ავტორი:

რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."

რომელი ქართველი დიზაინერი ჩააცმევს სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე - "17 წლის ვიყავი, როდესაც მას პირველად შევუკერე კაბა..."

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ყავს. საფრანგეთში ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი თავდაპირველად საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით მის ოპოზიციაში წავიდა და საზოგადოებას თავი მიტინგებზე დამახასიათებელი გამონათქვამებით დაამახსოვრა...

მას ყოველთვის მიიჩნევდნენ გემოვნებიან პოლიტიკოსად და სამართლიანადაც - მიდი კაბები და ქვედაბოლოები, პიჯაკები, მკვეთრი ფერები, მასიური საყურეები და აქსესუარები ზურაბიშვილს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა პოლიტიკოსი ქალებისგან. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მან მასიურ ბეჭდებსა და საყურეებზე უარი თქვა და შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა შეხვედრებზე.

AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ ზრუნავს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თავად აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის მან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.

AMBEBI.GE დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძეს ესაუბრა:

"ჩემი და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობა ამ ზაფხულს შედგა. ის ჩვენთან თაკო ჩხეიძის რეკომენდაციით მოვიდა და შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის სამოსი შეიკერა. მისმა ვაჟმა ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა, ქალბატონ სალომეს უშუალოდ ქორწილის დღისთვის კაბა შევუკერეთ, მეორე დღისთვის სამეული შევქმენით.

სასიამოვნო იყო ჩემთვის მასთან მუშაობა. ის კი არ შევქმენით რაც მას უნდოდა, ჩემი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შევარჩიეთ მისთვის შესაფერისი კოსტიუმები და შევკერეთ. დიზაინერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დროულად მოდიოდა ე.წ. "პრიმერკაზე", გემოვნებიანი და უშუალო მანდილოსანია.

- აშკარაა, რომ ნაკლებად უყვარს შავი და უფრო მკვეთრ ფერებს ანიჭებს უპირატესობას...

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან გემოვნებიანი მანდილოსანია. ქართველ ქალებს, შესაძლებლობების მიუხედავად, მაინც განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და ასეა ეს ქალბატონი სალომეს შემთხვევაშიც. ფერებს რაც შეეხება, მას საოცრად უხდება ყვითელი ფერი, როცა ჩვენს მიერ შეკერილი ყვითელი კოსტიუმი ჩაიცვა, ისე მოუხდა, ვკიოდით. ულამაზესი იყო.

ქეთი ჩხეიძის მოდელები პოდიუმზე

მას შემდეგ მასთან თანამშრომლობა აღარ მქონია, თუმცა როგორც ვიცი, ახლა უფრო აქტიურად აპირებს ქართველ დიზიანერებთან თანამშრომლობას და მე როგორც დიზაინერი, ვურჩევ, ხშირად ჩაიცვას ქართული ბრენდები, რაც ჩვენთვის კარგი იქნება. პოლიტიკა და ჩაცმა ერთად, რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა - დახვეწილი და გემოვნებიანი პრეზიდენტი გვყავს.

კიდევ ერთი დიზიანერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პირადად იცნობს, მაკა ასათიანის საყვარელი დიზაინერი, ჯაბა დიასამიძეა. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი, ჯაბა დიასამიძეც საფრანგეთში - ემიგრაციაში გაიზარდა და ერთმანეთი სწორედ იქ გაიცნეს.

დღეს ჯაბა წარმატებული ქართველი დიზაინერია, მის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ფრანგულ-ქართული ნაზავი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბაიერებს, ჟურნალისტებს და ვარსკვლავებს აღაფრთოვანებს. ჯაბა დიასამიძის სამოსი არაერთმა ცნობილმა ქალმა მოირგო, მათ შორის არის ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმა.

წლების შემდეგ, ჯაბა დიასამიძეზე კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი სალომე ზურაბიშვილმა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ინაუგურაციაზე ის სწორედ ჯაბას მიერ შექმნილი სამოსით წარსდგება ხალხის წინაშე. კაბის ბოლო დეტალები ახლა სრულდება და უფრო დაზუსტებით ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად ჯაბა დიასამიძე ესაუბრა.

- ქალბატონ სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ. ისევე როგორც მისი ოჯახი, ჩემი ოჯახიც საფრანგეთში ემიგრაციაშია და ჩვენც იქედან ვიცნობთ ერთმანეთს. მგონი 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად შევუკერე კაბა. შავი, ლამაზი კაბა იყო, მაგრამ რომელი ღონისძიებისთვის შევუკერე, არ მახსოვს. ახლა რომელ კაბასაც ვუკერავ, სიმბოლური დატვირთვა ექნება. მეამაყება, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისთვის ინაუგურაციაზე კაბას მე შევქმნი.

ჯაბა დიასამიძის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ზე

- თქვენს კოლექციაში ყოველთვის შესამჩნევია დახვეწილობა და შთამბეჭდავი დეტალები, სალომე ზურაბიშვილის კაბაც ასეთი იქნება?

- კი, ასეთი იქნება. ჩემთვის თავადაც ასეთ ენერგიას გამოყოფს და ორმაგად მსიამოვნებს მასთან მუშაობა. კაბას ახლა ვქმნით და საბოლოოდ როგორი იქნება ინაუგურაციაზე იხილავთ. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, გემოვნებიანია და სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა.

- ხშირად ახერხებს ე.წ. პრიმერკაზე მოსვლას?

- ხშირად ვერ მოდის, როგორ უნდა მოვიდეს? ამ დღეებში დასრულდება კაბაზე საბოლოო მუშაობა. პრეტენზიული არ არის და ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ