სოფელ დოლოგანში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცველები ამ წუთებში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ჰქონდა თუ არა კომპანიას სამუშაოების წარმოების ლიცენზია, ქედის მერიაში არ იციან. მერის მოადგილე ამბობს, რომ უწყებისთვის უცნობია, რომელი კომპანია ასრულებდა ქვის კარიერის სამუშაოებს.
"ვინც აფეთქებდა, ისინი მიიმალნენ. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები არ ვიცით ვინ არიან... ამ დროისთვის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ბავშვი ბიძასთან იყო სტუმრად და ეზოში თამაშობდა, როცა ქვა მოხვდა",- განაცხადა ქედის მერმა როლანდ ბერიძემ.
წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯია" ახორციელებდა”, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, სამუშაოების განმახორციელებელი პირი კი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე.
"წინასწარი ინფორმაციით, ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები), ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს "სტრუიკ გრუპ ჯორჯია" ახორციელებდა. სამუშაოების წარმოების პროცესში განხორციელდა აფეთქებითი მეთოდის გამოყენება, რა დროსაც მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე.
კერძო კომპანიის მიერ ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ქვა მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლოს მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებს, რომლის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან დაბარებული. მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზა არის დანიშნული.