რამდენიმე დღის წინ კინოს სახლში გაიმართა პრეზენტაცია დოკუმენტური ფილმისა, რომელიც ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელ ვლადიმერ მუჯირს ეძღვნება. "მულტიპლიკაცია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მოძრაობის საიდუმლოს", - ამბობს ფილმის რეჟისორი დიმიტრი ბუთლიაშვილი და გვიხსნის, რომ საქართველოში ეს მეცნიერება ვლადიმერ მუჯირმა დანერგა. იმხანად მულტიპლიკაციის ათვისება რვა ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის - ამერიკაში, საფრანგეთში, რუსეთში, ინგლისში, გერმანიაში და... პატარა საქართველოში.
დიმიტრი ბუთლიაშვილი, რეჟისორი:
- ქართულ მულტიპლიკაციას საფუძველი ვლადიმერ მუჯირმა ჩაუყარა. მისი წყალობით შეიქმნა ის უამრავი მულტიპლიკაციური ფილმი, რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მაყურებელს.
წელს ქართულ მულტიპლიკაციას 80 წელი შეუსრულდა, 75 წლის წინ კი შეიქმნა პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი "არგონავტები", რომლის მხატვარი ლადო გუდიაშვილი გახლდათ, ხოლო კომპოზიტორი - შალვა აზმაიფარაშვილი. მას მოჰყვა სხვა ფილმებიც. საქართველოში მულტიპლიკაციის გზა ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი.
ამიტომაც მოვიწადინეთ მულტიპლიკატორებმა და გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი "უმორჩილესად გთხოვთ", რომელიც ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელს ეძღვნება. ვლადიმერ მუჯირის მულტიპლიკაცია ფართო მაყურებლისთვის უცნობია, რადგან ის გასული საუკუნის 30-40-იან წლებში მოღვაწეობდა, მისი ფილმების ქართული ასლებიც კი არ შემორჩენილა, მხოლოდ რუსული ასლები არსებობს, ისიც - გოსკინოს არქივში. ეს იყო ახალი ხელოვნება, რომელიც ტიტანურ შრომას მოითხოვდა. ყოველი მომდევნო ფილმი წინაზე უკეთესი იყო.
მაგრამ მუჯირს არ დასცალდა, რომ დარგი აკადემიურ დონეზე აეყვანა - დაუხურეს სტუდია, რამდენჯერმე წამოწყებული ფილმი შეუჩერეს, ომის დროს კი სტუდია საერთოდ გაჩერდა. ვლადიმერ მუჯირი 22 წლისა შეუდგა ამ საქმეს და 45 წლისა გარდაიცვალა. ყველა რეჟისორი, ვინც კი მომდევნო წლებში არაჩვეულებრივი ფილმები შექმნა, ამ კაცის მოყვანილი და გაზრდილი იყო.
გიორგი ჭუმბურიძე, რეჟისორი:
- ფილმის იდეა დიმიტრი ბუთლიაშვილს ეკუთვნის. თეატრალური უნივერსიტეტის ხელშეწყობით და ჩვენი სტუდია, "არტვიჟენის" მეშვეობით დავასრულეთ ფილმი. როდესაც ამ საქმეს შევუდექი, ჩემი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ ხალხს გაეგო, ვინ იყო და რა გზა გაიარა ვლადიმერ მუჯირმა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსა და იმ ადამიანებს, ვინც მულტიპლიკაციაში მოღვაწეობს. დიდ მადლობას ვუხდი სახელმწიფო არქივს, რომელმაც უნიკალური მასალები მოგვაწოდა.
ასეთი ფილმის გადაღებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთხრობელს. ჩვენს ფილმში მთხრობელია მსახიობი ირაკლი კერვალიშვილი, რომლის ხმის არაჩვეულებრივმა ტემბრმა ბევრი რამ განსაზღვრა.
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფილმის შექმნაში ჩვენი შემოქმედებითი გუნდის წევრ დათო თოთლაძეს.
- როგორ ფიქრობთ, კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ბლოკბასტერებითა და ეროტიკული ფილმებით გაჯერებულ კინობაზარზე ვინმეს სჭირდება ასეთი ფილმები?
- ასეთი ფილმები სწორედ ახლაა საჭირო. ეროტიკულ და საშინელებათა ფილმებს შესაძლოა კონკურენცია ვერ გაუწიოს, მაგრამ რამდენიმე ადამიანს მაინც რომ დაეხმაროს და ზოგი რამ სხვა კუთხით დაანახოს, უკვე დიდ გამარჯვებად მივიჩნევთ. იმ სათნო სამყაროს, რომელსაც ანიმაციური ფილმი ჰქვია, კეთილი მარცვლის ჩაგდება შეუძლია ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაში. მით უმეტეს, რომ ქართული ფილმები ყოველთვის გამოირჩეოდა კეთილი, მხიარული და საზრიანი პერსონაჟებით.
დიმიტრი ბუთლიაშვილი:
- ერთი სიკეთე ყოველთვის გადაწონის უამრავ უკეთურობას. არსებობს ჭეშმარიტი ხელოვნებაც. ჩვენთანაც ამისთვის იქმნებოდა და დღესაც, შესაძლოა, იშვიათად, მაგრამ მაინც იქმნება კეთილი ფილმები. შესაძლოა, ჩვენი მულტიპლიკაცია ტექნიკური დონით ჩამოუვარდებოდა უცხოურ ფილმებს, მაგრამ ზნეობრივი თვალსაზრისით, გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგა.
თუ შეგიმჩნევიათ, ჩვენს ბავშვებსაც მოჰბეზრდათ აგრესიული ფილმებისა და პერსონაჟების ცქერა და უფრო კეთილი და საზრიანი, ზნეობრივი პერსონაჟებისკენ მიუწევთ გული. სამწუხაროდ, დღეს ტელევიზიები დროს თითქმის არ უთმობენ ასეთ ფილმებს, არა მარტო ქართულს, არამედ უცხოურსაც, თუნდაც დისნეისას. რაც შეიძლება ხშირად უნდა ვაჩვენოთ ბავშვებს ზნეობრივი ფილმები, სადაც საოცარი ფერები და საოცარი მუსიკაა. ეს მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
- ვიცი, რომ თქვენც იღებთ ახალ ანიმაციურ ფილმს...
- "სანოს" სტუდიის ბაზაზე იქმნება მულტფილმი, რომელზეც მალე დავასრულებთ მუშაობას. ეს იქნება ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" მიხედვით შექმნილი მულტფილმი, რომლის სათაურია "ზურიკელას ლექსები". ფილმი კლასიკურ სტილში კეთდება და, ვფიქრობ, სასიამოვნო სიურპრიზი იქნება როგორც პატარა, ასევე მოზრდილი მაყურებლისთვის.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)