ავტორი:

"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - როგორ იხსენებს ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას

"ერთი დღე გავატარე მასთან ერთად... ნუგ, ასე მომმართავდა" - როგორ იხსენებს ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრას

ფოტოს უამრავი ამბის მოყოლა შეუძლია - უცნობ, უნიკალურ ისტორიებს ინახავს და ფირზე სამუდამოდ აღბეჭდავს. ზოგიერთი წინასწარ დაგეგმილი, მომზადებული და კარგად ნაფიქრია, ზოგიც დაუგეგმავი და ექსპრომტად გადაღებული, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს კადრები რჩება და ისინი დაუვიწყარ ისტორებს ყვებიან.

ყველასათვის კარგად ცნობილი ჟურნალისტის, მთარგმნელისა და პედაგოგიკის დოქტორის ნუგზარ რუხაძის ალბომი ათასობით ფოტოს ინახავს. როგორც გაგვიმხილა, ფოტოებთან დაკავშირებით სევდანარევი დამოკიდებულება აქვს და მაინცდამაინც არ უყვარს იმ სკივრის გახსნა, სადაც მისი ფოტოარქივი ინახება. თუმცა, მის სამუშაო ოთახში, კედლებზე გამოფენილ რამდენიმე ფოტოსთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღების ერთი იქცევს: ფოტოზე ნუგზარ რუხაძე სილამაზის ეტალონად აღიარებულ მსახიობთან, ლეგენდარულ ოდრი ჰეპბერნთან ერთადაა.

"ცხადია, ფოტოგრაფიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ფოტოებმა შემოგვინახა თვალხილული ისტორია, ის კი არა და სადღაც თაროზე მიდევს წიგნი სახელწოდებით „ისტორია ფოტოებში“ და ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც როლი აქვს ნათამაშები ამას, მაგრამ მე თავად უნდა გითხრათ, რომ ფოტოს მიმართ ცოტა სევდიანი განწყობა მაქვს. თითქოს ფოტოზე ასახული ბედნიერი მოგონებებიც კი, რაღაც სევდას მგვრის და ცუდ ხასიათზე მაყენებს, განსაკუთრებით მაშინ როცა წარმოვიდგენ ეს ათასობით ფოტო, რომელიც შემორჩენილია ძველი დროიდან, ახლა კიდევ ეს ელექტრონული ფოტოები, რომლითაც სავსეა ინტერნეტი და ჩემი კომპიუტერი, მომენტალურად დაკარგავენ მნიშვნელობას, როცა მე აღარ ვიქნები...

ასე წარმოვიდგენ ხოლმე: რა საჭიროა ეს ფოტოები? ხომ არ გავანადგურო, ცეცხლს ხომ არ მივცე? ვინ იქნება ამის პატრონი? რას უზამენ რომ აღარ ვიქნები? მაგრამ ისიც არის, რომ ზოგიერთი ფოტო მართლაც მნიშვნელოვანია, გადაღებულია ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც გავლენა ჰქონდა შენს ცხოვრებაზე და გინდა რომ ეს ყველაფერი შეინახო.

კედელზე მაქვს ის ფოტოები, რომლებიც ძვირფასია ჩემთვის, თვალი შევაჩვიე და აღარ მგვრის ნაღველს. მაგალითად, დედის და მამის სურათები მაქვს კედელზე და ზოგჯერ როცა გავიხედავ უკან და დავინახავ იმდენი რაღაც უკავშირდება ამას, გაგიჟდები. საინტერესო ფოტოა, როცა ამერიკაში რეგიონალური "ემი" მივიღე, მაშინ აშშ-ში თეთრი ჩოხა მქონდა წაღებული და ის ჩავიცვი დაჯილდოებაზე, მახსოვს დიდი ყურადღება მიიქცია.

რაც შეეხება ფოტოს ოდრი ჰეპბერნთან ერთად... სიმართლე გითხრათ, არაერთ ცნობილ ადამიანთან მაქვს სურათები გადაღებული, მაგრამ კედელზე დავკიდე მხოლოდ ეს, იმიტომ რომ ეს სურათი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ოდრი ჰეპბერნი ოდრი ჰეპბერნია! მე მართლაც, ერთი სამუშაო დღის გატარება მომიხდა მასთან ერთად, როდესაც ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. მე ამერიკის ტელევიზიის სტუდიამ გამაგზავნა მასზე სიუჟეტის მოსამზადებლად. უკვე ხანში იყო შესული, თუმცა ის სინათლე და სათნოება სახეში და თვალებში მაინც შემორჩენილი ჰქონდა.

ეს იყო აბსოლიტურად დაუვიწყარი დღე! ისე თბილად მომექცა, იქამდე მივიდა საქმე, რომ სახელითაც მომმართავდა - ნუგ, ასე მეძახდა. ვერ გაიმეორებდა ჩემს ქართულ სახელს და შემოკლებით ვუთხარი, როგორც მეძახდნენ ტელევიზიაში. ფოტო შემთხვევით გადაიღო უცნობმა ფოტორეპორტიორმა და რამდენიმე კვირის შემდეგ მომიტანა - მომცა კონვერტით, როგორც სიურპრიზი.

- ბატონო ნუგზარ, სილამაზის სტანდარტები დროსთან ერთად მუდმივ ცვლილებას განიცდის, თუმცა ოდრი მიჩნეულია იმ სილამაზის მქონე ქალად, რომელიც დღემდე მისაბაძია. თქვენი გადმოსახედიდან, მე-20 საუკუნის ქართულ რეალობაში, სადაც მართლაც არაერთი ულამაზესი ქალი არსებობდა, თუ გამოარჩევდით ვინმეს, რომლის სილამაზეც დღემდე ასეთივე აქტუალურია?

- მოდი ორ ნაწილად გავყოთ ამ შეკითხვაზე პასუხი. ერთი ოდრიზე, ხოლო მეორე ნაწილი ქართულ სილამაზეზე. თავად ოდრი კაცობრიობის გლობალურ მეხსიერებაში ისეთი კლასიკაა, რომელსაც ასაკი არ შეეხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხვედრისას, იყო ნაოჭებით სავსე, ძალიან გამხდარი, მას შემდეგ სულ რაღაც ერთ წელიწადში გარდაიცვალა... უნდა გითხრათ რომ ეს იყო სინაზის ისეთი აღქმა, რომლის აღწერაც არ შემიძლია, ანუ იმას რასაც ჩვენ კინემატოგრაფში ვგრძნობდით, მანამ ფიზიკურად გავიცნობდი მას, ეს ყველაფერი აღმოჩნდა მართალი.

ქართულ რეალობასთან დაკავშირებით რომ განვაგრძოთ საუბარი, უნდა ვთქვა რომ იყო რამდენიმე ფილმი, რომლის ყურებაც განსაკუთრებით მსიამოვნებდა ყოველთვის და უნდა ვთქვა, რომ არსებობდნენ მსახიობები, რომელთა ეკრანზე დანახვაც მახარებდა და არ მინდოდა გამქრალიყვნენ ტელე თუ კინო ეკრანებიდან. ასეთი იყო ლეილა აბაშიძე, ასე ითვლება რომ სხვები უფრო ლამაზები არიან ლეილაზე, მაგრამ ნამდვილ, მსხვილ კინოვარსკვლავად, რომლის ყურებაც მახალისებს და მსიამოვნებს, მივიჩნევ ლეილა აბაშიძეს.

დღეს კი, ასეთი გამახალისებელი და სიხარულის მომგვრელი სახე ეკრანზე არ მაქვს, ნეტა ეს დამანახა ეკრანზე ასეთი განცდა არავის მიმართ არ მაქვს..."

საუბარს კვლავ ოდრი ჰეპბერნთან გადაღებულ ფოტოზე საუბრით ვასრულებთ. როგორც გავარკვიეთ ეს ფოტო 1992 წლით თარიღდება, გადაღებულია კინოვარსკვლავის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. კინოვარსკვლავი 1993 წლის 20 იანვარს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმავე წელს გარდაცვალების შემდეგ, "ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონიაზე მსახიობს საპატიო ჰუმანიტარული პრემია მიენიჭა.

სანამ ნუგზარ რუხაძისა და ოდრი ჰეპბერნის ფოტო მის საპატიო ადგილს დაუბრუნდება კედელზე, მასპინძელს ვთხოვეთ, რომ ჩვენი რუბრიკისთვის სამახსოვრო ფოტო გადაიღოს ოდრის სურათთან ერთად. ნუგზარ რუხაძე ამაზე სიამოვნებით გვთანხმდება და ფოტოს იღებს. იმ წუთიდან უკვე სხვა, ახალი ფოტოს ისტორია იწყება, კაცზე, რომელმაც პირადად გაიცნო ოდრი ჰეპბერნი და წლების შემდეგ კვლავ აღტაცებითა და ღიმილით იხსენებს ამ ისტორიას...

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს