ავტორი:

თბილისში მდებარე ამ სახლის სადარბაზოს რესტავრაციისას, უნიკალური რამ აღმოაჩინეს...

თბილისში მდებარე ამ სახლის სადარბაზოს რესტავრაციისას, უნიკალური რამ აღმოაჩინეს...

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ეს შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სახლი გამორჩეულია ულამაზესი ჩუქურთმებით, უნიკალური კარებით, მოზაიკური იატაკითა და ლითონის მოაჯირებით...

თაბუკაშვილის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მთაწმინდის გამგეობამ სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რა დროსაც კედელზე მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა...

ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წელიწადის დროებია გამოსახული, მეცხრამეტე საუკუნის თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

ირა გირნზბურგი, კორპუსის ბინადარი:

"ეს სადარბაზო ჩემი ძალით და ცრემლით გაკეთდა. ახლა რაც არის აღდგენილი, ზუსტად ასეთი იყო ეს სადარბაზო. მე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და მეტიც, ძველი სადარბაზოს ფოტოებიც მქონდა და იმ ფოტოების მიხედვით გეუბნებით, რომ უზადოდ აღადგინეს!

1994 წელს მოვიდნენ და გვითხრეს, რემონტს ვიწყებთო. ჩემი ბავშვებით აგარაკზე მივდიოდი დასასვენებლად და რომ დავბრუნდი სადარბაზო შეთეთრებული დამხვდა. ხუთი ფენა იყო გადასმული. დანახვისთანავე ცუდად გავხდი და ერთი კვირა მდგომარეობიდან ვერ გამოვედი...

იმის შემდეგ სულ ძველ სადარბაზოზე ვოცნებობდი. ჩვენს სადარბაზოში კარგი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ სახლთან ახლოს მაცხოვრებლები ამბობდნენ ეს სახლი სულ დასანგრევიაო. არადა არც იყო ასეთი ავარიული... ახლა უბედნიერესი ადამიანი ვარ, ოცნება რომ ამისრულდა!"

სადარბაზოს პირვანდელი სახის აღდგენასა და რესტავრაციაზე კონსერვატორ-რესტავრატორები მუშაობდნენ, მათ შორის ოლიკო ხაჩიძეც, რომელიც AMBEBI.GE-ს მკითხველს ამ სახლის და აღმოჩენის ისტორიას უამბობს:

"პირველივე დათვალიერებაზეც მკვეთრად გამოჩნდა, რომ სადარბაზო ფერწერული ფენით იყო დაფარული. ჭერი და კარნიზები ჩვენთვის მიუწვდომელი ნაწილები იყო და აღმოჩნდა, რომ იქაც ძალიან ლამაზი, ყვავილოვანი დეკორია. ამან სრულიად შეკრა და შეავსო სადარბაზოს მხატვრული მთლიანობა. არაფრით ველოდით ამ მასშტაბის მხატვრულ ფენას, რომელიც მთლიან სადარბაზოს მოიცავს.

მართალია პატარა სადარბაზოა, მაგრამ სავსებით დატვირთულია. კომპოზიციების მიხედვით წელიწადის დროებია წარმოდგენილი, მარმარილოს ეფექტები, სვეტები... რაც შეეხება ტონალობას, უფრო თბილი ფერებია - აგურისფერი, მოწითალო მარმარილო, მუქი შავი და მწვანე სვეტები. ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მხატვრობასთან კავშირშია. ოთხი კომპოზიცია ჩვენთვის ყველაზე დიდი აღმოჩენაა!

პეიზაჟი ასეთი შესრულებით და ასეთი პროფესიონალიზმით, თბილისური სადარბაზოების კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია. კიდევ ერთი საინტერესო სადარბაზო შეემატა თბილისის უნიკალურ სადარბაზოებს, რომელიც სხვა, ცნობილ სადარბაზოებს არაფრით ჩამოუვარდება!

- აღსადგენად დიდი სამუშაოები ჩატარდა?

- დიახ, მასშტაბური სამუშაო იყო... ბევრი გაუთვალისწინებელი დაზიანებები შეგვხვდა, რომელიც პირველი დათვალიერებით არ ჩანს. თანდათან ჩნდებოდა პრობლემური ადგილები. ზედა ფენა შეთეთრებული იყო და არც ისეთი ადვილი მოსახსნელი აღმოჩნდა. გარკვეულ ადგილებში ძალიან ნელი ტემპით ხდებოდა სამუშაოები, რამაც პროცესი გაწელა და შეაფერხა. დაზიანებები ძირითადად კომუნისტური პერიოდისაა და შემდეგ 1990-იან წლებში, როცა ვანდალური ფაქტები ძალიან ხშირი იყო. სადარბაზოებს არ უფრთხილდებოდნენ...

იყო ნაკაწრები, სარეკლამო აბრები ყველგან მიკრული, სხვადასხვა დაზიანებები... სადენების გაყვანისას არავინ ითვალისწინებდა, იქ რომ მხატვრობა იყო და პირდაპირ მხატვრობაზე იყო ძალიან ბევრი დაზიანება სადენების გამო. ამ სახლის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ბუნდოვნად ახსოვდათ სადარბაზო რომ ფერადი იყო.

გასაოცარია, რომ არ გაუჩნდათ სურვილი, ამდენ ხანს გახსნილიყო. კარგია ახლა რომ გამოიჩინა ინიციატივა კორპუსის თავჯდომარემ და კვლევის ჩატარება მოითხოვა... სადარბაზოს ჩვეულებრივ რემონტს აპირებდნენ, რაც სრულიად გაანადგურებდა მხატვრობას. ჩამოფხიკავდნენ კედლებს და საბოლოოდ დაიკარგებოდა ყველაფერი. კვლევის საფუძველზე, ფერები გამოჩნდა და ამის შემდეგ დაიგეგმა სარესტავრაციო სამუშაოები. ჩვენთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი სადარბაზოები, სულ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ და გადავარჩინოთ!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ