს, რუსეთს ამისათვის კაპიკის გაღება არ უნდა. მას მარტივად და ნაკლები დანახარჯებით უნდა მიიღოს ყველაფერი და აქცენტს უფრო ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებზე აკეთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო გაცვლის მომენტი შეიძლება იყოს", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე დათმობას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ცენტრალური აზია იმედენად უმნიშვნელოვანესი რეგიონია, რომ ერთმანეთისადმი ასეთი დათმობები, როგორც წესი, არ ხდება. ის, რომ რუსეთი ცდილობს, მანასის ბაზა ადრე თუ გვიან გააუქმოს, თავისთავად ცხადია, თუმცა იგი ცდილობს თავის ნაბიჯებით ამერკიელები მასზე უფრო დამოკიდებული გახადოს და მეტი პირობების წაყენების საშუალება მიეცეს.

"ასე რომ, ამ რეგიონში გამორიცხულია ვინმემ ვინმეს რაიმე დაუთმოს. პირიქით, ეს რეგიონი იქნება კონკურენციისა და მძაფრი დაპირისპირების არეალი. ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ამით იმაზე მიუთითებს, რომ მათთვის უცნობია დიდი ქვეყნების პოლიტიკური მიმართულებები", - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ვასილ ჭყოიძეს, რომელიც თვლის, რომ რუსეთი არა მხოლოდ ყირგიზეთში, არამედ მთელ ცენტრალურ აზიაში კარგავს თავის გავლენას.

"რუსული სამხედრო ბაზების აშენება და მათი აღმშენებლობა ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში რუსეთისათვის აზრს კარგავს იმის გამო, რომ რუსეთი ხელს ვერ უშლის ამ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნას. რუსეთს თავის სამხედრო ბაზები არა სტაბილურობის მისაღწევად, არამედ საკუთარი ერთპიროვნული კონტროლის დასამყარებლად სჭირდებოდა.

"ფაქტია, რომ რუსეთმა ყირგიზეთში თავისი გეგემების რეალიზება ვერ მოახერხა. მან ვერ შეძლო მის მიერ მართვადი სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღება. მისმა სპეცსამსახურებმა ვერ შეძლეს აეგორებინათ კონფლიქტი ეთნიკური უზბეკების უმცირესობასთან, ვერ უზრუნველყვეს ყირგიზეთში სამხედრო შეჭრა დსთ-ს უსაფრთხოების ორგანიზაციის ეგიდით. რუსეთმა დაკარგა როგორც მოქმედი დროებითი ხელისუფლების, ასევე დევნილი ბაკიევის მომხრეთა ნდობა.

"ასევე, რუსეთმა, რომელიც ცდილობდა ყირგიზეთის ხელით აშშ-ის სამხედრო ბაზის დახურვას, მიუხედავად გარანტირებული ოპტიმიზმისა, სრული ფიასკო განიცადა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ აშშ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ტაჯიკეთთანაც ახალი სამხედრო ბაზის გახსნის თაობაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი კარგავს თავის გავლენას არა მხოლოდ ყირგიზეთში, არამედ მთლიანად ცენტრალურ აზიაში. ამ პირობებში, როგორც ჩანს, იგი უარს ამბობს თავის გეგემებზე ყირგიზეთში და დამატებითი სამხედრო ბაზების განლაგებაზეც", - განაცხადა ვასილ ჭყოიძემ.

ია აბულაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა