ავტორი:

"10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!" - ერთი გულშემატკივრის გრძნობები, რასაც დღეს ყველა განიცდის

"10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!" - ერთი გულშემატკივრის გრძნობები, რასაც დღეს ყველა განიცდის

ლადო გოგოლაძის ბლოგი

10 ნოემბერს დიდი რაგბია, ძალიან დიდი რაგბი!

"ბორჯღალოსნები" იტალიას სტუმრობენ. ტრადიციულად იქნება შეუპოვარი ბრძოლა. 15 ქართველი კიდევ ერთხელ ეცდება, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის დამტკიცებას. ძალიან დიდი ტვირთია, როცა 4 მილიონი ადამიანის სახელით ცდილობ მსოფლიოს შენი სიძლიერე დაუმტკიცო, მაგრამ წლებია, "ბორჯღალოსნები" ამას ახერხებენ. დარწმუნებული ვარ დღესაც მოახერხებენ!

შაბათს დიდი დღეა, ძალიან დიდი და ეს ასეა ყოველთვის, როცა მოედანზე "ბორჯღალოსნები" გადიან. კაცები, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ და ბოლოს, მიუხედავად შედეგისა, თავაწეულები ტოვებენ მოედანს! არავის ახსოვს, ერთი ქართველი მორაგბეც კი ვისაც ოდნავ მაინც დაეზოგოს თავი. როცა ეროვნული ნაკრების კვართს იცმევენ, იციან მისი ფასი და რაც მთავარია, ღირსება!

10 ნოემბერს ქართული რაგბის ისტორიაში, სრულიად ახალი ისტორია შეიძლება დაიწეროს, ისტორია, რომელიც ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.

იმუქრება იტალიის ნაკრები, საქართველოს ისე უნდა მოვუგოთ 5-6 წელი დავადუმოთო. ბევრი მუქარა გვინახავს და მოგვისმენია. ჩვენს ისტორიაში, მუქარის მეტი რაა, მაგრამ იგივე ისტორია, ბაქი-ბუქა ხალხზე გამარჯვებებითაა დახუნძლული. უამრავ სუსტ მეტოქეს შეხვედრია ჩვენი ნაკრები, მაგრამ არასოდეს დაუმცირებია მოწინააღმდეგე გუნდი. აქედანაც ჩანს, რა ღირსების მატარებელია ქართველი მორაგბის სტატუსი.

როგორც წესი, სტუმრად თამაშის დროს, ჩვენს ბიჭებს, სტადიონზე ცოტა გულშემატკივარი ჰყავთ ხოლმე, მაგრამ 10 ნოემბერს ასე არ იქნება. ფლორენციის სტადიონს 10 000-მდე ქართველი გაავსებს და ადგილიდან გაამხნევებს ჩვენს ეროვნულ გუნდს, ეს კი საოცარი მუხტია, როდესაც სტუმრადაც გყავს მეთექვსმეტე მოთამაშე!

ყველამ ვიცით როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში. მოსახლეობის უმეტესობას ეკონომიურად უჭირს. დარწმუნებული ვარ იმ 10 000-დან უმეტესობისთვის, არ იქნებოდა იოლი იმ ფულის შოვნა, რითაც ფლორენციაში წავიდა, მაგრამ მაინც მოახერხა. გუნდი ეიმედება და იმიტომ! სიხარულის მოლოდინი ყველაფერზე მეტია, "ბორჯღალოსნებთან" ერთად ჰიმნის სიმღერა ფასდაუდებელია! რა განძი შეედრება იმ სიამაყის განცდას, რომელიც მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად გეუფლება გულშემატკივარს?!

10 ნოემბერს, ერთი დღით ფლორენციის "ოკუპაციას" მოვახდენთ - სიყვარული, სიხარული და სიამაყე იქნება ჩვენი იარაღი! სხვა იარაღი არსენალში არ გვაქვს. არც გვჭირდება, რადგან იმ ომში, რომელიც სტადიონზე უნდა გაიმართოს, ეს იარაღებია ყველაზე მნიშვნელოვანი - სიყვარული მოთამაშის და მოთამაშისგან გულშემატკივარის! ერთმანეთის და ქართული დროშის დანახვის, ჰიმნის გაგონების სიხარული და სიამაყე, რომ ხარ ქართველი, ატარებ ქართულ კვართს და შენი დროშის ქვეშ იბრძვი!

მილიონობით ქართველი სახლიდან უყურებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათ ნათქვამ სიტყვებს - "მიდით ბიჭებო!"; "თქვენთან ვართ ლომებო!"; "არ შედრკეთ!"; "თქვენ გენაცვალეთ ქართველებო!"; "მიაწვაააააა" - აუცილებლად გაიგებენ და იგრძნობენ ჩვენი ბიჭები, იგრძნობენ და ყველაფერს იზამენ რომ გაგვახარონ!

ჰოდა, მიაწვააააააააააააააა!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

ფოტო: Georgian Rugby

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ