ავტორი:

ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში

ჯამალ ხაშოგიმ საკუთარი წამებით სიკვდილი გადაიღო? - ახალი დეტალები საუდელი ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობის საქმეში

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში გაგუდეს, ხაშოგი შველას ითხოვდა - ამის შესახებ ABC News საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქის მკვლელობის შესახებ განმარტება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ფონზე, ჟურნალისტის გაუჩინარებიდან 19 დღის შემდეგ გააკეთა. საუდელი ჯამალ ხაშოგი ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა. ის 2 ოქტომბერს, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში სტუმრობის შემდეგ გაუჩინარდა.

მას შემდეგ, რაც ხაშოგის კვალი გაქრა, არაბეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტმა საკონსულო იმავე დღეს დატოვა, ორი კვირის შემდეგ კი ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ხაშოგი და საკონსულოში მომუშავე რამდენიმე პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ჩხუბის დროს ჟურნალისტი გარდაიცვალა.

სად გაქრა ხაშოგის ცხედარი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

დაკავებულია 18 ადამიანი, მათ შორის - 15 საუდელი, რომელიც თურქეთში, ქვეყნის საკონსულოში ჟურნალისტთან შესახვედრად გაემგზავრა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს 5 ოფიციალური პირი. დაკავებულების ვინაობა ცნობილი არ არის.

თურქი გამომძიებლები ამბობენ, რომ მათ აქვთ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხაშოგი საუდელმა აგენტებმა საკონსულოს შენობაში მოკლეს.

ჟურნალისტის მეგობრები მოითხოვენ, ცხედარი ახლობლებს გადასცენ.

"დაგვიბრუნეთ ჯამალი, გვსურს, მისი ცხედარი დავკრძალოთ. ყველას, ვისაც მისი ბედი ადარდებს, მათ შორის - მსოფლიო ლიდერებსაც შეუძლიათ, დაესწრონ დაკრძალვას,“ - განაცხადა თურქეთში არაბული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელმა და ხაშოგის მეგობარმა ტურან კისლაკჩიმ.

მისივე თქმით, 18 ადამიანის დაკავება საკმარისი არ არის და აუცილებელია, მკვლელობის დამკვეთები დაისაჯონ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხაშოგი საუდის არაბეთიდან სპეციალურად ჩასულმა გუნდმა ცოცხლად დაანაწევრა. ვიდრე ჟურნალისტი ყვიროდა და შველას ითხოვდა, ისინი ყურსასმენებით მუსიკას უსმენდნენ. მისი წამებით მკვლელობას ხელმძღვანელობდა აუტოფსიის სპეციალისტი მუჰამად ალ-ტუბაიქი.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და 15 ჩანთაში გადაანაწილეს, მოგვიანებით კი მჟავით დაშალეს.

საკუთარი წამება და სიკვდილი, სავარაუდოდ, ხაშოგიმ „ეფლის“ საათით ჩაიწერა. The Sun-ის ინფორმაციით, თურქულმა პროსახელისუფლებო გაზეთმა დაწერა, რომ სამართალდამცველებს 59 წლის ჟურნალისტის ცხოვრების ბოლო წუთების ამსახველი ვიდეომასალა აქვთ.

გამოცემა Sabah ამტკიცებს, რომ პოლიციამ ჩანაწერი ხაშოგის „აიფონიდან“ და მისი iCloud-ის ანგარიშიდან ამოიღო. ტელეფონი ჟურნალისტმა საკონსულოში შესვლამდე საცოლესთან დატოვა.

ხაშოგის გარდაცვალებას ტვიტერზე მისი საცოლე, ჰატიჩე ჩენგიზი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც ჯამალი საუბრობს, მოულოდნელად კი მის კალთაში კატა ჩახტა. ხაშოგი მას უყურებს და იცინის, სიცილს ვერც გადამღები გუნდის წევრები იკავებენ.

„შენი ფიზიკური სხეული წამართვეს, მაგრამ შენი სიცილი ჩემს სულში სამუდამოდ დარჩება“ - წერს ჟურნალისტის საცოლე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე