აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უწყების სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლებისთვის მასმედიასთან ურთიერთობის წესები გაამკაცრა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა მაღალი რანგის თანამშრომლებს მასმედიასთან ურთიერთობის წესები სამგვერდიანი დოკუმენტით შეახსენა. გეიტსი აღშფოთებულია იმით, რომ უწყებაში საკმაოდ გახშირდა ჟურნალისტებთან გაუფრთხილებელი ურთიერთობის ფაქტები. მისი თქმით, საიდუმლო ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია და თუ ასეთი რამ მოხდება, უმალ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
მინისტრი კატეგორიულად მოითხოვს, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში მის მოადგილესთან მოხდეს ყველა ინტერვიუს შეთანხმება, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენა იქონიოს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში გეიტსის თანაშემწის დუგლას უილსონის განცხადებით, პენტაგონის ახალი დოკუმენტის მიღება არ უკავშირდება მაკკრისტალის ინტერვიუსთან დაკავშირებულ სკანდალს და არ გულისხმობს "პრესისა თუ სამხედროებისთვის პირის ამოქოლვას".
მისი თქმით, მითითება ეხება პრესისთვის ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ინფორმაციის გამცემ პირებს, რომლებიც სრულად უნდა იყვნენ გარკვეული სიტუაციაში და ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.