ავტორი:

მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ? - "მითხრეს, აქციაში მოხვდი და 400 ლარის გასანულებლად 200 ლარი გადაიხადეო"

მიკროსაფინანსოები 15 დეკემბრამდე ვალების ამოღებას ასწრებენ? - "მითხრეს, აქციაში მოხვდი და 400 ლარის გასანულებლად 200 ლარი გადაიხადეო"

15 დეკემბრიდან ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით, ჯამში საუბარია მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

სესხის განულება შეეხებათ ადამიანებს, რომლებსაც 2 000 ლარამდე სესხი აქვთ გამოტანილი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადახდა არ უფიქსირდებათ. როგორც პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში - "360 გრადუსი" განაცხადა, აღნიშნულის შემდეგ "მოვალეთა რეესტრი ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ გადავა და ქვეყანაში "შავი სია" აღარ იქნება". მისივე თქმით, 3 დეკემბრისთვის ცნობილი გახდება, რეალურად რა პარამეტრებზეა საუბარი.

სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება, თუმცა როგორც ჩანს იქამდე, სანამ სახელმწიფოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება და "ქართუსგან" ვალების სანაცვლოდ ფინანსური ორგანიზაციები თანხას მიიღებენ, მოქალაქეებისგან დაგროვილი ვალის ამოღებას თავად ცდილობენ.

AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მოქალაქე ნენე შარვაძე გვიამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ ვალების განულების ინიციატივა გააჟღერა, პრობლემური აქტივების ბიუროდან დაუკავშირდნენ და 5 წლის წინ აღებული სესხის განულების სანაცვლოდ, 200 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

"დამირეკეს, ჩემი სახელით და გვარით მომმართეს და მითხრეს რომ "პრივატ ბანკიდან" მიკავშირდებოდნენ (ცნობისთვის, "პრივატ ბანკი" 2016 წელს "საქართველოს ბანკმა" იყიდა). როგორც მითხრეს, მოვხვდი აქციაში და 400 ლარის განულების სანაცვლოდ თვის ბოლომდე 200 ლარის გადახდა მომთხოვეს. მითხრეს რომ ცნობასაც მომცემენ, რომ "შავ სიაში" აღარ ვარ.

დავალიანება მართლა მქონდა 5-6 წლის წინ... ვერ ვახერხებდი გადახდას, რადგან მარტოხელა დედა ვარ და თან სოციალურად დაუცველი, ამიტომ მაშინ ცნობა მიმატანინეს და ამით დაამთავრეს. ახლა გამიკვირდა, აღარც მახსოვდა ეს ბანკი თუ არსებობდა. როცა სიტუაცია ავუხსენი, მითხრეს რომ ცნობა ისევ მიმეტანა, თუმცა შემდეგ აღარ დამკავშირებიან" - აცხადებს შარვაძე.

როგორც აღმოჩნდა, ნენე შარვაძე ერთადერთი არ არის, ვისაც სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან უკავშირდებიან მსგავსი წინადადებით. როგორც ჩვენთან საუბარში რამდენიმე მოქალაქემ აღნიშნა, მათაც დაუკავშირდნენ ონლაინსესხების კომპანიებიდან, მათ შორის Kimbi-სგან და მთავრობის მიერ დაანონსებულ განულების აქციაში მოხვედრის სანაცვლოდ, თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა შეღავეთების გაკეთებას დაჰპირდნენ.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE პრობლემური აქტივების ბიუროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მესამე პირზე ინფორმაციას არ გასცემენ.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" თავმჯდომარე შოთა გულბანისთვის, მსგავსი ქმედება მოულოდნელი არ არის, რადგან მისი თქმით, შეთანხმების მიღწევამდე საფინანსო კომპანიები ცდილობენ დავალიანება საკუთარი ძალებით ამოიღონ.

"საფინანსო კომპანიები ამომღებით საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებენ. სესხის ამოღების ჩვეულებრივი პროცესია და განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. ახლა საფინანსო კომპანიებში ამაზე მსჯელობა მიდის, თუ რამდენად კარგ პირობებს სთავაზოს მთავრობა მათ. მთავრობა კი ყველანაირად ეცდება, რომ ნაკლები გადაუხადონ, "ვივუსიც" მაგიტომ არ დათანხმდა ამ შეთანხმებას.

შესაბამისად, სანამ საბოლოოდ არ შედგება საფინანსო კომპანიებთან შეთანხმება, ვალის ამოღების პროცესს 15 დეკემბრამდე ჩვეულებრივ გააგრძელებენ. მათ ინტერესშია, თავისი რესურსით რაც შეიძლება მეტი თანხა ამოიღონ" - აცხადებს გულბანი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ